დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით გაათავისუფლებს.
"ევან გერშკოვიჩს, Wall Street Journal-ის რეპორტიორს, რომელიც რუსეთის მიერ არის დაკავებული, არჩევნების შემდეგ თითქმის მაშინვე გაათავისუფლებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იქამდე, სანამ თანამდებობას დავიკავებ. ის სახლში, უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იქნება“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამას ჩემთვის გააკეთებს, მაგრამ სხვა არავისთვის და ჩვენ არაფერს გადავიხდით“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.