ავტორი:

"მადამ ბოზარჯიანცის სახლი" ბროლის მინებითა და "სვაროვსკის" თვლებით - ავთენტური თბილისის საიდუმლოს გაეცანით ახალი ნიშურ გამოცემაში "თანა by ბომონდი"

"მადამ ბოზარჯიანცის სახლი" ბროლის მინებითა და "სვაროვსკის" თვლებით - ავთენტური თბილისის საიდუმლოს გაეცანით ახალი ნიშურ გამოცემაში "თანა by ბომონდი"

ძველი თბილისის ერთი-ერთი მარგალიტი ჭონქაძის ქუჩის 12 ნომერში მდებარეობს და ცნობილია, როგორც „მადამ ბოზარჯიანცის სახლი“. ის წარმოშობით სომეხ კომერსანტს, ნიკოლოზ ბოზარჯიანცს ეკუთვნოდა, რომელმაც სახლი ცოლის სახელზე გააფორმა და მისი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ძველი ტფილისის მაცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ სახლის საძირკველში ოქრო-ბრილიანტებია ჩაყოლებული. სადარბაზო villeroy boch-ის ფილებით, სვაროვსკის თვლებითა და ბროლის მინებითაა გაფორმებული. 1915 წელს, ბოზარჯიანცის სახლმა ვერცხლის მედალი მიიღო. მას სპეციალური არქიტექტურული პრემია - „საუკეთესო ფასადი“ მიენიჭა. ასევე, რუსეთის იმპერიის ხუთ საუკეთესო სახლის კონკურსში მეორე ადგილი აქვს აღებული. იმ წელს, პირველი ადგილი არავის დაუკავებია და შესაბამისად, პირველი პრემიაც (ოქროს მედალი) საერთოდ არ გაცემულა. ბოზარჯიანცი თამბაქო საწარმოს ფლობდა და პირველი თბილისელი იყო, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავდა. როგორც ცნობილია, მანქანა პარიზიდან თავისივე მძღოლთან ერთად გამოიწერა.

„მადამ ბოზარჯიანცის სახლი“ მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. შემოსაზღვრული თაღი მსხვილი ქვისგანაა ნაშენი. სადარბაზოს შესასვლელი ფილებითაა მოპირკეთებული და დღემდე შემორჩენილია ბროლის მინები. 1917 წელს, ბოზარჯიანცის ოჯახმა ევროპას მიაშურა. პატრონის გარეშე დარჩენილი ძვირფასი სახლი კი მუნიციპალური ბინების რიცხვს მიემატა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელიტის „უბინაო“ ნაწილის საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. ერთი ოჯახის მყუდრო ცხოვრებისთვის გამიზნული სახლი, რომელსაც თბილისელები „მადამ ბოზარჯიანცის სახლს“ უწოდებდნენ, საერთო საცხოვრებელს დაემსგავსა. შენობაში არაერთი ქართული ფილმი იქნა გადაღებული. მათ შორის: „დათა თუთაშხია“, „მეტიჩარა“, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და „ტიფლისი“.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ საინტერესო სახლებიდან, რომელსაც ძველ თბილისში შეხვდებით. მათი გაცნობა კი უფრო დეტალურად შეგიძლიათ ჟურნალში „თანა by ბომონდი“, რომლის პირველი ნომერიც ახლახან გამოვიდა.

„თანა“ ნიშნავს მრჩეველს და ჟურნალიც ერთგვარი გზამკვლევია მოდის, კულტურის, თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოგზაურობის შესახებ. ის მოიცავს საავტორო სტატიებს მსოფლიოს უდიდესი მოდის სახლების, ამავე სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, დიზაინერების სიმბოლური ნამუშევრების, სილამაზისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პიროვნებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალ „თანა by ბომონდის“ გამოცემის ყდაზე იმუშავა ცნობილმა ქართველმა არტისტმა სალომე რიგვავამ, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში საქმიანობს. მის პოსტერზე გამოსახულია თანამედროვე ქალი თავის მოვლის რუტინითა და ბევრი საზრუნავით. ამასთან მკითხველს ელოდება სიურპრიზი, რომელსაც ის წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში ჟურნალის გამოსვლის შემდეგ შეიტყობს.

ჟურნალის ღირებულება 15 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია, როგორც „ბიბლუსში“, ისე პრესის გავრცელების ჯიხურებში. 2 ივნისის ჩათვლით კი ჟურნალის შეძენას თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც შეძლებთ.

ავტორი: თეა ინასარიძე

R