ავტორი:

ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ბრიტანეთის მუზეუმიდან გატაცებული ასობით ექსპონატიდან ნაწილს აშშ-ში მიაგნეს - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ბრიტანეთის მუზეუმიდან ასობით ნივთის ქურდობისა და გაყიდვის საქმეს FBI იძიებს. უფრო სწორედ ამ ექსპონატების აშშ-ის მოქალაქეებისთვის მიყიდვის ფაქტებს. როგორც BBC-იმ გაარკვია, ამერიკელმა სამართალდამცავებმა, ამ დრომდე, მუზეუმისთვის 268 ნივთის დაბრუნება შეძლეს.

ბრიტანეთის მუზეუმმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ მის კოლექციაში არსებული უძველესი სამკაულები, ძვირფასი ქვები და სხვა ნივთები მოპარული და დაზიანებული იყო.

როგორც მუზეუმის წარმომადგენლები ამბობენ, 1500 მოპარული ან დაკარგული ნივთიდან 626 უკვე ნაპოვნი და დაბრუნებულია, მათ გარდა, კიდევ 100 უკვე ნაპოვნია, თუმცა ჯერ არ დაუბრუნებიათ.

ბრიტანული მუზეუმი უძველესი არტეფაქტების ქურდობაში, დაზიანებასა და გაყიდვაში კურატორ პიტერ ჰიგზს ადანაშაულებს. ჰიგზი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მუზეუმი ირწმუნება, რომ უკანონო ტრანზაქციებით ჰიგზმა დაახლოებით 100 000 ფუნტი სტერლინგი ჩაიჯიბა.

სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ კურატორი მუზეუმის სათავსოებიდან ნივთებს, რომლებიც ჯერ არ იყო დარეგისტრირებული, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში იპარავდა და ყიდდა. მუზეუმის ინფორმაციით, ჰიგზმა, რომელიც წარსულში მუზეუმის თანამშრომელი იყო, მოპარული ნივთები ყიდვა-გაყიდვის ვებსაიტ Ebay-ზე დაახლოებით, 45 მყიდველს მიჰყიდა.

ერთ-ერთი მყიდველი, რომელსაც BBC-ის ესაუბრა, აცხადებს, რომ მან არაერთხელ შეიძინა sultan1966-ისგან (ჰიგზის ანგარიშის სახელი) ნივთები. მყიდველი ამბობს, რომ საერთო ჯამში საქონელში 7000 ფუნტამდე თანხა გადაიხადა. მანვე დაადასტურა, რომ გამყიდველი, რომელსაც ფულს ურიცხავდა, ტრანზაქციების დროს პოლ ჰიგინზის სახელს იყენებდა.

მუზეუმს მოპარული ნივთების შესახებ დანიელმა დოქტორმა და სიძველეებით მოვაჭრე იტაი გრადელმა შეატყობინა. ერთ-ერთი ძვირფასი ქვა, რომელზეც მეორე საუკუნის ბერძენი გმირის ჰერკულესის თავია გამოსახული, იტაიმ სწორედ ჰიგზისგან შეიძინა. ობსიდიანის ქვით დამზადებული საექსპონატო ნამუშევარი, რომელიც ათასობით ფუნტადაა შეფასებული, 2017 წელს იტაი გრადელმა 300 ფუნტად შეიძინა. როგორც გრადელი ჰყვება, გამყიდველმა მას უთხრა, რომ ნივთი მის დედმამიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც ის ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო.

მას შემდეგ, რაც FBI-მ ობსიდიანის ქვას მიაკვლია, ის დიდ ბრიტანეთში დააბრუნეს და მუზეუმს გადასცეს.

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა