ავტორი:

მსახიობის რთული და ლამაზი ცხოვრება, ბრძოლა ვერაგ სენთან და ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენილი, ღიმილიანი ტრისტან სარალიძე - საქართველო საყვარელ მსახიობს ეთხოვება

მსახიობის რთული და ლამაზი ცხოვრება, ბრძოლა ვერაგ სენთან და ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენილი, ღიმილიანი ტრისტან სარალიძე - საქართველო საყვარელ მსახიობს ეთხოვება

"მსახიობს ძალიან ლამაზი და ამავე დროს, რთული ცხოვრება არგუნა ბედმა, მუდმივად გამოცდას ვაბარებთ. როცა მაყურებელი გცნობს და პატივს გცემს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. მისი სიყვარული რომ არ დაკარგო, გაათმაგებული შრომაა საჭირო,“ - ამბობდა ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ტრისტან სარალიძე.

27 მაისს ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა 69 წლის ასაკში დაგვტოვა.

სიცოცხლის ბოლოს მძიმე სენთან მოუხდა შებრძოლება, მაგრამ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და საუბედუროდ ამ ბრძოლაში დამარცხდა.

"რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა თავის ერთგული შვილი დაკარგა. გამორჩეული ნიჭის მსახიობი, ხალასი და გულღია კაცი, მზრუნველი მამა და მეოჯახე.

ტრისტან სარალიძე თავისი განუმეორებელი არტისტიზმითა და შეუდარებელი იუმორით მაშინვე იპყრობდა ყველას გულს და ამიტომაც მან, როგორც არტისტმა და როგორც პიროვნებამ, დამსახურებულად მოიპოვა ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ოცდაოთხი წლის იყო ტრისტანი, როცა რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა და მას შემდეგ ეს თეატრი მის მშობლიურ სახლად იქცა. ათეულობით როლი განასახიერა მან რუსთაველის თეატრის სცენაზე და მისი სცენური გმირები არასდროს დაავიწყდება მაყურებელს. ტრისტანის ბოლო როლი სულ ახლახან განსახიერებული ოკეანის ღმერთი იყო რობერტ სტურუას სპექტაკლში "მიჯაჭვული პრომეთე“, რომელიც მან ჩვეული ოსტატობით შეასრულა.

ძალზე დიდია მწუხარება... უდიდესი გულისტკივილით გემშვიდობებით, ტრისტან! შენი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში", - ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

"აბა, რა ვთქვა? მშვიდობით, ბატონო ტრისტან, კეთილი გულის მეგობარო, მუდამ სხვის გულშემატკივარო. ნათელი შენს კეთილ სულს, მაგარი ადამიანი იყავი", - ასე ემშვიდობება კოლეგას სოციალურ ქსელში მსახიობი ია თინიკაშვილი.

ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბიდან იყო. ძალიან უყვარდა იქაურობა და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, გული იქით მიუწევდა. დედისერთა გახლდათ, მამა სამი წლისას გარდაეცვალა. განებივრებულად არ გაზრდილა... ახალდაბელმა ბიჭმა სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და გაუმართლა.

"თბილისში რომ ჩამოვედი, სამი დღე თეატრალურ ინსტიტუტს ვეძებდი... ბედისგან გათამამებული კაცი აღმოვჩნდი. რუსთაველის თეატრში 1979 წელს მოვედი, სადაც უდიდესი მსახიობები დამხვდნენ: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, კარლო საკანდელიძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა; მომდევნო თაობა - კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე, უფრო ახალგაზრდები: ჟანრი ლოლაშვილი, ავთო მახარაძე, გოგი ხარაბაძე. აბა, როგორია, ასეთ თეატრში მისვლა?

ფოიეს კარს ფრთხილად შევაღებდი ხოლმე, - ეს ბუმბერაზი მსახიობები თუ სხედან, ხელი არ შევუშალო-მეთქი და შესვლას ვერ ვბედავდი. მოულოდნელად ნახუცრიშვილის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "ნაცარქექია“ გამანაწილეს, სადაც ეროსი მთავარ როლს თამაშობდა. მე პირველი შეგირდი ვიყავი. ეროსის გმირს კიკილა ერქვა. უნდა მეთქვა: "კიკილ, კაცო, შენა ჭკუაზე როგორა ხარ?" ვერ ვეუბნებოდი იმიტომ, რომ ეროსი იყო. მიხვდა, პარტნიორობა მიჭირდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ჩემთან წამოდი, საქმე თუ არა გაქვსო. ვიფიქრე, ალბათ ავეჯი ექნება გადასაადგილებელი და მოხმარება სჭირდება-მეთქი. ჩავსხედით მის "ნივაში". ვიცი, რომ ვაკეში ცხოვრობს, ის კი სანაპიროს ქუჩით მიდის. - ბატონო ეროსი, თქვენ ხომ ვაკეში ცხოვრობთ-მეთქი? - მანქანა ჩემია, საითაც მინდა, იქით მივუხვევ და მოვუხვევო. ხმა აღარ ამომიღია, ასეთ შესანიშნავ ადამიანთან ყოფნას რა სჯობდა?! თურმე კასპში, მეგობრებთან ძაღლი ჰყავდა მიბარებული და იქ მიდიოდა. დიდი პურმარილი გაიშალა. რა თქმა უნდა, ეროსი თამადად დააყენეს. მთელი საღამო ერთ თემას მიუძღვნა: "ტრისტან სარალიძე არის უნიჭიერესი ადამიანი (ამ დროს, ჯერ არაფერი გამიკეთებია), რომელიც რუსთაველის თეატრში მოვიდა". გაოცებისგან თვალები შუბლზე მქონდა. მერე მივხვდი, მას უნდოდა გავთამამებულიყავი. ჰოდა, გაიბა კიდეც ჩვენ შორის მეგობრობის ძაფი. ასე მოქცევა მხოლოდ დიდ არტისტებს შეუძლიათ... რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად სცენაზეც და კინოშიც მითამაშია. ურთიერთობის აგება იცოდა, "პადაჩებს" გაწვდიდა, კარგად ხუმრობდა და შესანიშნავად ჰყვებოდა ამბებს... ბავშვობის ოცნება იყო და სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი კახი კავსაძესთან და გივი ბერიკაშვილთან შეხვედრას“, - ჰყვებოდა ინტერვიუში მსახიობი, რომელიც ყველაფერთან ერთად, იუმორის გრძნობითაც იყო დაჯილდოებული.

***

მეოთხეკურსელი ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" გადაიღეს. ამ ფილმის შემდეგ ნუცუბიძის ქუჩაზე კინომსახიობთა საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი მისცეს. ბინა რომ დაესუფთავებინა, დედა გამოუძახებია.

"მე კი არ ვეხმარებოდი, ხელს ვუშლიდი, ამიტომ მითხრა, - მომშორდიო. მეც, საქეიფოდ წავედი. იმ დროს ჩემთან გურამ ფირცხალავა მოსულა მანქანით. ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და გურამი თურმე დაბლიდან მეძახდა: "ტრისტან, შვილო" (ასე მომმართავდა). რომ აღარ გაჩერდა, დედას გამოუხედავს: თუ გოგია ხარ, 1958 წლიდან შენ გელოდები და თუ ეშმაკი ხარ, აქედან გადაშენდიო. ამის შესახებ რომ გავიგე, დედას ვეხუმრებოდი, - გოგიას სანაცვლოდ, რა ლამაზი კაცი ამოგირჩევია-მეთქი!“ - ესეც ერთ-ერთი ინტერვიუს ეპიზოდია.

ფილმმა "სიყვარული ყველას უნდა“ დიდი პოპულარობა მოუტანა:

"ისეთი პოპულარული ვიყავი, ქუჩაში ვერ დავდიოდი... ახალდაბაში ვერ ჩავდიოდი, რომ ჩავიდოდი, იწყებოდა გაუთავებელი ქეიფები. რაიკომის პირველი მდივანი, პროკურორი, მილიციის უფროსი, ყველა რეკავდა, გამომიგზავნიდნენ ხოლმე მანქანას, - ამოდიო. დედაჩემმა მითხრა, - ასე თუ გააგრძელებ, გალოთდებიო. იმას ეგონა, ლოთს მაინცდამაინც ტალახში უნდა ეგორავა“.

***

"სიყვარული ყველას უნდა" გადაღებისას, მე და გივი ბერიკაშვილი სასტუმროს გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით. ღამის სამ საათზე კაკუნი მომესმა. გავიხედე. კარში თუშური ქუდით კაცი დგას და ხელში ოცლიტრიანი ბოცა უჭირავს. - გივი შინ არის? - მეკითხება. - გივი თბილისში წავიდა-მეთქი (სპექტაკლი ჰქონდა). - თქვენ ვინ ხართო? - მსახიობი ვარ და ფილმში ვთამაშობ-მეთქი. - ჰოდა, ძალიანაც კარგი, შემოვალო. შემოვიდა. მარტო ღვინო გვაქვს. შუაღამით რა გინდა, რომ იყიდო? გამახსენდა, ჯიბეში 20 კაპიკის მზესუმზირა მეყარა. თეფშზე დავყარე და დილამდე ვიქეიფეთ. ერთმანეთს დილის შვიდ საათზე დავემშვიდობეთ“, - ასეთი ამბებს განუწყვეტლივ და თავისებური თხრობის მანერით ჰყვებოდა...

სულ 60-მდე როლი ჰქონდა ფილმში ნათამაშევი. რამდენიმეს სახელწოდებაში კი არის სიტყვა "სიყვარული". ესენია: "სიყვარული ყველას უნდა", "სიყვარული ვენახში", "ჩემი პირველი სიყვარული", "სიყვარული და კარტოფილი". ამაზე ასე ხუმრობდა ხოლმე - "ბატონო, როდის შეგაწუხეთ ჩემი ტემპერამენტითო?!“

***

ლილი იოსელიანი ჩემი პედაგოგი გახლდათ. ვისაც მისი სკოლა ჰქონდა გავლილი, მისთვის გზა ხსნილი იყო. ლილის სახელი ბრენდის ტოლფასია. გვეუბნებოდა: ძალიან კარგად დააკვირდით ცხოვრებას, ის ჩემზე უკეთესი მასწავლებელია. თქვენ გვერდით დადიან ადამიანები, რომლებიც სცენაზე გამოგადგებიანო.

ერთხელ, რაღაც როლს ვთამაშობდი. რეჟისორს ჩემი გმირი მოსწონდა, მაგრამ მე შინაგანად უკმაყოფილო ვიყავი. მახსოვს, რუსთაველის გამზირზე მივდიოდი და დავინახე, შლაპიანი კაცი როგორ ესალმებოდა ნაცნობებს. ჩემი ყურადღება მიიქცია. ქუდს კი არ იხდიდა, ხელს მოჰკიდებდა და თავს დაბლიდან გამოყოფდა, მერე ისევ შეყოფდა. დამახასიათებელი ჟესტი იყო და ამ დეტალს "ხელი ვტაცე". მართალია, ზუსტად ის ჟესტი არ გამომიყენებია, მაგრამ იმ კაცის ხასიათი მოვარგე როლს... სამაგიეროდ, შემდეგ შვარცის პიესა "ჩრდილი" დადგეს, სადაც შლაპიანი კაცის ჟესტი ძალიან გამომადგა. ლილის ძალიან ვუყვარდი, მაგრამ კონფლიქტიც გვქონია. ერთხელ ეტიუდი დამავალა: ოთახში შედიხარ და ჭერზე სისველეს ხედავ, მეზობელმა წყალი ჩამოუშვა. ამის შეფასება გამიკეთეო. გავაღე კარი, არც შემოვსულვარ და ისმის, - "არ მჯერა". კარი მეორედ გავაღე, იგივე ფრაზა გაიმეორა. - რა არ გჯერათ, ქალბატონო ლილი, ჯერ არ შემოვსულვარ-მეთქი. აბა, თავიდან დაიწყეო და ერთი ათჯერ რომ გავიმეორე, მერე მითხრა: კულისებიდან კი არა, შორიდან წამოდი, ვითომ დაღლილი ხარო. მეც, ჯერ მეორე სართულზე ჩავედი, შემდეგ პირველზე და ბოლოს, ქუჩაში რომ გავედი, აღარ შევბრუნდი. ორი საათი (ლექცია მსახიობის ოსტატობაში ამდენ ხანს გრძელდებოდა) სახინკლეში ვიჯექი, ლუდსა და ხინკალს მივირთმევდი. მერე გავიგე, ლილის უთქვამს, - ეტყობა, ემზადებაო...

18 წლის ბიჭს კი მინდოდა არტისტობა, მაგრამ ეს ხომ ჩემი საგვარეულო პროფესია არ იყო და გამოცდილებაც არ მქონდა, ამიტომ პირველ წელს ვიფიქრე კიდეც: იქნებ აქ ჩემი ადგილი არ არის-მეთქი?! მაგრამ ქალბატონი ლილის დამოკიდებულებამ და იღბალმა, რაც ნიჭთან ერთად, მსახიობისთვის აუცილებელია, აქამდე მომიყვანა. ევროპაში ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც რუსთაველის თეატრთან ერთად არ ვყოფილვარ და სხვა კონტინენტებიც "დავიპყარით". ვერასოდეს ვიფიქრებდი, არგენტინაში თუ აღმოვჩნდებოდი. დედამიწის მეორე მხარეს, ბუენოს-აირესში რომ ჩავსულიყავით, 24 საათი ვიფრინეთ“...

***

მსახიობი ბოლო წლებში იუმორისტული სერიალის პერსონაჟიც იყო, სადაც მსახიობ ბესო ბარათაშვილთან ერთად დუეტში უწევდა თამაში. ამ სერიალსაც მაყურებელი მუდმივად ჰყავდა და ტელეეკრანმაც მისი არაერთი სახე შემოინახა.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ქართულ თეატრსა და კინოს