ავტორი:

"ცოლს ჩაცმის სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარს..." - რა თქვეს პროკურორმა და ადვოკატმა ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოზე?

"ცოლს ჩაცმის სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარს..." - რა თქვეს პროკურორმა და ადვოკატმა ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოზე?

იმ ვითარების აღდგენა, რაც და როგორც ხდებოდა, მას ძალიან უჭირს. მოტივთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს გარკვეული წინაპირობებით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ 21 წლის ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ფირაშვილის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს განიცდის.

"მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, მას მომხდარიდან გამომდინარე, უჭირს საუბარი, რაც აშკარად ჩანდა პროცესზეც. რაც შეეხება დუმილის უფლებას, ის იმდენად მძიმე მდგომარეობაშია და განიცდის, არც შეუძლია და არც უნდა საუბარი. მიზეზად ამ შემთხვევაში, ცალსახად საუბარი, რომ ეშინია, უადგილო და არასწორი იქნება.

შეძლებისდაგვარად, უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. წინა შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ჩვენ არსებითი და შინაარსობრივი საუბარი ამ ეტაპზე არ გვქონია. მოტივთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს გამოწვეული იყო გარკვეული წინაპირობებით. შემდეგი სხდომა 13 ივლისს დაინიშნა, ამ დრომდე, წარიმართება გამოძიება, მსვლელობას დაველოდოთ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის 38-ე მუხლი პარალელური გამოძიების წარმართვის შესაძლებლობას გვაძლევს, ანუ შესაძლებელია ჩვენი მხრიდანაც გარკვეული გარემოებების დაფიქსირება მოხდეს“, - განაცხადა ძოწენიძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულს თოფი მკვლელობის ჩასადენად არ შეუძენია.

"თოფთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს იმ დღეს ნაყიდი არ იყო. ის ავტომობილით არ დაჰქონდა, როდის შეიძინა იარაღი, არ შემიძლია გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, მკვლელობისთვის არ შეუძენია“, - აცხადებს ძოწენიძე.

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით კი, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე და სიდედრზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შედეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა.

როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სანადირო თოფი მკვლელობამდე, პირველ აპრილს შეიძინა, რომელსაც ტყვიებთან ერთად ავტომანქანაში ინახავდა.

"დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციული მოტივით, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს პირად საკუთრებად აღიქვამდა და მას ნორმალური, დამოუკიდებელი ცხოვრების, განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ქორწინების დღიდან, მკვლელობის დღემდე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა, რამაც გოგონა აიძულა საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნებულიყო და ქმარს დროებით დაშორებოდა. ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სასტიკად ეძია შური საკუთარ ცოლზე და სიდედრზე. ამ მიზნით ბრალდებული დროთა განმავლობაში აწყობდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ გარემოებებს და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა თავდასხმის განსახორციელებლად. 22 მაისის დილას, მაშინ როცა, დედამ და ბებიამ მაღალი ტემპერატურით 6 თვის ბავშვი ექიმთან, კლინიკაში მიიყვანეს და უკან, სახლის მიმართულებით ბრუნდებოდნენ, ბრალდებული ქუჩაში, თავს დაესხა ორივე მათგანს და სანადირო თოფიდან გასროლით ორივე მათგანი ადგილზე მოკლა. ამ ქმედებით ბრალდებულმა საფრთხე შეუქმნა საკუთარი 6 თვის ჩვილის სიცოცხლესაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრალდებულმა დანაშაულამდე მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, რომელსაც საკუთარ ავტომანქანაში მალავდა. ის, რომ ბრალდებულმა დანაშაული ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილად ჩაიდინა, მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მან მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, მის სახელზეა რეგისტრირებული. შეძენილი თოფი თავის ვაზნებთან და ყუთთან ერთად საკუთარ ავტომანქანაში ედო. იარაღი პირველ აპრილს აქვს რეგისტრირებული“, - განაცხადა სონიძემ.

კითხვაზე, მომხდარს უძღოდა თუ არა წინ რაიმე ფაქტი, პროკურორი პასუხობს, რომ ეს აფექტში ჩადენილი დანაშაული არ არის.

"დაზარალებულების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რაც ბრალდებულს ამ მდგომარეობამდე მიიყვანდა. ისინი აბსოლუტურად მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში ერთად იმყოფებოდნენ ექიმთან ვიზიტზე.

კონკრეტულ აკრძალვებთან დაკავშირებით, რომელიც გენდერის ნიშანში შედის და დისკრიმინაციული მოტივითაა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დაზარალებულების ოჯახია წევრები, კერძოდ კი, მოკლულის დეიდა და დეიდაშვილი გვაწვდიან. ფიზიკური ძალადობის ერთი ეპიზოდი 20 მარტს განხორციელდა, როცა გოგონას ყელში ხელის წაჭერით ახრჩობდა, იმდენად სერიოზული დაზიანებები მიიღო, გოგონამ კლინიკას მიმართა. თუმცა, მან დაზიანებების რეალური მიზეზი დამალა... ჩაცმის თავისუფალი სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარს, რომ ნათესავებთან და მეგობრებთან არ გასულიყო, საშუალებას არ აძლევდა მობილური ტელეფონით დაერეკა, მათ დაკონტაქტებოდა. ეს ფაქტი გოგონას ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო, თუმცა, ყველა მათგანი დუმდა",- განაცხადა სონიძემ.

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: