ავტორი:

ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? - "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"

ხმები, რომელიც ქრება: დედამიწას "სასიკვდილო სიჩუმე" ემუქრება? -  "მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება"

სამყაროში ბუნების ხმები გამუდმებით იცვლება, თუმცა მეცნიერები შეშფოთებით ლაპარაკობენ იმ მასშტაბურ გადასხვაფერებაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება. მათი თქმით, ეკოსისტემებში ხმაურის ინტენსივობისა და მრავალფეროვნების დაკარგვა ჯანსაღი ბიომრავალფეროვნების საგანგაშო შემცირებას ასახავს. ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გარეული ცხოველების პოპულაცია ბოლო 50 წლის განმავლობაში 69%-ით შემცირდა, შესაბამისად, მათთან ერთად ქრება უნიკალური ხმები, რომლებიც ბუნების ლანდშაფტისთვის არის დამახასიათებელი: ძუძუმწოვრების ღამის ხმაური, ფრინველების დილის გალობა და მწერების ზუზუნი...

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხმა ხდება ეკოსისტემების ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნების გაზომვის მნიშვნელოვანი საშუალება: ჩვენი ტყეები, ნიადაგები და ოკეანეები ატარებენ საკუთარ აკუსტიკურ ნიშნებს. მეცნიერები, რომლებიც იყენებენ ეკო აკუსტიკას ჰაბიტატებისა და სახეობების შესასწავლად, ამბობენ, რომ ათასობით ჰაბიტატს შორის თანდათან გულისმოსაკლავი სიჩუმე მეფდება, რადგან პლანეტა სახეობების მდგრადობისა და მრავალფეროვნების დაკარგვის მოწმეა. მათთან ერთად თანდათან გაქრება ან დაკარგავს ხმის აქამდე ნაცნობ ტონებს ჩვენთვის ნაცნობი არაერთი ხმა...

"დღეს, ზოგიერთ ეკოსისტემაში უკვე "სასიკვდილო სიჩუმე" შეიმჩნევა", - ამბობს პროფესორი სტივ სიმპსონი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან.

"ცვლილებები ღრმაა და ეს ყველგან ხდება“, - აცხადებს ამერიკელი მეცნიერი ბერნი კრაუზე, რომელმაც ბოლო 55 წლის განმავლობაში შვიდი კონტინენტიდან 5000 საათზე მეტი ქრონომეტრაჟის ჩანაწერი გააკეთა. მეცნიერის შეფასებით, მისი არქივის 70% არის ჰაბიტატებიდან, რომლებიც უკვე აღარ არსებობს.

ბერნი კრაუზე თანაშემწესთან ერთად

პროფესორი ბრაიან პიჯანოვსკი პერდუს უნივერსიტეტიდან აშშ-ში 40 წელია უსმენს ბუნებრივ ბგერებს და აკეთებს ჩანაწერებს მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითადი ტიპის ეკოსისტემებიდან.

"წარსულის ხმები, რომლებიც ჩაწერილი და შენახულია, წარმოადგენს სახეობების ხმებს, რომლებიც შესაძლოა აღარც არსებობენ - ასე რომ, გვაქვს ჩანაწერები ადგილებიდან, რომლებიც გაქრა. ამ თვალსაზრისით, ისინი უკვე აკუსტიკურ ნამარხებს წარმოადგენენ...

მრავალი კვლევა ადასტურებს, თუ როგორ იცვლება ბუნებრივი ხმების პეიზაჟები, იშლება და ჩუმდება. 2021 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ ჟურნალ Nature-ში აჩვენა ვითარება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. "გასული 25 წლის განმავლობაში ორივე კონტინენტზე შესამჩნევია აკუსტიკური მრავალფეროვნებისა და ბგერათა ინტენსივობის მკვეთრი დაკარგვა, რაც გამოწვეული იყო სახეობების სიმდიდრისა და სიმრავლის ცვლილებებით“, - აცხადებენ კვლევის ავტორები და დასძენენ: ”ხმები - ერთ-ერთი ფუნდამენტური გზაა, რითაც ადამიანები ბუნებასთან ურთიერთობენ, ქრონიკულ ვარდნაშია, რაც პოტენციურად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე".

ეკოსისტემის ხმის ცვლილება ხდება ჰაერში, ტყეებში, ნიადაგში და წყლის ქვეშაც კი. ცივი ომის დროს, აშშ-ს საზღვაო ფლოტი საბჭოთა წყალქვეშა ნავების სათვალთვალოდ იყენებდა სპეციალურ წყალქვეშა სისტემებს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მათ ამის გაკეთება უჭირდათ მარჯნის რიფებთან, რიფების წარმოქმნილი ხმების გამო.

"როდესაც ჩვენ ჯანსაღ რიფთან მივდიოდით, გონებას გვიფანტავდა ხმების კაკოფონია, რომელიც გვესმოდა“, - თქვა სიმპსონმა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებს მარჯნის რიფებს ჰიდროფონების გამოყენებით. მისი თქმით, "ჯანსაღი რიფი ხმების კარნავალი იყო"...

კვლევის დასაწყისში, ძრავიანი ნავების ხმაურით წარმოქმნილი დაბინძურება იყო მისი მთავარი საზრუნავი, მაგრამ 2015 და 2016 წლებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - დაიწყო მარჯნების გაუფერულება, რამაც გამოიწვია მათი 80% - ის სიკვდილი.

"მსოფლიოში მარჯნის რიფების საფარის ნახევარზე მეტი დაკარგულია. თუ გლობალური დათბობა კვლავ გაგრძელდება, მარჯნის რიფების 99%-ზე მეტი მოკვდება...", - ამბობს ის

  • The Guardian-ი, რომელიც ბუნების ამ სამწუხარო მოვლენაზე წერს, ფრაგმენტებად სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იშველიებს.

ოლივერ ფიგელი, გერმანია:

"90-იან წლებში, როდესაც მოზარდი ვიყავი, მაღიზიანებდა ჩემი ფანჯრიდან შემოსული ჩიტების ჭიკჭიკი. 12 საათის შემდეგაც კი, ეს ხმები იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ხშირად ჩაძინება მიჭირდა. ახლა კი, როდესაც ჩემი ფანჯარა ისევ სულ ღიაა, ფრინველების ხმები აღარ შემოდის, იმიტომ, რომ ფრინველები, უბრალოდ, აღარ არიან“.

ის ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობასაც იხსენებს და ამბობს, რომ წლების წინ, ასეთ მოგზაურობებს მუდმივად მოჰყვებოდა ავტომობილის საქარე მინის დაბინძურება მწერებისგან, ახლა კი ამგვარი აღარაფერი ხდება.

დებრა მაკკეილი, კანადა:

"მე და ჩემმა ქმარმა, 1985 წელს ნიუ-ბრანსვიკში, ტყეში სახლი ავაშენეთ. გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც მზე ადრე ამოდიოდა, ჩიტების ჭიკჭიკი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ საძინებლის ფანჯრის დაკეტვა გვიწევდა, რათა დაგვეძინა. ეს ყველაფერი დიდი ხანია, რაც დასრულდა. ეს განსხვავება 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღმოვაჩინე. მეშინია, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ, სულ სხვანაირი იქნება“.

იანა ჰუდეკოვა, სლოვაკეთი:

"ჩემი მშობლების ბაღში ალუბლის ხე დგას, რომელიც ყვავილობის პერიოდში ნამდვილ პატარძალს ჰგავს. მთელი ცხოვრება მეშინოდა ამ ხის ქვეშ დაბუდებული ფუტკრების. ახლა 42 წლის ვარ და ვიცი, რომ აღარაფერია საშიში, რადგან ისინი აღარ არიან იქ“.

მკითხველი დიდი ბრიტანეთიდან:

"89 წლის ვარ და ჩემი ახლანდელი ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება წარსულისგან. ჩემს ბავშვობაში ზაფხულის დადგომას გუგული გვახარებდა ხოლმე, ხოლო მერცხალი ამ სეზონის მთავარი გმირი იყო. მახსენდება რეიჩელ კარსონის წიგნის სახელწოდება "ჩუმი გაზაფხული“ და ვფიქრობ, ნუთუ ის ამ პერიოდზე წერდა?“

ჯეიმს დრაბლი, აშშ:

"ბუნების ხმა? როგორია იგი? გამუდმებით ჩამესმის მანქანის ხმები, როდესაც ჩემი მეზობლები თავის ავტომობილებს აღებენ და ხურავენ. გარშემო სხვა აღარაფერი ხდება“.

ალექს სმელი, დიდი ბრიტანეთი:

"დავიბადე 1982 წელს და 25 წლამდე ვცხოვრობდი ნორვიჩში, ინგლისის აღმოსავლეთში. სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ფრინველების ხმოვანება დამაკლდა. ბავშვობიდან დღემდე ფრინველების პოპულაცია, ჩემს გარშემო 90%-ით შემცირდა.

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ, მათ შორის მეც, ვერ გავაცნობიერეთ ამ ხმების ნაკლებობა. ისინი ისე სწრაფად გაუჩინარდნენ ჩემს გარშემო, რომ აღარც მახსოვს, ოდესმე თუ არსებობდნენ“.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი