ავტორი:

"ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე - ზოგჯერ ისინი იცინიან ამ სიტუაციაზე" - ზელენსკი

"ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე - ზოგჯერ ისინი იცინიან ამ სიტუაციაზე" - ზელენსკი

"აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით.

"შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-სგან მწვანე შუქის გარეშე სხვა მოკავშირეებმაც, შესაძლოა, უკრაინას არ მისცენ უფლება მათ მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს.

"გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას", - აცხადებს სტოლტენბერგი.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიის ომი. რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. დავამატებ: ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნა. ახლა ჩრდილოეთიდან უტევენ ხარკოვის რეგიონს და საზღვარი, ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად იგივეა. ასე რომ, ისინი ურტყამენ უკრაინას რუსეთში განლაგებული რაკეტებითა და არტილერიით და რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვის საკითხი.

"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, უკრაინა ცდილობს თავის დაცვას და ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ ობიექტებზე თავდასხმას. თუ ახლა ბრძოლის ველს შეხედავთ, რუსეთი უკრაინის მიწას, რუსეთის ტერიტორიიდან ესხმის თავს არტილერიით, რაკეტებით და რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან უჭირს თავის დაცვა, თუ მათ არ მიეცემათ საშუალება გამოიყენონ მოწინავე იარაღი ამ თავდასხმების მოსაგერიებლად. ბევრმა მოკავშირემ ცხადყო, რომ ისინი, რა თქმა უნდა, აღიარებენ, რომ უკრაინა იყენებს მათ მიერ მიღებულ იარაღს საკუთარი თავის დასაცავად, მათ შორის რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის. მითუმეტეს, როცა ეს სამხედრო ობიექტები გამოიყენება რუსეთის ტერიტორიიდან თავდასხმისთვის. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მივიჩნევთ, რომ ეს გაკეთდება პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.