ციფრული და მყისიერი ინფორმაციის ეპოქაში, ბეჭდური მედია ნამდვილი გამოწვევების წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, ის არ თმობს თავის პოზიციას და ჩვენს ცხოვრებაში დაბრუნებას საინტერესო ფორმით აგრძელებს. სტრუქტურული ცვლილებები, ახალი სტრატეგიები და ხარისხზე ფოკუსირება ეხმარება მას არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ ახალი მედია-რეალობა შექმნას.
რევოლუცია საგამომცემლო სამყაროში
ეჭვგარეშეა, რომ ინტერნეტმა შეცვალა მედია ლანდშაფტი. ახალი ამბების საიტები, ბლოგები და სოციალური ქსელები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მყისიერ წვდომას. მკითხველს კი საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ეძლევა. ასეთ პირობებში, ბეჭდური მედია იძულებული გახდა გადაეხედა თავისი მუშაობის მეთოდებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ გაზეთსა და ჟურნალს შეექმნა სირთულეები და ზოგმა არსებობაც კი შეწყვიტა.
თუმცა, ამ კრიზისის ფონზე, ზოგიერთმა გამოცემამ ადაპტაციის გზები იპოვა და წარმატებასაც მიაღწია. მათ ფოკუსირება ხარისხიან კონტენტზე, სიღრმისეულ გამოკვლევებზე, ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და ანალიტიკურ მასალებზე გააკეთეს, რომლებიც რთულად მოსაძიებელია ინტერნეტში. ასეთმა მიდგომამ ბეჭდურ მედიას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა ლოიალური აუდიტორია და მოეზიდა ახალი მკითხველებიც.
საკულტო ჟურნალების დაბრუნება
ონლაინ გამოცემის უეცარი ზრდის მიუხედავად, საკულტო ჟურნალები კვლავ მოთხოვნადია. მოდის, ხელოვნების, დიზაინისა და კულტურის სამყაროში, ისეთ ჟურნალები, როგორიცაა: Vogue, National Geographic, The New Yorker და Vanity Fair - კვლავ აგრძელებენ მილიონობით მკითხველის ყურადღების მოზიდვას. ისინი გვთავაზობენ არა მარტო საინტერესო ინფორმაციას, არამედ ესთეტიკურ სიამოვნებას, მაღალი ხარისხის ფოტოგრაფიისა და ორიგინალური დიზაინის სახით.
კონკურენცია ინტერნეტ საიტებთან
ბეჭდურ გამოცემებს შეუძლიათ მკითხველს შესთავაზონ ის, რასაც ონლაინ პლატფორმები ვერ მიაღწევენ. მათ შეუძლიათ შექმნან უნიკალური კონტენტი, მეტი ყურადღება დაუთმონ დეტალებსა და ხარისხს.

ახალი ქართული ნიშური გამოცემა - "Tana by ბომონდი"
ბეჭდური მედიის კრიზისი საქართველომაც განიცადა. ბევრი ჟურნალი დაიხურა, ზოგმა ღირსეულად გაუძლო ცვლილებებს მედიის სფეროში და ტრანსფორმირდა. მაგალითად, პირველი ფერადი ქართული ჟურნალი - „ბომონდი“, რომელიც 1996 წლიდან დაწყებული, წლების მანძილზე აშუქებდა ცხოვრების სტილს, კულტურულ სიახლეებსა და მოდის ტენდენციებს, მთლიანად იცვლის ფორმატს და მკითხველის წინაში უფრო მრავალფეროვანი კონცეფციით წარდგება.
2024 წლის მაისში „ბომონდის“ ჯგუფი ახალი ნიშური გამოცემით დაბრუნდა - „Tana by ბომონდი“. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონის თანახმად, „თანა“ ნიშნავს მრჩეველს და ჟურნალიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მოდის, კულტურის, თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოგზაურობის შესახებ.
300 გვერდიანი გამოცემა წამოწევს ბევრ აქტუალურ თემას და მკითხველს ცნობიერების ამაღლების კუთხითაც დააინტერესებს. გამოცემა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ მისი ყდისთვის ნახატი ექსკლუზიურად შექმნა მხატვარმა სალომე რიგვავამ, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. გამოცემა მოიცავს საავტორო სტატიებს მსოფლიოს უდიდესი მოდის სახლების, ამავე სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, დიზაინერების სიმბოლური ნამუშევრების, სილამაზისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პიროვნებების შესახებ. ასევე ჟურნალში თქვენ გაეცნობით სამოგზაურო მიმართულებებს, კულინარიის სფეროში არსებული ტენდენციებისა და სხვა საკითხებს. ამასთან, მკითხველს საშუალება ექნება, შთამბეჭდავი ფოტონამუშევრების მეშვეობით სულ სხვა თვალით დაინახოს თბილისი. როგორც აღნიშნული, ისე სხვა ფოტორეპორტაჟები მკითხველს სხვადასხვა სფეროს შესახებ სრულიად განსხვავებული კუთხით მოუთხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდური მედია ინტერნეტის სასტიკი კონკურენციის წინაშე დგას, ის მაინც რჩება ინფორმაციისა და გართობის მნიშვნელოვან წყაროდ მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. მისი უნარი, მოერგოს ცვალებად პირობებს და შეინარჩუნოს კონტენტის ხარისხის მაღალი დონე, საშუალებას აძლევს დარჩეს აქტუალური და მოიზიდოს ახალი მკითხველები, რაც ადასტურებს, რომ ბეჭდური მედია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მედია ლანდშაფტში.
R