30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად უამრავი წიგნი, მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა, სხვადასხვა შეთავაზება და ფასდაკლებები ელოდებათ.
წელს ფესტივალი განახლებული პროგრამითა და ღონისძიებებით უმასპინძლებს როგორც ზრდასრულ, ისე პატარა მკითხველს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ 100 000 კაცს მიაღწია. წელს ღონისძიებაზე რეგისტრირებულია 70-მდე ორგანიზაცია, მათ შორის 50-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, წიგნთან დაკავშირებული აქსესუარები, საელჩოები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები.
უფრო კონკრეტულად, რით იქნება 2024 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული და რა სიახლეები ელოდება მკითხველს, ამის შესახებ წიგნის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ფესტივალის ორგანიზატორი დალი ბაგრატიონ გრუზინსკი საუბრობს:
მოგახსენებთ, რომ წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე სიახლე გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, წელს პირველად „ექსპო ჯორჯიას“ მეხუთე და მეოთხე პავილიონების მიმდებარედ დაგვემატა „ფლი მარკეტი“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების პროდუქცია. ამასთან, წელს თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებში ჩატარდება ნახატების გამოფენა / კონკურსი სახელწოდებით „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 2 ასაკობრივი ჯგუფი, 1-4 და 5-8 კლასელები. მათი ნამუშევრები გამოიფინება მეხუთე პავილიონში ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება 2 ივნისს არის დაგეგმილი. წელს ასევე გვყავს წიგნიერების ელჩები. ესენი არიან ცნობილი მსახიობები, ექიმები, საზოგადო მოღვაწეები. მათი ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე.
ამ წელს ბევრი სიახლეა, მათ შორის ამერიკული განათლების კუთხეც. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის და მაგისტრატურის საფეხურით დაინტერესებული პირებისთვის, 4 დღის განმავლობაში უფასო კონსულტაცია მიიღონ ამერიკაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ამასთან, ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრ LEAF-ის წარმომადგენელი ჩაატარებს სემინარებს ამერიკაში სწავლასთან, დაფინანსებასთან და აღნიშნულისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.
მე-11 პავილიონი ტრადიციულად დატვირთული იქნება უამრავი საინტერესო წიგნის წარდგენით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ავტორებს, გაეცნონ ჩვენს სფეროში სიახლეებს, მოუსმინონ უამრავ საინტერესო სპიკერს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი შემოგვთავაზებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ფესტივალის 4-ვე დღის განმავლობაში.
წელს გამორჩეულად დატვირთული იქნება მეხუთე და მეექვსე პავილიონები. საბავშვო წიგნების წარდგენებთან ერთად, დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ გმირებს. აღნიშნული პროგრამის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე გვაქვს გამოქვეყნებული. 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებს დახვდებათ უამრავი სიურპრიზი.
განსაკუთრებული ფასდაკლებები ელოდებათ წიგნის მოყვარულებს. ჩვენ „ფეისბუქ“ გვერდზე უკვე გამოვაქვეყნეთ გამომცემლების კატალოგები, სადაც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს საინტერესო შეთავაზებას.
ზოგადად, წიგნიერება ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ფესტივალი, რომელიც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, 1997 წლიდან ტარდება, აერთიანებს საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა გამომცემელს. ამასთან, ფესტივალის პროგრამა ყოველწლიურად მრავალფეროვანია, მასში წარმოდგენილია ახალი წიგნები, საინტერესო სპიკერები. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 4 დღის განმავლობაში დამთვალიერებლები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან წლის სიახლეებს და საშუალება ექნებათ საყვარელი წიგნები შეიძინონ დიდი ფასდაკლებით.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი სტუმარი ჰყავს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომცემლებისთვის, რომლებსაც საშუალება აქვთ საკუთარი საგამომცემლო სიახლეები წარუდგინონ მკითხველს. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმდენად დიდი მასშტაბის გახლავთ, რომ ხშირია ფესტივალზე უცხოელი სტუმრების ვიზიტები. ამასთან, წიგნის ფესტივალი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ყოველწლიური ფესტივალების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. საქართველოც არ ჩამორჩება ამ ტრადიციას და ამიტომაც წიგნის ფესტივალი უკვე 26 წელია ტარდება და ყოველწლიურად ზრდის ფესტივალის მასშტაბებს.
რადგან წელს ფესტივალზე ბევრი სიახლე გვაქვს, განსაკუთრებით ველოდებით ჩვენს სტუმრებს. ვფიქრობთ, რომ როგორც ამერიკული განათლების კუთხე, ასევე „ფლი მარკეტი“ და განსაკუთრებული პროგრამა, რომელიც როგორც 11-ე პავილიონში, ასევე საბავშვო პავილიონებში იქნება წარმოდგენილი, ბევრ საინტერესო და განსხვავებულ ადამიანს მოუყრის თავს „ექსპო ჯორჯიაში“ 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.
R