ავტორი:

"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე

"ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია" - ექსპერტი კობახიძის ბრალდებებზე
  • ფოტო არქივიდან: ოლივერ ვარჰეი, ირაკლი კობახიძე

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ევროკომისარი მას თურმე დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება "აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - "ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - დაწერა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.

"ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, - აცხადებს კობახიძე.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ევროკომისარი, რომელსაც კობახიძემ ეს მუქარა დააბრალა უნგრელი დიპლომატი ოლივერ ვარჰეია, რომლის გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.

ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიგვიყვანოს, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი.

ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი.

ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”

ambebi.ge-სთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის და ზოგადად "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები რაციონალურ ახსნას აღარ ექვემდებარება, ვინაიდან ხელისუფლება ყოველგვარი რეალურობის ზონიდან არის გასული.

"არ ვიცი, უკვე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყოველგვარი რეალურობის ზონიდან გავიდა. როგორც ჩანს, ისინი არ ელოდნენ ასეთ რეაქციებს შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან. მართლაც რომ დახურონ ყველაფერი, ეს ხომ კატასტროფა იქნება ხელისუფლებისთვის, ხომ კატასტროფა იქნება მოსახლეობისთვისაც, რა თქმა უნდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ვრჩებით იზოლაციაში ყოველგვარი ცივილური სამყაროსგან. როგორ შეიძლება აქამდე დახვიდე?! რომელი ევროკომისარი დაემუქრებოდა კობახიძეს სატელეფონო საუბარში, თუ იდიოტი არაა? პრემიერის სატელეფონო საუბარი ხომ იწერება? ვფიქრობ, სამთავრობო არხები უნდა იწერებოდეს. შეიძლება გასაჯაროების უფლება იმ წუთში არ აქვთ (შტატებში 50 წლის შემდეგ საჯაროვდება ყველაფერი, კულისებში რაც ითქვა, ისიც კი და აქაც დაახლოებით ასეთი ვერსია უნდა არსებობდეს), მაგრამ ოდესღაც ხომ გამოაშკარავდება? გამორიცხულია, სატელეფონო საუბარი არ იწერებოდეს. იდიოტი უნდა იყოს ის ევროკომისარი, მით უმეტეს, ტელეფონით დაურეკოს და ღია ტექსტით დაემუქროს პრემიერს ან ვინმეს. ეს წარმოუდგენლად ირეალურია, გამორიცხულია. იმას არ ვამბობ, ასეთი აზრი ვინმეს არ მოუვა, მაგრამ ეს რომ სატელეფონო საუბრის თემა არ არის, ეს თუ არ იცის ევროკომისარმა, წმინდა წყლის იდიოტი ყოფილა. კობახიძის და სხვების განცხადებები რაციონალურ ახსნას აღარ ექვემდებარება, რაციონალიზმიდან მთელი ხელისუფლება გასულია, ძალიან მძიმე დღეში არიან, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. როცა რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ რუსეთთან, ეს რომ შედეგს არ მოგიტანს, ეს უნდა იცოდე.

რაც კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის კატასტროფა, ამის იქით აღარაფერია. ამას პირდაპირ არ ეუბნებიან ევროპარლამენტარები. მუქარაცაა და მუქარაც. ესენი ხავსს ეჭიდებიან, გავიდნენ ზონიდან. პრობლემა აქ ისაა, რომ გარკვეული დრო ამან შეიძლება იმუშაოს. ბიზნესიც საოცარ დღეში ჩავარდება, კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა კატასტროფა გველოდება, აქ უკვე შეზღუდვებზე აღარაა ლაპარაკი. აღარ ვლაპარაკობ არც საინვესტიციო გარემოზე, არც ეკონომიკაზე, ეს იქნება კატასტროფა. ეკონომიკურად ბელორუსიაზე ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, ჩვენ ხომ მთლიანად დასავლეთზე ვართ დამოკიდებული და არ ვიცი, ამას როგორ გადავიტანთ. კი, გაგვიჭირდება, კი, ძნელი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ სულსწრაფობა არ გამოვიჩინოთ და უეცრად არ მოგვინდეს ვითარების რადიკალური შეცვლა, ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, რადგან ისეთ დროს, როცა მთავარი პროკურორი მიდის (არ ვიცი, ავადაა თუ არა), კითხვის ნიშნები ჩნდება. უმრავლესობის უმრავლესობა მილიონერია და მათაც საკმაოდ მოხვდება. ძალიან თუ არ ვიჩქარებთ, დღეს თუ არა, ხვალ, როდესაც რეალობა ყველასთვის ცხადი გახდება (ვიღაცებს ეს არ სჯერათ ჯერ), "ოცნების“ შიგნით აუცილებლად დაიწყება რღვევის პროცესი. ჩვენ რღვევის პროცესი იმიტომაც გვინდა, რომ ზედმეტი ტრაგედიების გარეშე გამოვძვრეთ ამ საშინელი სიტუაციიდან“.

იხილეთ ასევე: