ავტორი:

"ხმა ჩაიწყვიტე, მოღალატე!" - ხმაურიანი განხილვა პარლამენტის დარბაზში და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა შენობის გარეთ: რა ხდება ახლა ადგილზე?

"ხმა ჩაიწყვიტე, მოღალატე!" - ხმაურიანი განხილვა პარლამენტის დარბაზში და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა შენობის გარეთ: რა ხდება ახლა ადგილზე?

თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები და მხოლოდ ის გაინტერესებთ, აქედან რომ წახვალთ, თქვენმა პატრონმა, ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფული და ფინანსური რესურსი ადარებს, შეგაქოთ, იმიტომ, რომ მეტი სინდისი, მეტი მორალი გარდა იმისა, რომ ფული იშოვოთ, ბიძინა ივანიშვილის მონები იყოთ, უბრალოდ არ გაგაჩნიათ, არც გექნებათ არასდროს, - ამ სიტყვებით „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა.

დეკანოიძის თქმით, მმართველი გუნდის წევრები სამშობლოს მოღალატის სტიგმას ვერასდროს ჩამოირეცხავენ.

"ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც, ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება, სინდისი, იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი. ეს სიტყვები ოთარ ჭილაძეს ეკუთვნის, მაგრამ მე არ შემიძლია აქ მყოფ „ქართული ოცნების“ თითოეულ წარმომადგენელს, ბიძინა ივანიშვილის მონას, საქართველოს მოღალატეს რაიმე სახით სინდისზე ან მორალზე მივუთითო, რადგან თითოეულ მათგანს გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს ეროვნული ინტერესები - სამშობლო გაყიდოს.

თითოეულ მათგანს გადაწყვეტილი აქვს, აქედან რომ გავა, საქართველოს ეროვნული ინტერესები რუსეთს ჩააბაროს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ასე უბრძანა, სინდისი და მორალი კი არა, თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები, თქვენ ხართ გამყიდველები ერის, ბერის, სარწმუნოების, თქვენ ხართ გამყიდველები და ადამიანები, ვისაც ბიძინა ივანიშვილი გადარდებთ, თქვენ ხართ ადამიანები, რომელსაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი რას გეტყვით, როგორ შეგაფასებთ, ეს გაინტერესებთ, თქვენ ხართ გამყიდველები ქვეყნის და მხოლოდ ის გაინტერესებთ, აქედან რომ წახვალთ, თქვენმა პატრონმა, ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფული და ფინანსური რესურსი ადარებს, ამ ადამიანმა შეგაქოთ, იმიტომ, რომ მეტი სინდისი, მეტი მორალი გარდა იმისა, რომ ფული იშოვოთ, ბიძინა ივანიშვილის მონები იყოთ, უბრალოდ არ გაგაჩნიათ, არც გექნებათ არასდროს, რადგან თქვენ, დამღა დაგაკისრათ საქართველოს საზოგადოებამ. ყველაზე უფრო დიდი სანქცია, რაც თითოეულ თქვენგანს დაეკისრა, არის ის, რომ სამშობლოს გამყიდველები დაგერქმევათ და ამ დამღას და ამ სტიგმას, ვერასდროს ჩამოიშორებთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატის ამ გამოსვლას უმრავლესობის წევრების შეძახილები მოჰყვა. კერძოდ კი, „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა ხაბარელმა დეკანოიძეს „უსინდისო, მონა, გამყიდველი და ნაძირალა“ უწოდა, რასაც თავის მხრივ დეპუტატმაც უპასუხა

"გაჩუმდი, ხმა ჩაიწყვიტე, მოღალატე! ხმა ჩაიწყვიტე-მეთქი, რომ გელაპარაკები! ნებისმიერი თქვენგანი, როდესაც აქედან გავა "რობოკოპების" საშუალებით, სახლში მივა და შემდეგ წყნარად, საკუთარ შვილებს ეტყვის, მე დღეს, ჩემი ქვეყანა გავყიდე! აი, ეს დღე დაიმახსოვრეთ, რადგან სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება ამ სტიგმით უნდა იაროთ, სხვა გამოსავალი არ გექნებათ. ბიძინა ივანიშვილი დაიმალება, ბიძინა ივანიშვილი წავა, თავს უშველის, თქვენ რა გეშველებათ მონებო, რომ ასე იქნებით მთელი ცხოვრება, სამშობლოს გამყიდველები გერქმევათ?

მე არ მაწუხებს ამათი ღრიალი, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად იცის ამან და იმიტომ ღრიალებს, ძალიან კარგად იცის, რომ ქუჩაში ვერ გავა, ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარი ახალგაზრდებისგან სანქცია დაეკისრა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ადამიანებს მინდა მოვუწოდო და ვუთხრა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დღეს ეს 84 მოღალატე ვეტოს დაძლევს და შემდეგ რა იქნება - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტმა, რომელიც რუსთაველის მოედანზეა, საოცრად გაგვაძლიერა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი საქართველო, ახალი თაობა, რომელთაც არც ამათი ღრიალის, არც "რობოკოპების', არც ვიღაც ზონდერების, უზრდელების, არც ვიღაც სამშობლოს გამყიდველების და არც ვიღაც ბიძინა ივანიშვილის არ ეშინიათ.

სანქციებზე რომ საუბრობთ, არ გვეშინიაო, სხვათა შორის, ორჯონიკიძეც ასე წერდა სტალინს, რა მოხდა, დავიპყრობთ თბილისს და მერე არაფრის გვეშინიაო. სანქციები მხოლოდ სავიზო რეჟიმი არაა, სანქციები ფინანსური სანქციებია, რომელიც ყველა იმ ადამიანს დაეკისრება, რომელსაც დოლარში აქვს ანგარიშები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

  • შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ხატია დეკანოიძის 9 - წუთიანი სიტყვით გამოსვლა, სადაც ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატზე ისაუბრა, კომპლექსების ამოძახილია, რადგან ის თავად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანია.

„ქალბატონო ხატია თქვენ ცადეთ, რომ გადაგეფარათ თქვენი სირცხვილი, ის, რომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას და პასპორტი გაყიდეთ უცხო ქვეყნის სამსახურზე, ის, რომ დღემდე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი ხართ. ეს 9 წუთიანი გამოსვლა, როგორც ჩანს, ამ კომპლექსების ამოძახილია. უნდა გეძახათ „ღალატი, ღალატი“ იმიტომ, რომ თქვენს გულში ვერ დაგიძლევიათ ის ღალატი, რომელიც თქვენ თავს აკადრეთ და დღემდე ამ ღალატში ხართ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ხართ დაკავშირებული დღემდე, მუშაობდით იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ,.როგორც უკრაინულ სამსახურებთან, ისე ამერიკულთან საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობდით და ამაზე ღიად საუბრობდით. კიდევ რომ იმუშავებ და რომ არ გრცხვენია და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირი რომ გეამაყებათ, აი, ეგ არის თქვენი პრობლემა და მთლიანად თქვენი მოძრაობის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ხდება პარლამენტთან?

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია განთავსებული.

ეზოში შსს-ს რამდენიმე ავტობუსი დგას, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან. პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები დილიდან აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონს.

“ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით ისმის შეძახილები “რუსებო”, “მონებო”, “მოღალატეებო”. სამართალდამცველები მობილიზებული არიან პარლამენტის მთლიან პერიმეტრზე.

ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს.

კერძოდ, მოქალაქეებმა დიდი ზომის პლაკატი გაშალეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.

როგორც პერფორმანსის ორგანიზატორებმა განმარტეს, აღნიშნული ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და პროტესტის მონაწილეების სახეს გამოხატავს.