ავტორი:

ულამაზესი აფხაზი ბლოგერის ლაქშერული ცხოვრება მოსკოვში, ბიზნესმენი მეუღლე და მოგონებები ომზე - ვინ არის ასმათ ჩხოტუა, რომლის გამომწერებში ბევრი ცნობილი ქართველია

ულამაზესი აფხაზი ბლოგერის ლაქშერული ცხოვრება მოსკოვში, ბიზნესმენი მეუღლე და მოგონებები ომზე - ვინ არის ასმათ ჩხოტუა, რომლის გამომწერებში ბევრი ცნობილი ქართველია

ასმათ ჩხოტუა 172 ათასი გამომწერით მოდის გავლენიანი ბლოგერია. წარმოშობით აფხაზეთიდან არის. ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა ბობი ბრაუნი, კარტიე და ტიფანი.

ორი შვილის დედა მხოლოდ ლუქს ბრენდებთან არ თანამშრომლობს. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო კონტრაქტების მიუხედავად, ის ახალ და პატარა ბრენდებსაც არ ეუბნება უარს თანამშრომლობაზე. ასმათ ჩხოტუა მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და მის გამომწერებში ცნობილ ქართველ ვარსკვლავებსაც ნახავთ.

ასმათი შედის ყველაზე ლამაზი აფხაზი ქალების ათეულში, სადაც მის გარდა არიან: ამინა კაპში, ლაურა ჟუღელია, საბინა ბებია, მანიცა ხაშბა, ხიბლა გერზმავა, ნიკოლ ლაზბა, რამინა ზადეი, საბინა ნანბა, მილანა დელბა.

აფხაზეთზე...

- აფხაზური ოჯახი რაღაც ურყევი, ძლიერი, მრავალრიცხოვანი და ძალიან ხმაურიანია. მე თვითონ მყავს ორი ტყუპი ძმა და და, ეს დიდი ბედნიერებაა. მადლობა ჩვენს მშობლებს თავდადებისთვის, რომ ერთმანეთი გვყავს. აფხაზური სახლების კარი არასოდეს იკეტება. დიახ, ეს ასეა ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით. სტუმრებს ვიღებთ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.

დაივიწყეთ სტერეოტიპი, რომ იტალიური ოჯახები ძალიან ხმაურიანები არიან, თქვენ უბრალოდ არ ყოფილხართ ჩვენს ოჯახურ შეკრებებზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლო, ჩემს შვილებს ვასწავლო უფროსებისადმი პატივისცემა, აღტაცება მათი დამსახურებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით. ჩვენთვის ჩვეულებრივი წესია ფეხზე ადგე, როდესაც ოთახში შენზე უფროსი ადამიანი შემოდის.

რუსეთში ხშირად უკვირთ, როდესაც ამ დროს ფეხზე ვდგები, მაგრამ ამას განზრახ ვაკეთებ, რადგან ეს ჩემი კულტურის ნაწილია და ამ უნებლიე მოძრაობის მიღმა ბევრად ღირებული რამ იმალება. დარწმუნებული ვარ, რომ მშობლიური ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია შენი კულტურის დახვეწილობის შეგრძნება და გაგება, ამიტომ ჩემთვის ახლა უპირველესი ამოცანაა ჩემმა შვილებმა აფხაზური ენა იცოდნენ. მართალია, ვაღიარებ, სამშობლოსგან შორს ამის გაკეთება გაცილებით რთულია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ბავშვის აღზრდა ადვილია!

ბავშვობა

- ჩემი ბავშვობა ომისშემდგომ პერიოდს დაემთხვა. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებმაც როგორღაც შეძლეს, გაგვზარდეს, განათლება მოგვცეს და არაფერი დაგვაკლეს. დღესაც მძიმედ იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ლოცულობდნენ, რომ მათ თავზე მფრინავი ბომბები შვილებს ასცდენოდათ.

აფხაზეთში, თინეიჯერობის ასაკში...

რამდენი შვილი დარჩა მაშინ მამის ან უფროსი ძმის გარეშე? ამაზე ცრემლების გარეშე ლაპარაკი არ შემიძლია, თუმცა მე თვითონ არ მახსოვს ეს წლები, მხოლოდ ორი თვის ვიყავი. ეს არის ტრაგედია და ამის ხსოვნა ჩვენს სისხლშია. ასე რომ, ბედნიერი ბავშვობა არის ბავშვობა ომის გარეშე სამყაროში, როდესაც შენთან არიან ჯანმრთელი მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ დატკბნენ შვილებთან კომუნიკაციით.

საქართველოზე...

2022 წელს ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ასმათ ჩხოტუა საქართველოზე წერს.

- ვიცი, რომ ძნელია ფხიზელი გონება შეინარჩუნო, როდესაც შენი ახლობლები დაიღუპნენ დამოუკიდებლობისთვის ან შენ სამუდამოდ დევნილად იქეცი, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა გმირების ღვაწლი დავაფასოთ.

შეეცადეთ შეხედოთ ერთმანეთს როგორც ადამიანებმა, ჩამოგლიჯეთ სიძულვილის ფარდა, შეხედეთ ერთმანეთს თვალებში და დაიწყეთ დიალოგი. ჩაეხუტეთ ერთმანეთს, თანაუგრძნოთ და ერთად ვიტიროთ.

ქართველებსაც და აფხაზებსაც ესმით, რომ გაყინული კონფლიქტი არის ტვირთი, რომელიც ანელებს ორივე ქვეყნის განვითარებას. ახლა, 30 წლის შემდეგ, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენ სხვადასხვა გზას ვირჩევთ. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ისწრაფვის, მაგრამ ამისთვის ჩვენთან კონფლიქტის მოგვარებაა საჭირო. აფხაზეთს სურს იყოს დამოუკიდებელი მეზობელთან შეერთების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ აქ არის ზრდის წერტილი, საერთო ინტერესი.

ჩვენ, როგორც მაშინ, ისევ და ისევ ვუგზავნით თხოვნას განიხილონ ჩვენი მომავალი ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რომელშიც ჩვენ აღიარებულნი ვართ კონფლიქტის მხარედ. ასევე ორივეს გვესმის, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი არ არის მომგებიანი რუსული მხარისთვის. დამიჯერეთ, აქ არავის აქვს რუსეთის ინტერესების ილუზია. გეოპოლიტიკურად ასე მოხდა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენ მანევრირებას ვახდენდით ორ ცეცხლს შუა, ვცდილობდით დაგვეცვა თავი. ჩვენ ვერ ვიქნებით ერთი სახელმწიფო საქართველოსთან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრული მეზობლები, თუ ვიპოვით ძალას, გადახედოთ წარსულს.

კიდევ ერთ პოსტში ასმათ ჩხოტუა წერს:

- მე მაქვს ორი სამშობლო - აფხაზეთი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, რუსეთი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ვზრდი შვილებს და ვვითარდები. არ მახსოვს ქართულ-აფხაზური ომი, რომლის დროსაც მე და ჩემი და დავიბადეთ. მაგრამ ჩემი ბავშვობა დანგრეულ ქვეყანაში გავატარე. ქვეყანაში, სადაც ქალები მრავალი წლის განმავლობაში გლოვობდნენ დაკარგულ ვაჟებს, ძმებსა და ქმრებს.

ოჯახზე

- პირველ შვილზე ორსულობისას, სქესი ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო იყო, რასაც ჩემს მეუღლეზე ვერ ვიტყვი. ალბათ ასეა წყვილების უმეტესობაში – მამაკაცებს სჯერათ, რომ მათი პირველი შვილი ბიჭი იქნება და მზად არიან იკამათონ ექოსკოპიის დროსაც კი. ძალიან გამიჭირდა საკუთარი თავის დედად წარმოდგენა, ვიცოდი, რომ ყველაფერი თავისთავად მოვიდოდა, როგორც კი ხელში დავიჭერდი. მშვიდი დედა ვარ. ლეონი ბიჭია ნამდვილი აფხაზი კაცის ხასიათით - მომთხოვნი და ჯიუტი. მაგრამ მე და ჩემი ქმარი თავდაცვის მდგომარეობაში ვართ და ყოველთვის მის ასაკს ვითვალისწინებთ.

ასმათ ჩხოტუა მეუღლესთან ერთად, ქორწილის დღეს

22 წლის ასაკში იქორწინა და მომავალი მეუღლე აფხაზეთში საერთო მეგობრების წრეში გაიცნო, ამბობს, რომ ისიც აფხაზია. ასევე, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიზნესმენია, თუმცა მეუღლის სახელისა და გვარის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.