ავტორი:

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... არანაირ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადავფარეთ მთელი ვენახი... არანაირ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ" - სოფელში გადასახლებული მსახიობების ოჯახი: მაკა ძაგანია ახალ ყოფასა და მეურნეობაზე

დედაქალაქიდან რეგიონში გადასვლის სურვილი და იქ ცხოვრების ინტერესი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. მათ შესახებ ჩვენც ხშირად ვწერთ ხოლმე. მსახიობების წყვილმა მაკა ძაგანიამ და გუგა ცერცვაძემაც გადაწყვიტეს ქალაქიდან საცხოვრებლად მარტყოფის აგარაკებზე გადასვლა. რა იყო მათთვის ამის მოტივაცია, როგორ გაართვეს თავი ამ ყველაფერს და რა გეგმები აქვთ მომავალში, ამის შესახებ მაკა ძაგანია გვიამბობს:

- მიწასთან მუშაობის საერთოდ არანაირი გამოცდილება არ მქონია, სოფელიც არ მქონია, რომ ვთქვათ, ბებოსთან და ბაბუასთან ჩავსულიყავი. ბებიას თბილისში კერძო სახლი კი ჰქონდა, სადაც გავიზარდე, მაგრამ მიწათმოქმედები და მეურნეები არასდროს ვყოფილვართ. ის იყო, რომ ყვავილები და გარკვეული ხეხილი ეზოში სულ გვქონდა. მერე ბებიამ და ბაბუა სურამში აგარაკი ააშენეს, სადაც ზაფხულში ჩავდიოდი, მაგრამ იქაც მწვანილიც არ მოგვიყვანია. უბრალოდ ეზოში იყო კაკალი და თხილი. მეზობელი მწვანილს რომ მოგვიკითხავდა, მისი სუნი მომწონდა, მაგრამ მწვანილი როგორ მოჰყავდათ, წარმოდგენა არ მქონდა.

- გავიდა გარკვეული პერიოდი და თქვენ მსახიობ მეუღლესთან ერთად მეურნეობით დაინტერესდით. როგორ მიხვედით აქამდე?

- ისე მოხდა, რომ სურამის აგარაკი გაიყიდა და მითხრეს, რომ ეს შენი წილიაო. მივხვდი, რომ იმ თანხით რაღაც სანაცვლოდ აუცილებლად უნდა მეყიდა. დავიწყე ძებნა და შევიძინე სახლი თავის 600 კვადრატი მიწის ნაკვეთით. ეს არის მარტყოფის აგარაკები. ახლოა ლილოსთან და გომბორთან. აქაურობა იმიტომ ავარჩიე, რომ ქალაქთანაც ახლოსაა, სადაც ჩამოსვლას ხშირად შევძლებდი. სამსართულიანი სახლია, მაგრამ იმდენად მცირე ტერიტორიაა, პირველი სართული მეორესთან ვერ დავაკავშირე, დღემდე გარე კიბე მაქვს. ვფიქრობ, საიდან რა მივაშენო, რომ სახლში კიბე გვქონდეს. მოკლედ, სააგარაკე ადგილია და ეს შენობაც ამისთვისაა კომუნისტების დროს აშენებული.

- დასალევი წყალი აქვს მაგ ტერიტორიას?

- როცა ვიყიდე, დასალევი წყლის პრობლემა იყო. სულ იმას ამბობდნენ, რომ წყალი უნდა გამოიყვანონო. უკვე 15 წელია, ეს ნაკვეთი მაქვს და ამასობაში წყალი ჭაბურღილით გამოვიყვანეთ. ეს იყო 2018 წელი, საიდანაც დავიწყეთ აქაურობის სისტემატური მიხედვა. დღემდე შრომაში ვართ. პანდემიის დროს ყველაფერი რომ დაიხურა, ვთქვით, მოდი, აგარაკზე წავიდეთ, იქ ვიყოთ რაღა აქ, კორპუსში გამოკეტილები დავრჩეთ-თქო. იმ გაზაფხულზე ჩითილები ჩავრგეთ, ბოსტანი გავაშენეთ და მივხვდი, რომ ამ ყველაფერზე ჭკუა მეკეტება. ისეთი აღფრთოვანებით ვხდებოდი გახარებულ ნერგებს, ყვავილებს, ახალ ფოთლებს, ნაყოფს, ვერ აღგიწერთ. ამ ყველაფერმა სერიოზული ეფექტი მოახდინა და მივხვდი, რომ ეს ფანტასტიკური რელაქსია. მიწასთან მუშაობა, მცენარეებთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურად მაწყნარებს, მამშვიდებს. ის შეგრძნება, რომ შენს დათესილს იმკი, ეს კიდევ ცალკე რამ არის. ასეთი აღმოჩნდა ჩემი პირველი შეხება ამ ყველაფერთან, რომელმაც აღმაფრთოვანა.

- და შემდეგ ვენახის გაშენების სურვილიც გაგიჩნდათ, ხომ?

- კი, მერე მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ვაზის გაშენება გვეცადა. ამ კუთხით მას უფრო აქვს გამოცდილება. ამისთვის ჩვენივე სახლის ქვემოთ ნაკვეთი შევიძინეთ, რომელიც აჯაგნარებული იყო, მაყვლის ბუჩქები ერთმანეთში იყო გადახლართული. იმ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ვერ წარმომედგინა, რომ იქ ოდესმე რაღაც შეიძლებოდა დათესილიყო, ან დარგულიყო. მოკლედ, გავკაფეთ, გავასუფთავეთ, ძირითადად ჩემმა მეუღლემ იაქტიურა. ტრაქტორის მოყვანა და მიწის გადაბრუნება დაგვჭირდა. იმდენი წლის დამჯდარი მიწა იყო, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. თან მაყვლის იმ ტერიტორიას მხოლოდ ხელით ვერ გავასუფთავებდით, არც ისეთი პრეპარატის გამოყენება ივარგებდა, რომელიც ყველაფერს ჩაახშობდა. დღესდღეობით გარკვეული ბალახი მაინც ამოდის, მაგრამ ამ სარეველას არ ვებრძვით, იმას თავისი დადებითი თვისებები აქვთ. მიწაში რომ ჩავა, ნიადაგს თავისებურად ამდიდრებს. ასე რომ ვენახში ბევრნაირი სარეველა ამოდის, რომლებსაც არ ვებრძვით. ვენახი 1100 კვადრატზე გვაქვს გაშენებული. არის ბუდეშური, საფერავი, ქისი და ხიხვი. ხიხვზე ამბობენ, რომ ნაკლებმოსავლიანიაო. ვნახოთ. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, ნიშანი უნდა მოგვცეს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@maka.dzagania/video/7366277979590233360" data-video-id="7366277979590233360" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@maka.dzagania" href="https://www.tiktok.com/@maka.dzagania?refer=embed">@maka.dzagania</a> <p>პირველი ნიშანი მოგვცა❤️ იმედი მაქვს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და პირველ მოსავალსაც ავიღებთ🙏❤️</p> <a target="_blank" title="♬ original sound - ☆" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7363615747878193921?refer=embed">♬ original sound - ☆</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

- ვენახს მოვლა უნდა, სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი. ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენ აკეთებთ?

- მე და ჩემი მეუღლე. ის სხლავს, დანარჩენი, გაფურჩქნაში, ნამხრევების მოცილებაში, ახვევაში მეც ვარ ბოლომდე ჩართული... დავაყენეთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები - მთელი ვენახი გადავფარეთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადით. ვინაიდან ბიო სერტიფიკატი გვინდა მოვიპოვოთ, ამიტომ არანაირ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ. ამ გაზაფხულზე ნამხრევის გაცლა მოვასწარით, ახვევა და სამჯერ შეწამლა. მანამდე მიწა შემოდგომით მოვხანით. მეუღლეს მეტი გამოცდილება აქვს-მეთქი, რომ ვთქვი, ეს იმის გამო, რომ სოფელში ჰქონდა მის ოჯახს ვენახიც, ქვევრიც და ჭურებიც...

- ე.ი. ვენახში მსახიობიც მუშაობენ, ხომ?

- დიახ, ასეა. რას ამბობთ, ეს ყოფილა ყველაზე მაგარი რაღაც - ვარჯიშიც არის, ფსიქოლოგიურადაც მაგარი შეგრძნებაა. მოკლედ, საოცრებაა... სამწუხაროდ, ვერც ერთ გრანტს ვერ მივუსწარით, ვაზის მიმართულებით არც ერთი გრანტი აღარ იყო. საერთოდ კი მგონია, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ, სასწაულია, ასე მგონია... პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანი მიწას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოში რაღაც ასეთი ტენდენციაა, რომ ვტოვებთ ჩვენს მიწა-წყალს და 37-ე სართულზე, სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებთ. ეს სახელმწიფოს უფრო და უფრო დაასუსტებს. რაც უფრო ძლიერია გლეხი სოფელში, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. მგონია, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავის მიწა-წყალს და მივხედოთ საქმეს, რადგან ესაა ყველაფერი. პანდემიისას რომ ჩავიკეტეთ, დავინახეთ, რომ ჩვენი აღარაფერი გვქონდა. არადა, ისეთი მიწა-წყალი გვაქვს და ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტების იმედად არ უნდა ვიყოთ. იმდენი რამის წარმოებაა შესაძლებელი, ჩვენგან იქით უნდა მიჰქონდეთ.

- მოკლედ, მოგწონთ თქვენი ახალი ყოფა.

- ძალიან. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შევდივარ თუ არა ჩემს ვაზებში, ვხვდები, როგორ მეხსნება დაძაბულობა. იმ დროს ტვინიც სხვანაირად ისვენებს, ფიზიკურად სხვანაირად იღლები, არც დაძინება გიჭირს. შეიძლება ბოლომდე ვერც გიხსნით, ეს რა შეგრძნებებია. ეს არის ფანტასტიკური თერაპია თავის სასარგებლო თვისებებით. რომელმაც შეიძლება შემოსავალიც მოგცეს და ახალი პერსპექტივები გაგიხსნას. შესაძლოა, დიდი ფიზიკური შრომა ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ მიწასთან შრომა ისეთ ენერგიას გაძლევს, რომ ამას არ შეედრება რომელიმე ამა თუ იმ ბილიკზე სირბილი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მიწევს თბილისში ჩამოსვლა, რადგან ბავშვი სკოლაში ჩამომყავს და სამსახური მეც მაქვს ქალაქში - თეატრალური სტუდია მაქვს. საღამოს ყველას ერთად ერთი სული გვაქვს, უკან როდის დავბრუნდებით. სანამ დაღამდება ჩამოსვლას ვასწრებთ. დავჯდები გარეთ სიმწვანეში და მესმის ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, ჭრიჭინების ხმა და დანარჩენი არაფერი. მართლა ფანტასტიკურია.

- გზა გაქვთ?

- მოხრეშილი და დანარჩენ ნაწილში მხოლოდ მიწაა დაყრილი. 2 კილომეტრი მიწევს მანქანით ასეთ გზაზე სიარული ... უფროსი გოგონა 24 წლისაა და ის უმეტესად თბილისშია, თუმცა აქაც ჩამოდის და მასაც მოსწონს აქაურობა. უმცროსი ბიჭი 9 წლის არის და ჩვენთან ერთადაა სულ... ასე რომ, ყველას ვურჩევ ამ კუთხით მეტად იფიქრონ და ნაფიქრი სისრულეში მოიყვანონ.