ავტორი:

რატომ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში, სამგლოვიარო ცერემონიაზე?

რატომ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში, სამგლოვიარო ცერემონიაზე?

22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში მივიდა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

  • ირანში ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრს წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ვიზიტს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ოპოზიციის შეფასებით, კი ეს იყო დემარში პარტნიორების წინააღმდეგ, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი დემოკრატიას და დასავლეთს.

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა თეირანის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩვენ ვხედავთ კობახიძის საგარეო მოძრაობების ტრაექტორიას (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი), საიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები: მაღალი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ კულისებში უკვე მისცა თანხმობა “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე. ეს არის ის შუალედური ალტერნატივა, რომლის გავლითაც ტრანზიტულად დააბრუნებენ ქვეყანას რუსეთის იმპერიაში. იმისათვის, რომ გეგმის რეალიზაცია საჯაროდ დაიწყონ, უნდა მიიღონ კონსტიტუციური უმრავლესობა, რათა ამოიღონ კონსტიტუციიდან 78 მუხლი.

რაც შეეხება "3+3" ფორმატს - ეს ფორმატი რუსეთისთვის არის სტრატეგიული გეგმის მხოლოდ პირველი ეტაპი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაიწყება მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნილი ვითარების მოდელირება, როდესაც “ერთმორწმუნე რუსეთში” დაგვანახეს ხსნა ოსმალეთის და სპარსეთისგან და ტრაქტატზე მოვაწერეთ ხელი. ახლაც ასე დადგება საკითხი - დასავლეთისგან “მიტოვებულებს” რა გვირჩევნია - 3+3 ფორმატი თურქეთის, ირანის და რუსეთის ერთობლივი გავლენით, თუ “ერთმორწმუნე” რუსეთის ერთპიროვნული ქოლგა. ანუ ისტორიის ფინალი მაღალი ალბათობით ტრაქტატი-2-ზე ხელმოწერაა".…

  • საქართველოს ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ღიად გამოაცხადა კონფრონტაცია დასავლეთთან.

"საერთოდ, საქართველო-ირანის ურთიერთობები ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკა ირანის მიმართ გარკვეული ნიუანსებით განსხვავდებოდა იმისგან, თუ რა ურთიერთობები ჰქონდათ ამ ქვეყანასთან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მაგ. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც შემოვიღეთ უვიზო მიმოსვლა, წავახალისეთ ირანელი მოქალაქეების ვიზიტები, ინვესტიციები და ა.შ. მაგრამ დღეს ვართ იმისგან განსხვავებულ ვითარებაში, რაც იყო სადღაც 15-20 წლის წინ - დღეს ირანი პრაქტიკულად არის ომის მდგომარეობაში უკრაინასთან, მისი იარაღით ნადგურდება უკრაინის ქალაქები და ხდება მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები. ირანი თავისი მოკავშირეების - ჰამასის მეშვეობით აწარმოებს ომს ისრაელის წინააღმდეგ და ამ ორივე გამწვავებაზე პასუხისმგებელი, პრაქტიკულად, გარდაცვლილი პრეზიდენტი რაისია.

ირანი არასდროს ყოფილა მაინც და მაინც მშვიდობისმყოფელი, 1979 წლიდან ის გარიყულია დასავლური სამყაროს მიერ, მაგრამ ამგვარ აგრესიაზე ის ხშირად არ მიდიოდა. საქართველოს შეიძლება ჰქონდეს თავისი განსხვავებული ინტერესი და ურთიერთობები ირანთან, ის ჩვენი უშუალო მეზობელია, მაგრამ დიპლომატიური გზებითაც შეიძლებოდა გარკვეული სამძიმრის დადასტურება, მაგრამ არა მთავრობის მეთაურის დონეზე (რომელიც ჯერ საელჩოში მივიდა და იქ დაწერა სამგლოვიარო სამძიმარი და შემდეგ გამოცხადდა ადგილზე და მსოფლიოს სხვადასხვა დიქტატორებთან და ტერორისტებთან ერთად რიგში ჩადგა პატივისცემის დასადასტურებლად). ეს ჩემი აზრით, გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად, ღიად გამოაცხადა კონფრონტაცია დასავლეთთან და თუ გავითვალისწინებთ მთავრობის მიერ გუშინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას, ეს უკვე ომის გამოცხადებაა, უბრალო დაპირისპირება - არა. ამ თვალსაზრისით ძალზე სავალალოდ გამოიყურება ეს არჩევანი - რუსეთი, ჩინეთი და ირანი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, მის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, რაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იქნება. 3+3 ფორმატს რაც შეეხება, არ მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი რაიმეს დათანხმდნენ. აქამდე რომ ამაზე თავს იკავებდნენ, მივესალმები, ეს იქნებოდა სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესის ღალატი, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს მარტო დატოვებას რუსეთთან და კიდევ ორ ყოფილ იმპერიასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ამათგან უკვე აღარაფერი გამიკვირდება.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონოდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი განაცხადი იყო იმისა, რომ საქართველო მზად არის, რაღაცნაირად "3+3" ფორმატში ჩაერთოს.

"ირანი მაინც მეზობელი სახელმწიფოა და საკითხი გარდაცვლილი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პატივის მიგებას თუ ეხებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის დონეზე ჩასვლა არ იყო აუცილებელი, საკმარისი იყო, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი გაეგზავნათ. პროტოკოლით შეიძლება იფიქრო, რომ რადგან ქვეყნის პირველი პირი და საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა, ამიტომ წავიდნენ ორივენი. მეორეს მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იქ უბრალოდ იმიტომ წავიდნენ, რომ ჰქონდათ შეხვედრები „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით (მგონი, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლესი პირებიც იქ იყვნენ, ირანის - თავისთავად), არ არის გამორიცხული, ამ საკითხზეც ჰქონდათ საუბარი. სხვისა არ ვიცი, მე გამიჩნდა ეჭვი, რომ კულუარულად ექნებოდათ შეხვედრა.

არ ვიცი, ირანელებს როგორი ტრადიცია აქვთ ასეთ სიტუაციაში - როდესაც გლოვაში არიან, პოლიტიკაზე საუბრობენ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ეს ვიზიტი განაცხადი იყო იმისა, რომ საქართველო მზად არის რაღაცნაირად „3+3“ ფორმატში ჩაერთოს. ნუ ახლა, ესენი ევროკავშირს და ამერიკას თუ გადენიან რეგიონიდან (რის მცდელობას და ნიშნებსაც ვხედავთ), აშკარა ხდება, რომ მერე საქართველოც ამ ფორმატში ჩაერთვება. ვხედავთ, რომ ახლა მიდის ეს პროცესი - აშშ-ს და ევროკავშირის გარიყვის პროცესი".