ავტორი:

"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე

"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე

რამდენიმე დღის წინ, გავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "პოსტვზე" შუადღის გადაცემა, რომლის წამყვანებიც ირმა სოხაძე და მანუ მურღულია იყვნენ, დაიხურა. მაშინ მომღერალმა ინფორმაცია არ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გადაცემა დროებით გაჩერდა. თუმცა გადაცემას უკვე ახალი წამყვანები ჰყავს და ცნობილი გახდა, რომ მანუ მურღულია „ნიკოს ბენდშიც“ აღარ იქნება...

ინტერვიუზე ქალბატონ ირმა სოხაძეს დავურეკეთ. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და ტელევიზია დატოვა. დღეს შემოქმედებითი ტაიმაუტი აქვს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები მის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა და ახლა უნდა გაერკვეს, საით მიდის ქვეყანა.

- ქალბატონო ირმა, რამდენიმე დღის წინ, გვითხარით, რომ ტელეკომპანია "პოსტვზე" თქვენი გადაცემა დროებით შეჩერდა, თუმცა ორი დღეა გადაცემა ახალი წამყვანებით ეთერში გადის.

- არა, წამოვედი. მანუ გაუშვეს და არავისთვის არ მინდოდა ჩემი პოზიციით დისკომფორტი შემექმნა და ვერც ჩემს თავს შევუქმნიდი. ნებაყოფლობითი ტაიმაუტი ავიღე, არავის უთქვამს, წადიო.

ახლა ტაიმაუტი მაქვს აღებული, როდესაც რაღაცა არ მესმის და ვერ ვხვდები რა ხდება, იქ ძალიან ცუდად ვარ. ეს პირველად არ გამიკეთებია, ჩემი მშობლიური „პირველი არხი“ ორჯერ დავტოვე. პირველად, როცა ყველა გაუშვეს ჩემს გარდა, 2004 წელს, დიდი რეორგანიზაციის დროს და მეორედ, როდესაც ბორდში ექვსი წელი უნდა ვყოფილიყავი და წელიწად ნახევარში მივხვდი, რომ ტყუილად ვიყავი და დავემშვიდობე მაყურებელს.

- აქციის დღეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან ცნობილ სახეებზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გამოსულიყვნენ აქციებზე, გაეკეთებინათ განცხადებები, თქვენს თავზე ეს გიგრძნიათ?

- რა ზეწოლა, რომ რატომ არ ხარ აქციებზე? - მე არ მესმის ეს კანონი დღეს ასეთი ძვირი რატომ ღირს, რომ ქვეყანა ორად გახლიჩა. ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა და კიდევ რა გველის არ ვიცით. ფსიქოლოგიური ტერორში ვართ მთელი ქვეყანა. როდესაც რაღაც არ მესმის, მე გვერდზე გავდივარ ან ვამბობ. მე „პოსტვსთან“ კეთილი მოგონებები მაკავშირებს.

როდესაც შარშან პირველად ეს კანონი შემოიტანეს, ჩემი სტუდიიდან, გადაცემიდან არაერთი განცხადება გავაკეთე ამ თემაზე და როდესაც კანონი გაიტანეს, კმაყოფილებაც გამოვთქვი. წელს მართლა ვერ გავიგე, რა მოხდა და მე წამოვედი სამსახურიდან, მეტი რა გავაკეთო.

ის, რომ მიტინგებზე არ ვდგავარ, ეს ჩემი პირადი არჩევანია, სადაც ბევრი ხალხია, ვერ ვჩერდები. ის, რომ მე ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს, რად უნდა ამას საუბარი. ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რასაც ვფიქრობ იმას ვაკეთებ, პატარა ხომ არ ვარ.

არავის დაუტოვებია ჩემს მდგომარეობაში სამსახური, ყველა ხვდება რაც ხდება, არავინაა სულელი, მაგრამ ვიღაცას შეიძლება მართლა მოსწონს. მაგრამ თუ ვინმე მოსწონს და კომფორტულად არის სადმე, ყოჩაღ, მისი ნერვული სისტემის მშურს, მე ვერ ვარ კარგად. წამოვედი, დავტოვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმე, მეტი რა ვქნა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ სიმღერაზეც მისაყვედურეს, პირადშიც მომწერეს, რატომ აუკრძალე ხალხს სიმღერაო. მე ხალხისთვის არ ამიკრძალავს, პირიქით, მათთან ერთად ვმღერი, ჩემზე მეტად ეს ვის უხარია. მე ავუკრძალე „ნაციონალურ მოძრაობას,“ როდესაც მომივიდა ხმები, შემომითვალეს, რომ სლოგანად უნდოდათ გამოეყენებინათ „ზღაპრის ბოლო კეთილია“. მე არ ვარ ნაცების მოყვარული. ასეთი ნარატივია, რომ ოცნებას თუ გააკრიტიკებ, ნაცი ხარ, ეს არ გამიბედოს არავინ, ვინც მე ნაცს დამიძახებს, ის თავად არის ნაცი. თუ რამის დაბრუნება და რევანში არ მინდა წარმოვიდგინო, ეს არის ნაცების მობრუნება.

სწორედ მაგას ვსაყვედურობ ჩემს არჩეულ ხელისუფლებას, "ოცნებას", რომელსაც ვენდობოდი ამდენი წელი, უპირობოდ ვირჩევდი და მათიანი ვიყავი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს.

- თქვენ ხომ ბევრს იცნობთ "ოცნებიდან" და არ გქონიათ პირადი საუბარი კანონთან დაკავშირებით?

- ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო, ყველა მარწმუნებს. კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის, რა საფრთხეებია. რომ არის საფრთხე იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში. არის საფრთხე, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური აზრი. დღეს მაჭარაშვილმა თქვა, უკლებლივ ყველა უნდა გასამართლდეს, ვინც ამ კანონს აკრიტიკებსო. კარგად გვქონია საქმე.

- არ გაქვთ მოლოდინი, რომ ახლა ყველა ტელევიზიაში დაიბლოკებით?

- დავიბლოკო, ნეტა მარტო ეგ იყოს დანაკარგი და დანაკლისი. არ მაქვს არანაირი სურვილი არსად გამოჩენის, უნდა გავერკვე, ჩემი ქვეყანა საით მიდის. ძალიან თბილად მხვდება ხალხი ქუჩაში, ყოველი მეორე ადამიანი მიღიმის, მაჩერებენ, სურათს იღებენ. ხშირად მქონია მომენტი, როდესაც ჩემი თავი დამიბლოკავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კიდევ მაქვს იმედი ჩემი არჩეული ხელისუფლების, რომელიც დღესაც არის, რომ გონიერებას მოუხმობს.

წაიკითხეთ ასევე: