ავტორი:

ვინ დააჯილდოვა შსს მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - ფოტოები და ისტორიები

ვინ დააჯილდოვა შსს მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - ფოტოები და ისტორიები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 თანამშრომელი სამინისტროს მედლით "მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიშიკო ხუციშვილმა, ელგუჯა გელაძემ, გოგი ხუციშვილმა, გიორგი სუჯაშვილმა და გიორგი ქუშაშვილმა - მიმდინარე წლის 1 მარტს, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, მყინვარზე მყოფი 2 ორი უცხოელი ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მყინვარის წვერზე მყოფი 2 ტურისტი ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სპეციალიზებული განყოფილების სამაშველო ჯგუფი, ვერტმფრენის დახმარებით გაემგზავრა მყინვარწვერის მიმართულებით.

ძლიერი ქარის გამო ვერტმფრენმა ვერ შეძლო მყინვარამდე შეფრენა, რის გამოც სამაშველო ჯგუფმა ფეხით გადაადგილება განაგრძო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა, სხვადასხვა ტერიტორიაზე მყოფ ორივე ტურისტს მიაკვლიეს და უსაფრთხო ადგილამდე ჩამოიყვანეს, საიდანაც ვერტმფრენის საშუალებით მოხდა მათი ტრანსპორტირება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - "112"-ის ცვლის უფროსის თანაშემწე იამზე მუმლაძე დააჯილდოვა.

როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დარეკა 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც შეტყობინებაში ამბობდა, რომ მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე იმყოფებოდა და სიცოცხლის სუიციდით დასრულებას აპირებდა. ზარის მიმღებმა - იამზე მუმლაძემ შეძლო აღელვებულ მოქალაქესთან საუბრის წარმართვა, უმოკლეს დროში მოიძია მისამართი და ოპერატიულად მიაწოდა ყველა შესაბამის სამსახურს.

იამზე მუმლაძემ შეძლო არ შეეწყვიტა ზარის ინიციატორთან საუბარი შესაბამისი სამსახურების მისვლამდე, პარალელურად მომიჯნავე სამსახურებს ეკონტაქტებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით, დახმარებოდა ადგილამდე დროულად მისვლაში.

პოლიციელის დღეზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი დააჯილდოვა.

სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი სოსო ლიპარტელიანი, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო, რა დროსაც მანქანა მდინარე ცხენის წყალში გადავარდა.

სოსო ლიპარტელიანის მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება, ის შევიდა მდინარეში და წყლიდან, უსაფრთხო ადგილზე სამი ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელი - უმცროსი ინსპექტორი პოლიციის უმცროსი სერჟანტი - ვახტანგ თეთვაძე მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

ვახტანგ თეთვაძემ მორიგეობის დროს შენიშნა, რომ ერთ-ერთი დაკავებული პირი იყო უგონო მდგომარეობაში, მან დაუყოვნებლივ დაიწყო ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე მისი კომპეტენციის ფარგლებში იბრძოდა დაკავებულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

პოლიციელის დღეზე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი პოლიციის მაიორი ვლადიმერ სოსიაშვილი სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა.

ქარელში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მოქალაქეს, ამავდროულად ახდენდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს და შეურაცხყოფას აყენებდა მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს.

დანაშაულის აღკვეთის მიზნით, სამართალდამცველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ, მათ შორის ქარელის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, მაიორი ვლადიმერ სოსიაშვილი. ადგილზე მისულ პოლიციელებს შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენჯერმე ესროლა. უშუალოდ, ვლადიმერ სოსიაშვილის აქტიურობის შედეგად შემთხვევის ადგილზე განიარაღებული და დაკავებული იქნა აღნიშნული მოქალაქე.შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველების პროფესიონალიზმისა და დროული რეაგირების შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიებაზე, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი - დავით გიგუაშვილი მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

დავით გიგუაშვილის დროული რეაგირებისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში ძარცვის ფაქტის აღკვეთა და დამნაშავე პირის დაკავება მოხდა.

სამინისტროს მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორი, პოლიციის რიგითი ნატო ჩიტიშვილი. ნატო ჩიტიშვილმა, ოჯახური ძალადობის შესახებ მიიღო ზარი, სადაც არასრულწლოვანები ფიგურირებდნენ.

არასრულწლოვანი, რომელმაც 112-ზე დარეკა, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სტრესის ფონზე, საკუთარ მისამართსაც კი ვერ გადმოსცემდა. ოპერატორმა საუბარი ისე წარმართა, რომ შეძლო დაედგინა მისამართი და ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურები გაეგზავნა. პოლიციის მისვლამდე 112-ის ოპერატორს ხაზზე ჰყავდა არასრულწლოვანი და მაქსიმალურად ცდილობდა მის დამშვიდებას. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ შესაბამისი სამსახურები და აღნიშნული დანაშაულისთვის, სამართალდამცველების მიერ დაკავებული იქნა მამაკაცი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები პოლიციის მაიორი სერგი გიორგიშვილი და პოლიციის კაპიტანი თორნიკე მარიცაშვილი დააჯილდოვა.

პატრულ-ინსპექტორებმა წყალში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს, მათ შორის იყო ორსული ქალი, რომელიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, მანქანიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა და შველას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათეულის მეთაური - პოლიციის კაპიტანი ალექსი ცისკარიშვილი დააჯილდოვა.

ალექსი ცისკარიშვილმა სხვადასხვა დროს თბილისში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რომლებიც სიცოცხლის სუიციდით დასრულებას მდინარე მტკვარში გადახტომით გეგმავდნენ.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღეზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ - დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ივანე კაციტაძე; სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „დამსახურებული პოლიციელი“ დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი - გიორგი სამარღანიშვილი.

სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „დამსახურებული პოლიციელი“ ,ასევე, დაჯილდოვდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკი - გიორგი ოთარაშვილი.

სამინისტროს II ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის მაიორი - ანა ბარაბაძე.

სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ , ასევე, დაჯილდოვდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველოს ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - მირანდა ბაქრაძე.

სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრის ხელმძღვანელი - ზურაბ შავაძე.

სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ვალერიან თურქიაშვილი.

სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გიორგი დარძული.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის“, ასევე, დაჯილდოვდნენ: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ვეფხია ტერაშვილი, სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის მაიორი - გიორგი ყველიაშვილი, 1-ლი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - დავით ყამარაული, ასევე, მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს 1-ელი განყოფილების 1-ელი ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი პოლიციის ლეიტენანტი - ლუკა ედილაშვილი.