ავტორი:

რა მოხდა რაფაჰში? - ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმისას 45 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, ისრაელი კი მომხდარს "შეცდომას უწოდებს (ფოტოები)

რა მოხდა რაფაჰში? - ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმისას 45 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, ისრაელი კი მომხდარს "შეცდომას უწოდებს (ფოტოები)

ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში, პალესტინელი დევნილების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გაავრცელეს ასევე ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც ძლიერი აფეთქება და ხანძარია აღბეჭდილი.

  • პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოკლეს ორი ტერორისტი და იძიებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გარემოებებს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს "ტრაგედია" უწოდა.

რამდენიმე საათით ადრე "ჰამასმა" რაფაჰიდან თელ-ავივის მიმართულებით რვა რაკეტა გაისროლა.

აბედ მუჰამედ ალ-ატარი ამბობს, რომ მისი ძმა და რძალი მოკლეს და შვილები დააობლეს, "ისრაელი ტყუის, აქ ცხოვრება არავისთვის არის უსაფრთხო, არც ბავშვისთვის, არც ქალისთვის, არც მოხუცისთვის", - აღნიშნა მან.

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.

"ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

  • ეს თავდასხმა ომის დანაშაული იყო თუ "ტრაგიკული შეცდომა" ღაზას მოსახლეობისთვის - დებატები არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ კვირას ისრაელის მიერ რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში ტრაგიკული შეცდომა იყო.

"ის, რაც მოხდა, იყო უახლესი - და შესაძლოა, ყველაზე სასტიკი სისაძაგლე. ეს იყო სრულიად მიუღებელი თავდასხმა. შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის, მათთვის, ვინც გლოვობს და მათთვის, ვინც ცდილობს გადაარჩინოს სიცოცხლე“, - აღნიშნა გრიფიტსმა.

  • თავდასხმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც დაგმო.

”ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომლის შედეგადაც დაიღუპა უამრავი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ თავშესაფარს ეძებდნენ. ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის. ეს საშინელება უნდა შეწყდეს", - განაცხადა გუტერეშმა.