ავტორი:

საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვიდან ისევ აქებენ - ამჯერად ხოტბა კალაძემ დაიმსახურა: "ის ნამდვილი პატრიოტი და რეალისტია"

საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვიდან ისევ აქებენ - ამჯერად ხოტბა კალაძემ დაიმსახურა: "ის ნამდვილი პატრიოტი და რეალისტია"

მოსკოვმა მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე შეაქო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კალაძემ დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე "მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"თუ ვინმეს სურს "მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს ბალტიის ქვეყნებია... გახსენით "მეორე ფრონტი“ თქვენს ქვეყანაში და დატოვეთ საქართველო მარტო,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

"კალაძე ნამდვილი პატრიოტი და რეალისტია", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა სერგეი ცეკოვმა. მისი თქმით, კალაძის პოზიცია "პატრიოტული და რეალისტურია“. ის აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიტიკოსი, ისევე როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაური ვიქტო ორბანი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფაცო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მხოლოდ საკუთარი ხალხით არის დაინტერესებული.

”ძალიან გონივრული, სწორი განცხადება. კარგია, რომ გონიერი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ საქართველოში", - განაცხადა ცეკოვმა.

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს საქართველო "აგენტების კანონის" გაწვევაში დაარწმუნოს:

"ეს კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამა თუ იმ გზით იღებენ თანხებს უცხო სახელმწიფოებიდან. ქვეყნის სურვილია გაიგოს ამა თუ იმ ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, უბრალოდ ქვეყნის მოქალაქის ურთიერთობა გარე სამყაროსთან. ამაში არაბუნებრივი არაფერია. უსირცხვილოდ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს დააწესოს თავისი აზრი და პირდაპირ იმუქრება, რომ "თუ კანონს მიიღებთ, ვერასოდეს შეუერთდებით ევროკავშირს“, - თქვა კარასინმა.

რუს პოლიტიკოსებს არაერთხელ გამოუხატავთ მხარდაჭერა ქართული ოცნების ინიციატივების მიმართ. ზოგიერთი ექსპერტი და ქართველი ოპოზიციონერი, ისევე როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას "პრორუსულს“ უწოდებს.