ავტორი:

საფრანგეთში მიღებული განათლება, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები და მანქანა -  ვინ არის და რა ქონებას ფლობს სალომე ქურასბედიანი, რომელსაც "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება ანდო?

საფრანგეთში მიღებული განათლება, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები და მანქანა -  ვინ არის და რა ქონებას ფლობს სალომე ქურასბედიანი, რომელსაც "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება ანდო?

ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება მმართველი პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენელს, პარლამენტარ სალომე ქურასბედიანს ანდო, რომლის თაობაზეც საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. შესაბამისად, გაჩნდა ინტერესი, ვინ არის დეპუტატი სალომე ქურასბედიანი?

სალომე საკანონმდებლო ორგანოში ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ 2023 წელს შევიდა.

  • განათლება

მომავალი პარლამენტარი 1992 5 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

2017 წელს დაასრულა ტულუზის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა, საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალობით;

2020 წელს ასევე ტულუზის უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობის კურსი.

"მოლოდინი მაქვს ძალიან კარგი, რადგან მივიღებ განათლებას საფრანგეთში, რაც შემძენს პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ კონკურსში ჩემი გამარჯვება და საფრანგეთში სწავლისთვის წასვლა, დამეხმარება წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში", - ამბობდა ის 2016 წელს ტულუზის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ის საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებულ კონკურსში "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017" გამარჯვების შემდეგ. ის ერთ-ერთი იყო 17 გამარჯვებულს შორის.

  • სამუშაო გამოცდილება

2014 წელს კორძაძის საადვოკატო ბიუროში იყო სტაჟიორი;

2014-2016 წწ. გახლდათ ა(ა)იპ "ადვოკატთა ალიანსის", იურისტი;

2014-2016 წწ. კი საადვოკატო ბიურო Legal Consulting Group-ის იურისტი;

2015 წელს დაიწყო მუშაობა იურისტად შპს -ში "მდინარაძე და ადვოკატები", იურისტი;

2016 წლიდან კი ასევე იყო შპს "ფრეგოს" იურისტი;

2023 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

  • რა ქონებს ფლობს ახალგაზრდა პარლამენტარი?

სალომე ქურასბედიანმა ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის ივნისში შეავსო. დეპუტატს ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ დედა, ელენე სიხარულიძე.

დედასთან ერთად

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ელენე სიხარულიძემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი, თბილისში სურამის ქუჩაზე, 3000 დოლარად, თუმცა შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2004 წელს გაფორმდა.

2021 წელს სალომე ქურასბედიანს სამი მიწის ნაკვეთი აჩუქეს, ორი - დაბა ლენტეხში 1370 კვ. მ და 831 კვ. მ და ერთიც ლენტეხის რაიონ სოფელ ნანარში 1800 კვ.მ;

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დეპუტატს ასევე, 2021 წელს ქალაქ რუსთავის შესასვლელში აჩუქეს. ამჯერად 900 კვ.მ;

2023 წელს კი საჩუქრად მსუბუქი ავტომანქანა Honda Accord Touring 2017 მიიღო;

დეკლარაციის შევსების დროს, პოლიტიკოსს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 600 ლარი. მიმდინარე ანგარიშზე 273 ლარი, 100 ევრო, 100 დოლარი და 104 ლარი;

სალომე ქურასბედიანს "საქართველოს ბანკში" სასესხო ვალდებულებაც აქვს - 16 543,54 ლარის ოდენობით, მისი დანაზოგი კი 10 200 ლარს შეადგენს;

დეპუტატის დედას, ელენე სიხარულიძეს საკრედიტო ბარათზე ჰქონდა 1499 ლარი, სასესხო ვალდებულება კი10 036 და 7672,77 ლარი. დანაზოგის სახით კი 10 700 დოლარი.

სალომე ქურასბედიანს საქართველოს პარლამენტის აპარატში კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე 2022 კალენდარულ თვეში ხელფასის სახით 40 240 ლარი აქვს მიღებული.

დედას, ელენე სიხარულიძეს შპს ივერია იმპექსში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე 2022 წელს - 12 000 ლარი, შპს არქ-დეკოში როგორც მთავარ ბუღალტერს, - 15 800 ლარი, შპს ნიუ-სატოდან კი 3600 ლარი დაერიცხა.

სალომე ქურასბედიანს სასესხო ხელშეკრულებით 2022 წელს აღებული აქვს ფულადი თანხა, 19 179,49. სესხის გადახდას 2025 წელს დაასრულებს.

სასესხო ხელშეკრულებით აქვს ვალი აღებული დეპუტატის დედას - 16 535 ლარი, ვალის გადახდას ასევე 2025 წელს დაასრულებს.

ელენე სიხარულიძემ 2022 წელს იმპორტით მსუბუქი ავტომანქანა 9060 დოლარად შეიძინა.

დეპუტატმა ქურასბედიანმა მშობლისგან საჩუქრის სახით 1500 ლარად ღირებული საათი მიიღო. ელენე სიხარულიძემ კი მეგობრისგან - 2500 ლარად ღირებული სამაჯური.

სალომე ქურასბედიანს გასესხებული აქვს 2700 დოლარი. დედას, ელენე სიხარულიძეს 5100 დოლარი გასესხებული თანხა უკან დაუბრუნეს.

იხილეთ ასევე: