ავტორი:

რას შეიძენთ 50 ლარის ფარგლებში წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

რას შეიძენთ 50 ლარის ფარგლებში წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

2024 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი გაიმართება. მე-11 და მე-6 პავილიონებში წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა გამომცემლობები. მე-11 პავილიონში დაგხვდებათ ქართველი და უცხოელი გამომცემლების სტენდები, მე-6 პავილიონი კი საბავშვო წიგნებსა და საბავშვო აქსესუარებს დაეთმობა.

ტრადიციულად, საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებს გამომცემლობა „პალიტრა L”. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით, შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. „პალიტრა L” ფესტივალზე მისულ სტუმრებს ახალ სერიებსა და წიგნებს შესთავაზებს.

მაგალითად: „იკითხე ქართული XXI“, რომელიც მკითხველს თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენაში დაეხმარება; „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომლის პირველი ხუთეული უკვე ხელმისაწვდომია.

მოდით, ვნახოთ, რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ 50 ლარის ფარგლებში „პალიტრა L”-ის სტენდთან:

451° ფარენჰეიტით - რეი ბრედბერი

48-ე ტომი სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“. რომანის "451° ფარენჰეიტით" უჩვეულო სიუჟეტი აქვს. ამ ტემპერატურას ქაღალდი ვერ უძლებს - აალდება. შემზარავი გამხდარა ტექნიკური აღმასვლა ყოფილი მეხანძრის ქალაქში. აქ ვეტო დასდებია წიგნს, რომელიც საზოგადოების უბოროტეს მტრად უქცევიათ...

1984 - ჯორჯ ორუელი

23-ე ტომი სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო ავტომატებად იქცევიან. "1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან.

ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით - ანე ფრანკი

ეს გახლავთ პირველი წიგნი სერიიდან: „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“. 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მინისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი“ 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

მთელი ჩემი რისხვა - საბა ტაჰირი

წიგნი „ლიბერთინსის“ სერიიდან. ლაჰორი, პაკისტანი, მაშინ მისმა, მეოცნებე და გონიერი გოგონა, რომელიც გარიგებით გათხოვდა, ახალ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ აიძულა ქმართან ერთად ამერიკაში გადახვეწილიყო, სადაც მოტელი გახსნეს იმის იმედით, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ, მაგრამ სამშობლოს მოწყვეტილ ოჯახს თურმე უფრო დიდი უბედურება ელოდა. ჯუნიპერი, კალიფორნია, ახლა სალაჰუდინი და ნური მეგობრებზე მეტი არიან - კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქში, სადაც თანატოლები აბუჩად იგდებენ ეროვნებისა და მრწამსის გამო, იმედად მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ... სანამ მოულოდნელად ბიჭის სასოწარკვეთილების გამო ჩადენილი დანაშაული არ დააშორებთ. და დადგა დღე, როცა ერთმანეთს უნდა ჰკითხონ, რამდენად ღირს მათი მეგობრობა და სიყვარული, რათა წარსულის ყველა უბედურება, გულისტკივილი წარსულსავე ჩააბარონ და წინ წავიდნენ, მომავლისკენ.

მხევლის წიგნი - მარგარეტ ეტვუდი

მეორე წიგნი სერიიდან „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“. ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავებული იქნება“, უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... მხოლოდ რეპროდუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.

წიგნის ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, „პალიტრა L-ის“ სტენდთან შეხვდნენ თანამედროვე ქართველ ავტორებს, დაუსვან კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

R