ავტორი:

"ტალახი გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი... სტერეოტიპული ფრაზები ქალებისგან მესმოდა, კაცებისგან არასდროს" - ოფროუდერი ქალი რისკიან ცხოვრებასა და ცნობილ ბლოგერ შვილზე, რომელიც მძიმე სენმა იმსხვერპლა

"ტალახი გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი... სტერეოტიპული ფრაზები ქალებისგან მესმოდა, კაცებისგან არასდროს" - ოფროუდერი ქალი რისკიან ცხოვრებასა და ცნობილ ბლოგერ შვილზე, რომელიც მძიმე სენმა იმსხვერპლა

ოფროუდერობა მისთვის ორ რამეს - ბუნებასა და გუნდურობას აერთიანებს. ბუნებაში საოცრად დადებითი ენერგიით იმუხტება, გუნდურობაში კი ის მოსწონს, რომ სხვას შეუძლია დაეხმაროს... იცის, რომ ამ სპორტში მუდმივად რისკის წინაშეა და შიშიც შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ მარტო არავინ დატოვებს, აუცილებლად დაგეხმარებიან... მაია გოშაძეს არასდროს უფიქრია ოფროუდისთვის თავი დაენებებინა.

სპორტსმენი, ჩოგბურთის მწვრთნელი და ოფროუდერი მაია გოშაძე AMBEBI.GE-ს რესპონდენტი გახლავთ.

- 7 წლის რომ ვიყავი, მშობლებმა გამოაცხადეს, მუსიკა არ გვინდა, ბავშვი სკოლაში ზის, მუსიკაზეც იჯდება და სპორტის სახეობაზე შევიყვანოთო. ვინაიდან "დინამოს" კორტებთან ახლოს ვცხოვრობდით და თან ჩოგბურთზე ჩემი ძმაც დადიოდა, მეც იქ გამამწესეს...10 წლის ასაკიდან კი უკვე სერიოზულად შევუდექი მაგ ამბავს. ვიყავი საქართველოს ნაკრებში და მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი და საზოგადოება „დინამოს“ ჩემპიონი... იყო საპრიზო ადგილები... ამ სპორტს თავი 18 წლისამ დავანებე და მუშაობა მწვრთნელად დავიწყე. ეს კი ჩემი მწვრთნელის, მარლენ ქობალიას (ვინც ჩოგბურთი მასწავლა) ინიციატივა იყო. მალევე ფიზკულტურის ინსტიტუტშიც ჩავაბარე. ჩოგბურთის მწვრთნელად 20 წელზე მეტი ვიმუშავე. ახლა სხვა სფეროში ვმუშაობ.

- ოფროუდი როდის და როგორ მოვიდა თქვენთან?

- 18 წლამდე ძალიან დატვირთული ცხოვრება მქონდა, სულ ვარჯიში, შეჯიბრი იყო. ვოცნებობდი, ჩოგბურთს თავს რომ დავანებებ, აუცილებლად საქართველოში ვიმოგზაურებ-მეთქი, რადგან სპორტის საშუალებით საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველა ქალაქი მოვლილი მქონდა. თბილისში წელიწადში ალბათ მხოლოდ 2 თვე ვიყავი ხოლმე... შვილები ცოტა რომ წამოიზარდნენ, ჩემი სურვილის ასრულება მერე დავიწყე და 1989 წელს საქართველოში უკვე ფეხით ვმოგზაურობდი. იმ პერიოდში გავიცანი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ არსებობდა ოფროუდ კლუბი, სადაც შემეძლო გაწევრება. ეს კი უკვე 2007 წელი იყო. შემოთავაზება სიხარულით მივიღე და ტალახი გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ოფროუდი უგზოობაში სიარული იყო, ამის შესახებ მეტი არაფერი გამეგებოდა. დავთანხმდი იმის გამო, რომ ექსტრემალი ვარ.

- ბავშვობაშიც გაბედული იყავით?

- უარესი... ოფროუდმა დიდი გამოცდილება მომცა ტალახში, თოვლსა და ყინულზე სიარულის. მერე საქმეს როცა ხანგრძლივად აკეთებ, გამოცდილება სულ უფრო გემატება.

- შეჯიბრის წინ ყოველთვის იცით მონაკვეთი, რომელიც უნდა გაიაროთ, რა ბარიერებისგან შედგება?

- გააჩნია შეჯიბრს, სხვადასხვა სახეობები არსებობს. ორ სახეობაში უკვე მონიშნულია ხოლმე ადგილი, ტრეკი და შეჯიბრამდე მონაწილეს შეუძლია, ფეხით გაიაროს და ნახოს, როგორი ტალახია, როგორი გრუნტია, აღმართი, დაღმართი და რომ მისი მანქანიდან გამომდინარე შესაბამისი გათვლა გააკეთოს. მანქანებსაც სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს, ზოგს მეტი და ზოგს - ნაკლები. პირველი შეჯიბრი 2008 წელს "ჭილის ტბაზე" გვქონდა, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. 2014 წელს თურქეთში ვიყავი, ქალების ტურნირში პირველი ადგილი დავიკავე. 2020 წელს კი 6-დღიან ტურნირზე ვიასპარეზე. საქართველოს მასშტაბით 1600 კილომეტრი უნდა დაგვეფარა და იქაც პირველი ადგილი დავიკავე. წელს იმავე შეჯიბრზე მეორე ადგილი ავიღე.

- წარმატებული ოფროუდერი ხართ. ემოციურად ეს რას ნიშნავს?

- სხვადასხვა ემოციაა, დაძაბულიც ხარ და გიხარია კიდეც, როდესაც დაბრკოლებას გადალახავ. ფანტასტიკური ემოციებია, როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ და ამას ყველაფერს მარტო არ აკეთებ. დაბრკოლებას ადამიანებთან ერთად ლახავ და გიხარია. ბუნებაში ადრენალინიც ბევრია, რადგან ხშირად ის გზაც დალაგებული არ არის. ასე ყოფილა, თბილისში საღამოს 8 საათზე უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მანქანა გაფუჭებულა. რა თქმა უნდა, იმ ერთ მანქანას იქ არავინ დატოვებდა. ამიტომ ტყეში მთელი ღამე ვყოფილვართ, ცეცხლი დაგვინთია და მანქანა გაგვიკეთებია. ხანდახან ისეთ ადგილას ხარ, რთულია, იქ ვინმე ამოვიდეს და რამე ნაწილი ამოგიტანოს. ამიტომ შეერთებული ძალებით, ვისაც რა შეუძლია, ისე აკეთებს. მაშინ ეს სასიამოვნო ემოცია არ არის, მაგრამ მერე გენიალურად გახსენდება. მით უმეტეს, ზამთარში, როცა ყინავს, ცივა, ხელ-ფეხი სველი გაქვს...

- ალბათ ამხელა გამოცდილებიდან გამომდინარე შიში აღარც გაქვთ...

- შიში ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, აქ როლს ადამიანის სიძლიერე თამაშობს, რომლითაც იმ შიშს აბიჯებ. შეიძლება შიშიც გაკეთებინებს იმ რაღაცას, რაც გაძლევინებს იმ წინაღობას... ზოგი ამას ახერხებს, ზოგი - ვერა და პანიკაში ვარდება, იბნევა. ის, ვინც ახერხებს, მაქსიმალურად აკეთებს იმას, რაც საჭიროა. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მერე აბსოლუტურად ვეშვები ხოლმე...

- არასამოტივაციო ფრაზები თქვენი მისამართით ალბათ, ჩვენს სტერეოტიპებით სავსე გარემოში არაერთხელ მოგისმენიათ?

- მხოლოდ ქალებს გამოუთქვამთ, კაცებს - არასოდეს. მამაკაცები უცნობები თუ ნაცნობები, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მგულშემატკივრობენ. შვილების მხარდაჭერაც ყოველთვის მქონდა. უფროსი გოგონასი, რომელიც უკვე აღარ არის, შარშან სექტემბერში გარდაიცვალა, ჩემთან ერთად სულ დადიოდა, ჩემი შტურმანი იყო. შტურმანს ჩვენს შემთხვევაში 50% აკისრია. ასე რომ, მუდმივად თან მახლდა და იგივე ემოციებს განიცდიდა, როგორსაც მე. მარიამი 13 წლის იყო, სახლში დაბრუნებული რომ დამინახა, ეს სიტყვები თქვა: „დედა სულ ტალახიანი შემოვიდა და ისეთი ბედნიერი იყო, ნეტავ, სად იყო და რა გააკეთა. შემდეგ მასთან ერთად სიარული მეც უნდა დავიწყო“.

- თქვენი შვილი - მარიამ ბლანკი აქტიური ადამიანი იყო. ბლოგერი. ის სოციალურ სივრცეში ამ ყველაფრის ამსახველ ფოტოებს ხშირად ტვირთავდა. მის გარდაცვალებას მთელი სოციალური ქსელი, მახსოვს, განიცდიდა და დიდ მწუხარებას გამოთქვამდა... საუბრის დაწყებამდე გითხარით, როგორი ძლიერი ქალი ხართ-მეთქი. ეგ კიდევ საკითხავიაო, რას გულისხმობდით?...

- თუნდაც შვილს... ეს არის ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრება ასეთია და ხდება... მარიამი 4 წელი და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ეგუებოდა იმ სენს, მაგრამ სამწუხაროდ, ის დღეს ცოცხალი აღარ არის...

- კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ... თქვენი ვაჟი არის ოფროუდით დაინტერესებული?

- ვერ იტანს ტალახს და არ უყვარს მანქანის მართვა. სამაგიეროდ ლუკას ყვინთვა იზიდავდა სულ, კარგად ყვინთავდა და სნოუბორდზეც ფანტასტიკურად დგას. ყველას თავისი გატაცება აქვს, რაც ლუკას შეუძლია, მე არ შემიძლია, წყლის მეშინია... უნდა იპოვო ის, რაც შენია. ეს გაძლევს დიდ სიამოვნებას.

- იპოვეთ ცხოვრებაში ის, რაც გინდოდათ, რომ გეპოვათ?

- რა თქმა უნდა, და ამით ბედნიერი ვარ. რამდენიმე სამსახური მქონდა და ერთი დღე არ მქონია ისეთი, იქ წასვლა დამზარებოდა. ვთვლი, რომ ბედნიერებაა, როცა სამსახურში სიარული და იქ საქმის კეთება გსიამოვნებს.

- ურჩევთ ადამიანებს დაინტერესდნენ ოფროუდით?

- საქართველოს მოსახლეობამ არ ვიცით შაბათ-კვირის შესაბამისად გამოყენება, ძირითადად სახლში სხვადასხვა საქმის კეთებით შემოვიფარგლებით ხოლმე. დასვენების კულტურა დიდად არ გვაქვს. ყველას ვურჩევ, ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში და სადმე მდელოზე ბავშვებთან, ოჯახთან ერთად გავიდნენ. ეს ჩემი აზრით, იმხელა მუხტს იძლევა, ისეთი კარგია, მაგრამ ალბათ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს არ არის საინტერესო. თავად ოფროუდს რაც შეეხება, მანდ უკვე ადამიანს იმ დაბრკოლებების გადალახვის, ექსტრიმის, ადრენალინის მოთხოვნილებაც უნდა ჰქონდეს. ყველა ალბათ არ გააკეთებს ამას. მე ამ ყველაფერმა მომიტანა სიამოვნება, სიმშვიდე და ის, რომ ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ეს იყო და არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.