ავტორი:

როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?

ტელეკომპანია "დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც რუსეთმა უკვე რამდენიმე წელია “უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, sova.news-თან მისი მძიმე გამოცდილების შესახებ საუბრობს და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პარალელებს ავლებს.

კოტრიკაძე მართა არდაშელიას პოდკასტში , 29 აპრილს, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრებისას, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

"სულ ვფიქრობდი, რომ ეს არის ჩემი სახლი, რომელიც არ დაეცემა იმ დონემდე, სადამდეც დავიდა რუსეთის სახელმწიფო. ახლა კი ვხვდები, რომ აქ ეს ყველაფერი უფრო მიზანსწრაფულად შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ საქართველოში, რუსეთთან შედარებით ყველაფერი აჩქარებულია”, - აცხადებდა ეკატერინა კოტრიკაძე 3 მაისის პოდკასტში და ყველაფერი მართლაც ისე სწრაფად განვითარდა, როგორც ვარაუდობდა.

კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც პირველად 2023 წელს დაინიციირდა და მწვავე აქციების, დაპირისპირების ფონზე “ქართულმა ოცნებამ” უკან გაიწვია, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 3 აპრილს ხელმეორედ, შეცვლილი სახელწოდებით დააინიცირა.

2024 წლის 14 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ 84 ხმით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა. ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების კრიტიკის პარალელურად, რამდენიმე დღის შემდეგ, 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო და მასში რამდენიმე შესწორება შეიტანა. 28 მაისს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ეს ყველაფერი საკმაოდ ნაცნობია ეკატერინა კოტრიკაძისთვის. მისი თქმით, რუსეთში დაფუძნებული ტელეკომპანია “დოჟდი“, რომელშიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2021 წელს “უცხო ქვეყნის აგენტ“ მედიად გამოცხადდა. 2022 წლის შემოდგომაზე კი “აგენტები“ ის და მისი მეუღლეც გახდნენ.

გთავაზობთ ინტერვიუდან ფრაგმენტებს:

- მე საქართველოში გავიზარდე, შემდეგ წავედი რუსეთში და იქ მოხდა, რაც მოხდა. რუსეთში სრულიად განადგურებულია ყველა ინსტიტუცია. არ არსებობს სიტყვის, შეკრების თავისუფლება, არაფერი არ არის ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმის გარდა.

აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ კი, საქართველოში არის პრობლემები, ოლიგარქიული მმართველობა, არის ივანიშვილი, რომელიც შეზღუდავს ამას თუ იმას, მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს არის ჩემი სახლი, რომელიც გარემოებების გათვალისწინების გარეშე ყოველთვის მიმიღებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც არ დაეცემა იმ დონემდე, სადამდეც დავიდა რუსეთის სახელმწიფო. ახლა კი ვხვდები, რომ აქაც შეიძლება ეს მოხდეს, თან უფრო მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ საქართველოში, რუსეთთან შედარებით, ყველაფერი აჩქარებულია. ეს ძალიან საშიშია.

- ამბობ, რომ ყველანი გამოგაცხადეს მოღალატეებად და ამ იარლიყით ცხოვრობთ შენ და შენი ოჯახი უკვე მრავალი წელია...

- ტელეკომპანია “დოჟდს“ “უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი 2021 წლის ზაფხულში მიენიჭა. 2022 წლის შემოდგომაზე კი “უცხო ქვეყნის აგენტები“ გავხდით ფიზიკური პირები - მე და ჩემი მეუღლეც.

ერთის მხრივ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი უფრო სასაცილო ხდება, იმიტომ, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ყოველ პარასკევს “უცხო ქვეყნის აგენტების“ ახალ სიას აქვეყნებს.

მაგრამ მეორე მხრივ, არც დუმის დეპუტატებს სძინავთ და “აგენტებისთვის“ ახალ სადამსჯელო ღონისძიებებს იგონებენ. მაგალითად, არ შეიძლება რეკლამის განთავსება “უცხო ქვეყნის აგენტის“ მედიაში. მე არ შემიძლია ჩემს “ტელეგრამარხზე“ რუსული კომპანიის რეკლამა განვათავსო და ფული გამოვიმუშაო. ამას გარდა, შემოთავაზებულია სხვა შემოქმედებითი წინადადებები “უცხო ქვეყნის აგენტებთან“ მიმართებაში, მაგალითად: ჩამოერთვათ მათ ყველანაირი საკუთრება და გადაეცეს სახელმწიფოს სარგებლობაში ან აღიძრას საქმე "აგენტების“ წინააღმდეგ...

თუმცა მე არ მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთის მტერი ვარ.

  • კოტრიკაძის თქმით, საინტერესო იქნებოდა იმის გაანალიზება, თუ რა მიზეზებმა უბიძგა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეს ხმაურიანი კანონპროექტი მიეღო. პოდკასტში წამყვანის მხრიდან გამოითქვა ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მას “ნოვიჩოკის“ ეშინოდეს... თუმცა, კოტრიკაძე ამაზე საუბარს მოერიდა და განაცხადა:

- არაფრის მტკიცება არ არის საჭირო, ყველაფერი გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარაფერს მალავს. როდესაც მიდიხარ იმ სტადიამდე, რომ ამბობ ტრიბუნიდან, რომ “რუსეთი ომობს უკრაინასთან, რადგან ეს დასავლურმა “გლობალური ომის პარტიამ“ მოინდომა“, აღარაფერია განსახილველი.

სხვა საკითხია, თუ მოვინდომებთ ბიძინა ივანიშვილის ქმედებების მოტივის გაანალიზებას, უფრო აზრიანი იქნებოდა, გვეცადა გაგვეგო, თუ რატომ მოქმედებს ის ასე. მან ხომ ძალიან კარგად იცის, რატომ აკეთებს ამას...

- დღეს მქონდა დისკუსია ტაქსის მძღოლთან; ზოგადად ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობა ერთგვარი ინდიკატორია ჩემთვის. ბოლო 2 კვირაა ძალიან პროდასავლელი ტაქსის მძღოლები მხვდებიან, ლიბერალები არიან. სწორედ მათგან მოვისმინე ასეთი რამ “ქართული ოცნების“ წევრებზე, - მათ უკვე იმდენი რამ მოიპარეს, ახლა საკუთარ უსაფრთხოებას უფრთხილდებიანო... ასევე მოვისმინე, რომ თითქოს ივანიშვილს “ნოვიჩოკის“ ეშინია...

- თბილისში ტაქსის მძღოლს აქვს უფლება ყველანაირი ვარაუდი ჰქონდეს, თუმცა მე როგორც ჟურნალისტს, არ მაქვს, ასეთი ბრალდებების გამოთქმის უფლება.

მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი - საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო მისი ქმედებების მოტივები. ვხედავთ რაც ხდება, ვხედავთ, რომ მან აიღო და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გაწირა აქამდე მოსასვლელად, შეაბრუნოს იმ მხარეს, სადაც ჩვენი "ნამდვილი მეგობარია“. "მეგობარი“, რომელიც თითქოს არაფერშია დამნაშავე და მასაც “გლობალური ომის პარტია“ ითრევს კონფლიქტებში...

იხილეთ ასევე:

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა