ავტორი:

"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე

"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე

შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 31 მაისს, 20:00 საათზე დაიწყო.

ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

"პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა, ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის. იცოდეთ რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი", - მიმართა მინისტრმა სამართალდამცავებს.

სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ტარდება, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან, ასევე განლაგებულია სპეცტექნიკა.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო შსს მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. "საქართველოს პოლიცია მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, დიდი მადლობა ამისთვის", - განაცხადა მან.

ღონისძიებას არ ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე, აბსოლუტურად, ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა ეს დღეს საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიულოცა.

როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ "პოლიციის დღის“ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. "რადიო თავისუფლებას" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო "პოლიციელის დღის“ აღსანიშნად გამართულ ყველა ღონისძიებას, დღევანდელს გარდა, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში.