ავტორი:

ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე

ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე

უკანასკნელ პერიოდში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებული გონიერებითა და საზრიანობით გამოირჩევა. მათ ძალიან უყვართ წიგნი და კითხვის პროცესს სულ სხვაგვარად აღიქვამენ. დიდ ყურადღებას აქცევენ წიგნის შერჩევის პროცესსაც.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროექტი „ლიბერთინსი“, რომლის ფარგლებშიც თინეიჯერი მკითხველების ჯგუფი მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალ ენაზე კითხულობს და მათი ქართულად თარგმნის შესახებ რეკომენდაციას გასცემს. შერჩეულ წიგნების კი გამომცემლობა „პალიტრა L” გამოსცემს. ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, ვინაიდან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა და გამომცემლობა "პალიტრა L" ამ მიმართულებით პირველი იყო.

გაგაცნობთ 13 წლის „ლიბერთინსელ“ ანასტასია კვარაცხელიას, რომელიც წიგნებსა და კითხვაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, ასევე გაგაცნობთ 10 წიგნს, რომელიც დღეს Gen Z-ის განსაკუთრებით უყვარს.

ანასტასია, როგორ არჩევთ ლიტერატურას, რომელსაც კითხულობთ?

ვცდილობ, ვიკითხო ყველაფერი, მათ შორის: საბავშვო, საყმაწვილო თუ მოზარდთა ლიტერატურა, თანამედროვე თუ კლასიკა. ვითვალისწინებ მეგობრების, მასწავლებლების და უცხო ადამიანების რეკომენდაციებსაც. რას წავიკითხავ დიდწილად ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. მოტივაცია დაკარგული არამხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. თუ სევდიანი ან განაწყენებული ვარ, საბავშვო წიგნები მეხმარება. ამასთანავე, არის ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის აუცილებლობას ვხედავ ზოგადი აზროვნებისა და ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის და იმ ნაწარმოებებსაც სიამოვნებით ვეცნობი. ჩემი აზრით, როცა საქმე ხელოვნებას, განსაკუთრებით კი - ლიტერატურას ეხება, არ არსებობს ჩარჩოები და წესები, მთავარია მისი შეცნობის პროცესი იყოს სასიამოვნო და სარგებლიანი. კარგი წიგნი არც დასრულების შემდეგ გტოვებს და არც დიდი დროის გასვლის შემდეგ. სწორედ ასეთი წიგნების ძიებაში ვარ - ბევრი ემოციით, დიდი შინაარსითა და ადამიანური ამბებით დატვირთულის.

რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

არ მაქვს კონკრეტული, გამორჩეული ჟანრი. ძირითადად, განსხვავებული სტილის ლიტერატურას ვეცნობი. ამის მიუხედავად, ძალიან მიყვარს ფენტეზი. ჩემთვის სხვა სამყაროების შეცნობა ძალიან სასიამოვნოა. ფენტეზის ჟანრისთვის დამახასიათებელი აქტიური და მრავალფეროვანი სიუჟეტი არასდროს მბეზრდება. თანაც, ადამიანების მიერ გამოგონილი სამყაროები, ხშირად ირეკლავს რეალურ ან ავტორის შინაგან სამყაროს. ამ სამყაროების სხვა თვალით დანახვა კი, ხშირად, ხელოვნების ძირითადი მიზანია. ასევე, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ საბავშვო წიგნებს. მწერლები ბავშვებს განსაკუთრებულად ლამაზად და განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით სიბრძნეს გადასცემენ ხოლმე. ასეთ ნაწარმოებებში, მარტივ სიმშვიდესა და თავისუფლებაში, ხშირად იმალება მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც ადამიანებს მოგვიანებით, გაზრდისას ავიწყდებათ. ამიტომ მჯერა, რომ საბავშვო ლიტერატურას ბავშვებზე მეტად უფროსები უნდა აქცევდნენ ყურადღებას.

თქვენი აზრით, რატომ არის წიგნის კითხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი?

წიგნების კითხვა ადამიანს ეხმარება შეიმეცნოს ხელოვნება, ეხმარება სხვა თვალით შეხედოს საკუთარ და სხვების ცხოვრებას, მოირგოს სხვისი კანი, გამოსცადოს სხვისი ისტორია. ასევე, ეხმარება შეუმჩნევლის დანახვაში, მოსაზრების ჩამოყალიბებასა და ზოგადად აზროვნებაში. ლიტერატურასთან ურთიერთობა უფრო შემოქმედებითად და ემპათიურებად გვაქცევს. ადამიანებს ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ ესმოდეთ ჩვენი და მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ არავის ესმის, არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც გადიან იმავე გზას. თუ გაგვიმართლებს და მათ შევხვდებით, გვეცოდინება, რომ მარტო არ ვართ, რომ ვიღაცას ჩვენი ესმის. ჩემი აზრით, ეს გრძნობა ორმხრივია, მკითხველიც და ავტორიც, საკუთარ რეალობას ეძებს და აქარგავს წიგნში, ერთსა და იმავე ამბავს კი განსხვავებული ადამიანები სხვადასხვაგვარად იგებენ. სწორედ საკუთარი თავის მუდმივი ძიების გზაზე დაგვყვება ლიტერატურა.

თქვენი აზრით, რამდენად კარგი და ინტენსიური მკითხველები არიან თქვენი თაობის წარმომადგენლები?

ვფიქრობ, ლიტერატურის სიყვარული ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნების კითხვა. დღევანდელ დროში, როცა ინტერნეტი გართობის უამრავ გზას გვთავაზობს, წიგნები ერთადერთი ან მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთი თავშესაქცევი აღარ არის. ამისდა მიუხედავად, ჩემი თანატოლები კითხულობენ წიგნებს, ეცნობიან სხვადასხვა სამყაროს და ლიტერატურის მეშვეობით ვითარდებიან. სოციალური ქსელები მკითხველებს ეხმარება წიგნების სიყვარული გაავრცელონ თანატოლებში, დააინტერესონ ისინი და მოუწოდონ კითხვისკენ. ამავდროულად, თინეიჯერული ლიტერატურის სიმრავლე მოზარდებს ხელს უწყობს კითხვის შეყვარებასა და გათავისებაში.

გაგვიზიარეთ თქვენი რჩეული ტოპ 10 წიგნი, რომელსაც დღეს ახალგაზრდა თაობა კითხულობს

„ჩრდილი და ძვალი“ - თანამედროვე ფენტეზის მწერლის, ლი ბარდუგოს ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობს „ბუქტოკზე“. ასევე არსებობს მასზე დაფუძნებული, ძალიან კარგი სერიალიც. წიგნი საინტერესო სიუჟეტით და პერსონაჟებით გამოირჩევა.

„მკვლელობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის“ - ასევე ძალიან ცნობილი წიგნი „ბუქტოკზე“, დეტექტიურ ჟანრში, წიგნზე დაფუძნებული სერიალი 2024 წლის ივლისში გამოდის.

„ანე ფრანკის დღიური“ – „ანე ფრანკის დღიურს“ არა მარტო ჩემი თაობა, არამედ მთელი მსოფლიო კითხულობს. ამ წიგნმა ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, ბევრი საკითხი სხვა თვალით დამანახა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა იცნობდეს ამ ნაწარმოებს.

„მარგალიტები“ – ეს თანამედროვე ქართული წიგნია. ნაწარმოები მოგვითხრობს 90-იანი წლების საქართველოზე. წიგნს კი ისინიც სიამოვნებით კითხულობენ, ვინც ეს პერიოდი გამოიარა და ისინიც, ვისაც არ გამოუვლია.

„პატარა ქალები“ - მიუხედავად იმისა, რომ „პატარა ქალები“ მე-19 საუკუნეში გამოიცა, ნაწარმოები ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან მრავლისმთქმელი და საყვარელია. ჩემთვისაც, ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი.

„ეკლებისა და ვარდების სამეფო“ - წიგნი ფენტეზის ჟანრში, ასევე ძალიან პოპულარული „ბუქტოკზე“ და ქართველ მოზარდებშიც.

„ბოლოს ორივე კვდება“ - ადამ სილვერას ამ ცნობილმა რომანმა უცხოურ “ბუქტოკსა“ და ქართველ მოზარდებში დიდი აღიარება მოიპოვა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სამყაროა დახატული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია გადმოცემული.

„წიგნის ქურდი“ – წიგნი მეორე მსოფლიო ომის ისტორიას გვიყვება, თანაც სიკვდილის თვალთახედვით. ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ძალიან ბევრი ემოცია აღძრა ჩემში.

„ორი ნაბიჯი შენამდე“ - ძალიან საინტერესო და ემოციური რომანია. წიგნზე დაფუძნებული ფილმიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს

„საგიჟეთი“ - საშინელებათა ჯანრის თანამედროვე წიგნი, რომელიც, ვფიქრობ, ჩემი თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

R