ავტორი:

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს "ისტორიული მომენტი" - ხომალდი Chang'e 6 მთვარის შეუსწავლელ ტერიტორიაზე წარმატებით დაეშვა

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს "ისტორიული მომენტი" - ხომალდი Chang'e 6 მთვარის შეუსწავლელ ტერიტორიაზე წარმატებით დაეშვა

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინური ხომალდი, სახელწოდებით Chang'e 6 წარმატებით დაეშვა მთვარის შორეულ ნაწილში - შეუსწავლელ ტერიტორიაზე, სადაც წასვლაც აქამდე არავის უცდია. ჩინეთის კოსმოსური ადმინისტრაციის ცნობით, Chang'e 6 მთვარეზე კვირა დილით პეკინის დროით 06:23 საათზე დაეშვა. მისია 3 მაისს დაიწყო და ის ამ რეგიონიდან ძვირფასი ქვებისა და ნიადაგის შეგროვებას ისახავს მიზნად.

მთვარემავალს შეუძლია მთვარის სამხრეთ პოლუსზე მდებარე უზარმაზარი კრატერიდან უძველესი ქანები ამოიღოს, შემდეგ კი ჩვენს პლანეტაზე ჩამოიტანოს.

როგორც წესი, მთვარეზე ხომალდის დაშვება რისკებითაა სავსე და არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი. ამრიგად, ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის ამ შორეულ ტერიტორიაზე დაშვება წარმატებით მოახერხა. ჩინეთის სახელმწიფო მედიამ წარმატებულ დაშვებას "ისტორიული მომენტი" უწოდა.

  • მთვარემავალი სამი დღის განმავლობაში შეაგროვებს მასალებს, რაც კოსმოსური სააგენტოს თქმით, "ბევრ ინჟინრულ სიახლეს, მაღალ რისკებს და დიდ სირთულეებს" უკავშირდება".

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ პერნეტ-ფიშერი, რომელიც მთვარის გეოლოგიაშია სპეციალიზებული, აცხადებს, რომ ამ მიღწევით თვითონაც აღფრთოვანებულია. მისი თქმით, მთვარის სრულიად განსხვავებული უბნის ნიადაგის ანალიზმა შესაძლოა ისეთ ფუნდამენტურ კითხვებზე მოგვცეს პასუხი, როგორიცაა ის, თუ როგორ წარმოიქმნება პლანეტები.

აქამდე მთვარეზე შეგროვებული ქანების უმეტესობა ვულკანური სახისაა, ისევე, როგორც ისლანდიასა და ჰავაიში, მაგრამ პროფესორი ფიშერის თქმით, მთვარის შორეულ მხარეს არსებულ მასალას განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა ექნება.

ჩინეთი მომდევნო წლებში კიდევ სამ უეკიპაჟო მისიას გეგმავს მთვარეზე წყლის პოვნის იმედით და სურვილი აქვს, კოსმონავტებისთვის იქ მუდმივი ბაზა შექმნას. 2030 წლისთვის კი თანამგზავრზე ჩინელი ასტრონავტის გაშვებაც სურს პეკინს.

ამავდროულად აშშ-საც სურს თავისი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნება. NASA 2026 წლისთვის აპირებს Artemis 3-ის მისიაში ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა