ავტორი:

"დანით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი ააფეთქეს" - რუსი სამხედროების სასტიკი დანაშაული: რას ჰყვება მოკლული გოგონას დედა

"დანით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი ააფეთქეს" - რუსი სამხედროების სასტიკი დანაშაული: რას ჰყვება მოკლული გოგონას დედა

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლო სამ რუს ჯარისკაცს ასამართლებს. სამხედროები გოგონას გატაცებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. ერთ-ერთი ბრალდებული საჰაერო სადესანტო ოცეულის მეთაური და პოეტი აიდინ ჟამიდულოვია. მისი ლექსები, სადაც SVO-ს ადიდებს, სოციალურ ქსელში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდზეა გამოქვეყნებული.

  • მოკლული ქალი, 23 წლის ვალენტინა დავრონოვა ლუგანსკის ოლქიდან იყო. გამომძიებლების თქმით, ჯერ თავად ჟამიდულოვმა, შემდეგ კი მისმა ქვეშევრდომებმა, უფროსის ბრძანებით, გოგონას დანა არაერთხელ დაარტყეს, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის დასაფარად ცხედარი ხელყუმბარებით ააფეთქეს.

BBC მოკლული ქალის დედასთან, ტატიანა დავრონოვასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

სამი სამხედროს გარდა, დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ასევე ბრიგადაში მსახურობდა, 2023 წლის ზაფხულში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი ლუგანსკის ოლქის ნოვოაიდარსკის რაიონის სოფელში გაიზარდა. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ეს ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო. 2018 წელს, ვალენტინა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შევიდა. იმავე წელს დაფეხმძიმდა და დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. ქალიშვილი ორი წლის ჰყავდა, როდესაც დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალენტინამ ჯარი დატოვა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტის დასაწყისში რეგიონი რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს, ქალი არაერთხელ დაიბარა FSB-მ და დაკითხა.

"რამდენიმეჯერ გაიარა შემოწმება, არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, სუფთა იყო“, - ამბობს ტატიანას დედა. "მას რაიმეს შიში რომ ჰქონოდა, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცეოდა“.

ვალენტინა უკრაინის არმიაში, ფოტო გარდაცვლილის სოციალური ქსელიდან

სიცოცხლის ბოლო წელს ვალენტინამ ბინა ქალაქ შჩასტიაში იქირავა, სადაც ქალის საცვლების მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. შვილი ბებიასთან სოფელში დარჩა.

”ჩემი შვილი მუშაობდა, რომ ბავშვი უზრუნველყოფილი ჰყოლოდა. ყოველთვის სავსე ჩანთებითა და საჩუქრებით ჩამოდიოდა ჩვენთან. ხშირად გვირეკავდა".

"თუ ტელეფონი გამორთულია, ეს უკვე უბედურებას ნიშნავს"

2023 წლის 13 იანვრის საღამოს, ვალენტინა დავრონოვა ძველ ახალ წელს შჩასტიაში მეგობართან ერთად აღნიშნავდა, როდესაც მას ნაცნობმა რუსმა სამხედრომ დაურეკა და მოსთხოვა ლუგანსკში ერთ-ერთ კაფეში მისულიყო.

იმ საღამოს ქალიშვილმა დედას აღარ დაურეკა. ქალი ამბობს, რომ შვილი დაძინებამდე ყოველ ღამეს ურეკავდა. ღამის 10:30 საათზე ტატიანა დავრონოვამ თავად დაურეკა ქალიშვილს, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო. ”ის არასოდეს თიშავდა ტელეფონს. თუ ტელეფონი გამორთულია, ეს უკვე უბედურებას ნიშნავს“, - იხსენებს ქალი.

სამი დღის შემდეგ დავრონოვა ადგილობრივ პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ მისი თხოვნა, რომ გოგონა მოეძებნათ სერიოზულად არ მიიღეს. დედა იძულებული გახდა პირველადი გამოძიება დამოუკიდებლად ჩაეტარებინა. პირველად ქალიშვილის ნაცნობებს და თვითმხილველებს დაუკავშირდა, ვისთან ერთადაც კაფეში იყო, ასევე გაარკვია, ვინ დაურეკა ბოლოს. შემდეგ კი შვილის მეგობრის რჩევით, ლუგანსკის საგამოძიებო კომიტეტში.

მალევე, გამოძიებამ სამი რუსი სამხედრო დააკავა - საჰაერო სადესანტო ძალების ოცეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი აიდინ ჟამიდულოვი, რიგითი ალექსეი დოროჟკინი და სერჟანტი რომან პლეშჩეევი. ტატიანა დავრონოვას თქმით, ასევე დააკავეს მეოთხე რუსი სამხედრო, მეტსახელად ბუგორი, მაგრამ მოგვიანებით იგი მისთვის უცნობ გარემოებებში გარდაცვლილი იპოვეს.

დაკავებულმა სამხედროებმა გამოძიებას ვალენტინას ცხედრის ადგილმდებარეობის შესახებ შეატყობინეს. მაშინ გაიგო დედამ, რომ მისი შვილი მოკლეს. გოგონა გარდაცვალებიდან ორმოცდამეათე დღეს ამოთხარეს, ის ტყეში იყო დამარხული.

"ყველამ, მთელმა ბრიგადამ იცოდა მომხდარის შესახებ"

გოგონას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა კომერსანტმა გაავრცელა. მედიის ცნობით, იმ საღამოს ვალენტინა დავრონოვა „რადუგას“ კაფედან გამოიყვანეს და "კამაზის“ საბარგულში ჩასვეს. „ოფიცერმა ქალს ხელები შეუკრა. უფროსმა ლეიტენანტმა, რომელიც მათთან ერთად იყო, ალექსეი დოროჟკინს უბრძანა ვალენტინასთვის თვალები აეხვია “, - წერს გამოცემა საქმის მასალებზე დაყრდნობით.

ეიდინ ჟამიდულოვმა უთხრა თავის ქვეშევრდომებს, რომ ვალენტინა უკრაინის არმიაში მსახურობდა და, სავარაუდოდ, დაზვერვით იყო დაკავებული უკრაინის სასარგებლოდ.

გოგონა ჯარისკაცის აბანოში გადაიყვანეს, სადაც „ჟამიდულოვმა მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში დანით ოცამდე ჭრილობა მიაყენა. ამ დროს აბანოში შევიდა სერჟანტი რომან პლეშჩეევი, რომელსაც ჟამიდულოვმა უბრძანა, საქმე დაესრულებინა. სამხედროს არ სურდა ქალის მოკვლა, მაგრამ უფროსის შეეშინდა. რომან პლეშჩეევმა ქალს დანა მარცხენა მხარსა და მარჯვენა ფეხში დაარტყა" - წერს კომერსანტი.

გარდაცვლილი ვალენტინა დავრონოვა

"როდესაც გოგონას გარდაცვალებაში დარწმუნდა, ჟამიდულოვმა ქვეშევრდომებს უბრძანა, ცხედარი დროებითი განლაგების პუნქტის გარეთ გაეტანათ და სამი F-1 ხელყუმბარით აეფეთქებინათ, რათა გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო“, - წერს გამოცემა.

აიდინ ჟამიდულოვისა და ალექსეი დოროჟკინის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2024 წლის 5 ივნისს არის ჩანიშნული. რომან პლეშჩეევის საქმე, როგორც კომერსანტი წერს, ცალკე განიხილება. როგორც ვალენტინას დედამ, ტატიანა დავრონოვამ BBC-ს განუმარტა, ეს განპირობებულია დანაშაულის განსხვავებული კლასიფიკაციით - მისი ვარაუდით, პლეშჩეევს ბრალი არა მკვლელობაში, არამედ სხეულის მძიმე დაზიანებაში ედება.

"ვიღაცამ სისხლიანი ხელები დაიბანა, ვიღაცამ სხეული გადაიტანა. ყველამ გაიგონა მისი ყვირილი, დასცინოდნენ, იმდენი ჭრილობა ჰქონდა. ყველამ, მთელმა ბრიგადამ იცოდა მომხდარის შესახებ. დედას სურს, რომ ყველას სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

"მინდა, რომ ჩემს შვილიშვილს მომავალი ჰქონდეს"

მედიის ცნობით, აიდინ ჟამიდულოვი 28 წლისაა, წარმოშობით ყაზახეთიდან და ადრე შემდუღებლად მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და უფროსი ლეიტენანტის წოდებით 76-ე სადესანტო დივიზიის საჰაერო სადესანტო პოლკის საჰაერო სადესანტო ოცეულის მეთაურად მსახურობდა. ეს არის ელიტური დანაყოფი.

კომერსანტი ამტკიცებს, რომ მკვლელობის მოტივი ეიდინ ჟამიდულოვსა და გარდაცვლილს შორის ადრე არსებული ინტიმური ურთიერთობა გახდა. მოგვიანებით კი ქალი ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ მის ცოლს ეტყოდა.

  • გარდაცვლის დედის თქმით, პირიქით, ვალენტინა არ თანხმდებოდა ურთიერთობაზე უფროს ჟამიდულოვს და ეუბნებოდა, რომ თავს თუ არ დაანებებდა, მის ცოლს ეტყოდა. სწორედ ეს გახდა მკვლელობის მოტივი.

ტატიანა დავრონოვა იმედოვნებს, რომ მისი ქალიშვილის მკვლელებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ქალი ასევე გეგმავს ფულადი კომპენსაცია მოითხოვოს. "მინდა მისთვის ბინა მაინც ვიყიდო, ბავშვმა ქალაქში იცხოვროს, რაღაც მომავალი ჰქონდეს. რაღაც მაინც დარჩეს დედისგან“, - ამბობს ქალი.

მისი თქმით, ქალიშვილის დაკარგვის მწუხარების გარდა, სამართლიანობის მიღწევის მცდელობა ძალიან ძვირი უჯდება. ქალიშვილის დაკრძალვა, დონის როსტოვში სასამართლო სხდომებზე ტაქსით სიარული, ადვოკატის საფასური - ეს ძალიან დიდი თანხაა პენსიონერისთვის, რომელიც შშმ პირია.

”არავის აინტერესებს ჩემი მწუხარება, არავინ მეხმარება”, - ამბობს ტატიანა დავრონოვა. „თავდაცვის სამინისტროსაც კი უბრალო, ადამიანური სამძიმარიც კი არ უთქვამს.“