ავტორი:

"1998 წლის მერე ჩუსტები არ ჩამიცვამს.... ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, მყავს მეუღლე, ვისაც ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო" - დეპუტატის კომენტარი გავრცელებულ ფოტომონტაჟზე

"1998 წლის მერე ჩუსტები არ ჩამიცვამს.... ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, მყავს  მეუღლე, ვისაც ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო" - დეპუტატის კომენტარი გავრცელებულ ფოტომონტაჟზე

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის დეპუტატის რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟი გავრცელდა, რასაც ომბუდსმენიც გამოეხმაურა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია, რადგან აძლიერებს მავნე სტერეოტიპებს და სტიგმას შშმ პირების მიმართ.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სიტყვებმა და მოქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს სხვებს და არ გააძლიეროს არსებული სტერეოტიპები. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის მნიშვნელობას, როგორც ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველს, სადაც ყველა პირს პატივისცემითა და ღირსეულად ეპყრობიან. სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს ასეთი ტიპის, სხვისი ღირსების შემლახველი ქმედებისგან" - ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მსგავსი ხუმრობა არასწორია. თავად რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ფოტომონტაჟს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შეეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი.

"როდესაც გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შემეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. დავიწყებ იმით, რომ 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, მაგრამ დამჭირდა ეტლი. მხოლოდ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაადგილება შემძლებოდა. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამის გაგება მარტივი არ იყო, მაგრამ ოჯახი ბავშვობიდან მასწავლიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და ეს დამეხმარა. ამიტომ ჩემთვის სრულიად უცხო მდგომარეობა ტრაგედიად არ მიმიღია, პირიქით, მივიღე გამოწვევად, რომ ცხოვრების სტილის შეცვლას ამ ცხოვრებაში ჩემი შეცვლა არ გამოეწვია. ეტლს მხოლოდ პირველი ერთი თვე არ ვიკარებდი, თუმცა, მალევე ის ჩემი თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა.

მაშინ საზოგადოების ცნობიერება ბევრად უფრო დაბალი იყო და ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის, ქუჩაში ყოველი გასვლა ბრძოლის ველზე გასვლას ჰგავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, პირიქით, ეს მხოლოდ მაძლიერებდა და ვფიქრობდი, რაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებოდი ცხოვრების გზაზე, მით უფრო მეტის ცნობიერებას შევცვლიდი და გავათავისუფლებდი ცრუ-წარმოდგენებისგან. მე ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით.

ბედნიერი ვარ, რომ ვარ წარმატებული ჩემს ორივე საქმეში - პარაოლიმპიურ მოძრაობაში და პოლიტიკაშიც; რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს... ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება "ფეისბუკზე" სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე მაზოლების გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი გონია.

ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს. ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ. ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია.

ჩემს მეგობარ შშმ პირებს კი ვეტყვი, რომ გამოწვევები ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნათ. ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული, არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ" - წერს იონათამიშვილი.

დეპუტატის პირადი ცხოვრება:

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი 2021 წელს დაოჯახდა. დეპუტატის რჩეული თინათინ მგელაძეა. თინათინი წლების მანძილზე თბილისის მერიის პრესსამსახურში მუშაობდა.

რატის და თინას სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლის. წყვილმა ჯვარი ქაშვეთის ტაძარში დაიწერა. რატი იონათამიშვილის მეჯვარე ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გახლდათ.