ავტორი:

მედიკამენტი, რომელიც კიბოს "ადნობს" - კვლევის შედეგები, რომელმაც, მსოფლიო მედიცინაში შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს: "ქიმიოთერაპიის ნაცვლად ამ წამლის მიღებამ ბევრ პაციენტს სიმსივნე გაუქრო"

მედიკამენტი, რომელიც კიბოს "ადნობს" - კვლევის შედეგები, რომელმაც, მსოფლიო მედიცინაში შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს: "ქიმიოთერაპიის ნაცვლად ამ წამლის მიღებამ ბევრ პაციენტს სიმსივნე გაუქრო"

ექიმების თქმით, იმუნოთერაპიის პრეპარატი, რომელიც სიმსივნეებს "ადნობს", ნაწლავის კიბოს განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის საჭიროებაც კი აღარ გახდეს საჭირო. Pembrolizumab-ი, რომელიც კიტრუდას სახელითაცაა ცნობილი, სპეციფიკურ პროტეინს იღებს მიზანში და იმუნური უჯრედების ზედაპირზე ბლოკავს, შემდეგ ის კიბოს უჯრედებს ეძებს და ანადგურებს.

კლინიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ ქიმიოთერაპიის ნაცვლად ოპერაციამდე ამ მედიკამენტის მიღებამ ბევრ პაციენტს საერთოდ გაუქრო სიმსივნე. შედეგები კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი, რომელიც კიბოს მსოფლიოში უდიდესი კონფერენციაა.

კვლევას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფო, მანჩესტერის საქველმოქმედო ფონდი, ლიდზის წმინდა ჯეიმსის საუნივერსიტეტო საავადმყოფო და გლაზგოს უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდნენ.

"შესაძლოა, ოპერაციამდე იმუნოთერაპია კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობის ახალ საშუალებად დაინერგოს",- აცხადებს ონკოლოგიის კონსულტანტი მარკ სონდერსი. "იმუნოთერაპიას არა მხოლოდ უკეთესი შედეგი აქვს, არამედ პაციენტებს ქიმიოთერაპიისგან და მისი გვერდითი ეფექტებისგანაც იცავს. შესაძლოა, მომავალში ოპერაციის საჭიროებაც აღარ იყოს",- დასძინა სონდერსმა.

  • ნაწლავის კიბო მსოფლიოში სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ნაწლავის კიბოს 1.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 900 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 5 საავადმყოფოდან ნაწლავის კიბოს მეორე და მესამე სტადიის მქონე 32 პაციენტი შეარჩიეს. მათ ქიმიოთერაპიის ნაცვლად, 9 კვირის განმავლობაში აძლევდნენ კიტრუდას, შემდეგ კი მათ დროთა განმავლობაში აკონტროლებდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტების 59%-ს მკურნალობის შემდეგ კიბოს ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ, დანარჩენ 41%-ს კი სიმსივნე ოპერაციის დროს ამოუღეს.

კვლევამ დაადგინა, რომ იმუნოთერაპიის შემდეგ კიბოსგან ყველა პაციენტი გათავისუფლდა. სხვა შედეგებია ხოლმე სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემთხვევაში, როცა ოპერაციის შემდეგ პაციენტების 5%-ზე ნაკლებს აღარ უფიქსირდება კიბოს ნიშნები.

ამ მიდგომას კიდევ ის აქვს განსხვავებული, რომ პაციენტებს პოსტოპერაციული ქიმიოთერაპიაც არ დასჭირვებიათ.

დოქტორი მარნიქს იანსენის თქმით, მანამ, სანამ მედიკამენტი მკურნალობაში დაინერგება, მის შესაფასებლად მეტი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო: "მაგრამ თუ ამ კვლევის შედეგებს გავითვალისწინებთ, სავსებით შესაძლებელია, 1-2 წელიწადში ის კლინიკებშიც ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ცდებიც ანალოგიურად წარმატებული იქნება."- ამბობს იანსენი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა