ავტორი:

"რაღაც გვირაბებით შევიდა ლექციაზე" - დაპირისპირება თსუ-სთან: პრემიერმა უნივერსიტეტის ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა

"რაღაც გვირაბებით შევიდა ლექციაზე" - დაპირისპირება თსუ-სთან: პრემიერმა უნივერსიტეტის ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს ტერიტორია პროტესტის მონაწილე სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.

ასევე, ირაკლი კობახიძის ტერიტორიის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პროტესტში მონაწილე პირები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

რა ხდებოდა მანამდე?

როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებდნენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებოდნენ.

"რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ", - განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით ისევ დგანან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

უნივერსიტეტის შესასვლელებს კი საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის განსაკუთრებული რაოდენობა იცავდა.