ავტორი:

პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია

პაციენტის ვიზიტი 68 წლის რუს ექიმს ძვირად უჯდება - გახმაურებული საქმე, სადაც მთავარი მოწმე უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივია

რუსეთში 68 წლის პედიატრს, ნადეჟდა ბუანოვას ასამართლებენ. ქალს ბრალი რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.

სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის თებერვალში ექიმთან რუტინული ვიზიტის შემდეგ დაიწყო. პოლიციაში განცხადება პედიატრის წინააღმდეგ 7 წლის პაციენტის დედამ, ანასტასია აკინშინამ დაწერა. ქალის თქმით, ექიმმა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ბავშვის მამა უკრაინის ომში გარდაიცვალა, უთხრა, რომ მისი ქმარი "უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე" იყო.

აკინშინამ ხაზი გაუსვა ბუანოვას უკრაინული წარმომავლობას, რის შემდეგაც პედიატრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს.

მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მედიცინა...

პედიატრის ძმის შვილი ოქსანა ბუანოვა, BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ის და მისი დეიდა ლვოვიდან არიან. თავად საბჭოთა კავშირის პერიოდში ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მშობლიურ უკრაინაში მხოლოდ შვებულების დროს ჩადიოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი დეიდასთან ერთად ცხოვრობდა.

”შრომისმოყვარეა, მთელი ცხოვრება მუშაობს, მას შეეძლო პენსიაზე გასვლა, მაგრამ ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მედიცინა.“ - ამბობს დისშვილი. ბუიანოვა უკვე 68 წლისაა, მაგრამ პენსიაზე გასვლას არ აპირებდა.

ოქსანა ბუანოვა რამდენიმე წელია რაც კიევში დაბრუნდა, მაგრამ დეიდასთან აგრძელებდა ურთიერთობას. 2023 წლის აპრილში ოქსანა პოლონეთისა და ლიეტუვას გავლით დეიდასთან ჩავიდა, ორი დღე გზაში იყო. "FSB-მ საზღვარზე გამჩხრიკა, საათნახევარი დამტოვა ოფისში, შეამოწმეს ჩემი მობილური, მკითხეს, მქონდა თუ არა გამოცდილება სამხედრო ოპერაციებში,” - ამბობს ქალი.

მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ოქსანა დეიდას არ დალაპარაკებია.

"სად უნდა ვუჩივლო ამ ნაძირალას?"

ამბავი თებერვალში დაიწყო, როდესაც ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა 34 წლის ქალის ვიდეო, სადაც ტირილით ჰყვებოდა, რომ მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის პედიატრმა მის ქმარს უკრაინის კანონიერი სამიზნე უწოდა. ვიდეოს დასასრულს რჩევას ითხოვდა: „სად უნდა ვუჩივლო ამ ნაძირალას, რომ ქვეყნიდან გააგდონ?“

ერთი დღის შემდეგ, ანასტასიამ კიდევ ერთი ვიდეო გადაიღო და მადლობა გადაუხადა ტელეგრამ არხს მისი ვიდეოს გამოქვეყნებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ მას უკვე დაუკავშირდნენ და დაჰპირდნენ, რომ პედიატრს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

„თავიდან თანამიგრძნობდა როდესაც გაიგო, რომ მეუღლე გარდაცვლილი მყავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჩემი ყოფილი ქმარი და ჩემი შვილების მამა ომში დაიღუპა, მითხრა, რომ ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო მოსამსახურეები, არიან უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე და რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში კლავენ მშვიდობიანი მოსახლეობას.“ - ჰყვება ვიდეოში პედიატრთან დიალოგს.

ფოტოზე ანასტასია აკიშინა

შესაბამისმა სამსახურებმა ვიდეოს მყისიერად უპასუხეს. 1 თებერვალს პედიატრი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე დღეს კი მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. უფრო მეტიც, მოხუცი ქალი ღამით წაიყვანეს დაკითხვაზე და დილის 5 საათზე გაათავისუფლეს. შუადღეს კი სასამართლო პროცესი გაიმართა.

თავდაპირველად ბუინოვას აეკრძალა მუშაობა და ტელეფონის გამოყენება. თუმცა საკუთარ სახლში ცხოვრობდა და ყველგან შეეძლო გასვლა. ახლა ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავების მიზეზი ნათესავების სანახავად მეზობელ ქალაქში სტუმრობა გახდა, რაც გამოძიებამ გაქცევის მცდელობად მიიჩნია.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ომზე პაციენტის დედასთან საერთოდ არ უსაუბრია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა წაიკითხა ნადეჟდა ბუიანოვას ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონში არსებული მიმოწერები. ერთ-ერთ მათგანში ბუიანოვა თითქოს წერს: ”მე ვღელავ კიევზე! დიდება უკრაინას, სიკვდილი რაშისტებს“. დაბადების დღის ერთ-ერთ მილოცვაზე კი თითქოს უპასუხებს: „გმადლობთ! ვუსურვებ უკრაინას და მის ყველა მცხოვრებს გამარჯვებას მტერზე, დიდება უკრაინას!“

ბინის ჩხრეკისას გადაღებული კადრი

ადვოკატი ოსკარ ჩერჯიევი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს ასეთი შეტყობინებები არ დაუწერია. გარდა ამისა, ნადეჟდას სახლი ადვოკატის გარეშე გაჩხრიკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული.

ორი ქალი, ორი უბედურება

ბუიანოვას დისშვილი ოქსანა ამბობს, რომ დეიდა ომს ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. ”მისთვის ეს პირად ტრაგედიას ჰგავს. დეპრესიის ნიშნები ეტყობოდა, ტიროდა, იტანჯებოდა ამ ყველაფრის გამო.“

ოქსანას თქმით, ბუიანოვამ 2023 წელს სცადა უკრაინაში წასვლა - მას სურდა ნათესავების ნახვა. მაგრამ ქალს რუსული პასპორტი აქვს და ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში ვიზის მიღება უკიდურესად რთულია. ნადეჟდას ვიზა არ მისცეს.

პროკურატურის მთავარი მოწმეს, ანასტასია აკინშინას რუსული მედია SVO-ს ქვრივს უწოდებს.

თუმცა, ქალი ქმარს ანტონ სესლავინსკის სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე, 2020 წელს დაშორდა. ისინი ოფიციალურად განქორწინებულები არიან. უცნობია მონაწილეობდა თუ არა სესლავინსკი შვილების აღზრდაში. მაგრამ ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარში აკინშინამ სარჩელი შეიტანა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ, მისგან ალიმენტის დანიშვნას ითხოვდა.

აკინშინა და სესლავინსკი ქორწილის დღეს

ანასტასიამ წაშალა თავისი გვერდი რუსულ არხ VKontakte-ზე, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მოასწრეს და შეინახეს რამდენიმე პოსტის სკრინშოტი, რომელიც მის გარდაცვლილ ქმარს ეხება: ”ხელი მოაწერა კონტრაქტს, 2023 წლის 12 აგვისტოს წაიყვანეს, კლეშჩეევკას მიმართულებით. ტრენინგის და მომზადების გარეშე.17 აგვისტოს შემდეგ, მასთან კომუნიკაცია შეწყდა“ - წერს ანასტასია.

VKontakte-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ანასტასიამ ქმრის პოვნაში დახმარება ითხოვა. „მე აღარ ვენდობი თავდაცვის სამინისტროს“, - წერს ის და ამბობს, რომ ყოველ კვირას რეკავდა, მაგრამ მხოლოდ ნოემბერში აღიარეს, რომ მისი ყოფილი ქმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აკინშინამ უარი თქვა BBC-სთან ინტერვიუზე. მისი თქმით, მის ოჯახს ემუქრებიან.

ადვოკატი ჩერჯიევი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც პედიატრი ამჟამად იმყოფება, ერთ საკანში 30-ზე მეტი ადამიანია. მათ ხშირად უწევთ საწოლზე მორიგეობით დაძინება. უფლებადამცველები და აქტივისტები მისთვის შემოწირულებებს აგროვებენ. 68 წლის ქალს მოსკოვში ნათესავები არ ჰყავს. ძმის შვილს, ოქსანას სურდა კიევიდან მოსკოვში ჩასვლა და პატიმრისთვის ამანათის შეგზავნა, მაგრამ აღიარებს, რომ ახლა რუსეთში ჩასვლის ეშინია.