ავტორი:

მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

მემარჯვენეთა შანსები და პუტინის აჩრდილი: ეს რუსეთისადმი და უკრაინისადმი დამოკიდებულებას არსებითად ვერ შეცვლის - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ამომრჩეველი ამ კვირაში კენჭს უყრის ევროპარლამენტის არჩევნებს, რამაც შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპულ პოლიტიკაში. მოლოდინია, რომ ულტრამემარჯვენეები, ევროსკეპტიკოსები და უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეები შედარებით მეტ წარმატებას მიაღწევენ.

რატომ ხდებიან მემარჯვენეები პოპულარული, როგორ იმოქმედებს ეს ევროპის კურსზე და შესუსტდება თუ არა მისი პოზიცია უკრაინის დახმარების თაობაზე?

  • ვის და როგორ ირჩევენ ევროპელები?

6 ივნისიდან ხმის მიცემის უფლების მქონე თითქმის 373 მილიონი ევროპელი არჩევნებზე მივა ევროპარლამენტის 720 წევრის ასარჩევად.

ხუთშაბათს, ხმის მიცემის რიგში პირველი ჰოლანდიაა, პარასკევს - ირლანდია და მალტა, შაბათს კი - ლატვია და სლოვაკეთი. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კენჭისყრა კვირას, 9 ივნისს გაიმართება.

ქვეყნების დიდ ნაწილში ხმის მიცემა 18 წლიდან შეუძლიათ, საბერძნეთში - 17 წლიდან. გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიასა და მალტაში კი - 16 წლიდან. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლუქსემბურგსა და ბულგარეთში, ხმის მიცემა სავალდებულოა.

ევროპარლამენტარების რაოდენობა თითოეული ქვეყნიდან მისი მოსახლეობის პროპორციულია. გერმანია ევროკავშირის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ 96 მანდატს მიიღებს, საფრანგეთი - 81 ადგილს, ხოლო მალტა, კვიპროსი და ლუქსემბურგი - ექვს ადგილს.

  • როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი ახალ ევროპარლამენტში?

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსი და სხვა პოპულისტური პარტიები, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიხედვით, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვაკეთი გამოკითხვებში ლიდერობდნენ. მეორე ან მესამე ადგილზე არიან კიდევ ცხრა ქვეყანაში (ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი).

თუ პროგნოზები გამართლდება, მაშინ ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე დეპუტატების წილი შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს (მათ, სავარაუდოდ, ექნებათ 184 მანდატი), მემარცხენე ცენტრისტული, ლიბერალური და მწვანეთა მოძრაობის პარტიები კი პირიქით, მანდატების ნაწილს დაკარგავენ.

ამჟამინდელ პარლამენტში ორი უმსხვილესი ფრაქციაა - მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) და მემარცხენე-ცენტრისტული პროგრესული სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), რომლებიც ლიბერალურ ბლოკ Renew-თან ერთად ქმნიან ე.წ. კოალიციას.

მოსალოდნელია, რომ კოალიცია დაკარგავს მანდატების მნიშვნელოვან რაოდენობას არჩევნების შემდეგ, მაგრამ EPP კვლავ დარჩება ყველაზე დიდ ფრაქციად.

მეორე ძალა, გამოკითხვების მიხედვით, იქნება ორი ულტრამემარჯვენე ჯგუფი: ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები. ულტრამემარჯვენე "იდენტობა და დემოკრატია“, სავარაუდოდ, მთავარი ტრიუმფატორი გახდება. ისინი გაუსწრებენ ლიბერალურ ევროპული განახლების ჯგუფს და მწვანეთა/ევროპის თავისუფალ ალიანსს.

შედეგად, მანდატების თითქმის ნახევარს მოიპოვებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც არ არიან სამი ცენტრისტული ჯგუფის "სუპერ დიდი კოალიციის“ ნაწილი და პირველად უკიდურეს მემარჯვენეებს, კონსერვატორებს და ქრისტიან-დემოკრატებს შეუძლიათ შექმნან მემარჯვენე პოპულისტური კოალიცია.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტი?

ევროპარლამენტი არის ევროკავშირის სამი ძირითადი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი და ერთადერთი, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევენ. ევროპარლამენტის უნიკალურობა მდგომარეობას იმაში, რომ ევროპარლამენტარებს თავად არ შეუძლიათ ახალი კანონების შეთავაზება, მათ არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკანონმდებლო რეზოლუციების მიღების პროცესში, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში განხორციელდება და ეხება ყველაფერს, დაწყებული კლიმატის ცვლილებებიდან, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებამდე.

და რაც მთავარია, ისინი ამტკიცებენ ევროკომისიის შემადგენლობას, რომელიც ყველა ახალი კანონების პროექტებს წერს, 450 მილიონი ევროპელისთვის.

ევროკავშირის ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე - ევროკომისიის თავმჯდომარის - კანდიდატების წარდგენისას, ევროკავშირის ლიდერები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ არჩევნების შედეგები, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელი ირჩევა 361 ხმის უმრავლესობით.

ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ თანამდებობაზე მემარჯვენე ცენტრისტულმა გაერთიანებამ წარადგინა, მტკიცედ უჭერდა მხარს ევროკავშირის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას. მას კიდევ აქვს ხელახლა არჩევის კარგი შანსი, თუმცა მისი სერიოზული კონკურენტია სოციალისტი ნიკოლას შმიდტი.

  • რა განაპირობებს ევროპაში ულტრამემარჯვენეების წარმატებას?

მათი პოპულარობის ზრდის მიზეზები აშკარაა: ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა უკონტროლო მიგრაციით, ენერგეტიკაზე ფასების მატებით და ცხოვრების გაძვირებით. ასევე "მწვანე პოლიტიკით“ და ფერმერებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილი სირთულეებით.

ასევე საინტერესოა ტენდენცია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები პოპულარობას იძენენ ახალგაზრდა ამომრჩევლებში, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ არჩევნებზე პირველად მისცემს ხმას.

ბელგიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ფინეთში ანტიმიგრანტულ და ანტი-მეინსტრიმ პარტიებს ახალგაზრდა ამომრჩევლებში დიდი მხარდაჭერა აქვთ. ახალგაზრდები მშობლებისგან განსხვავებით ვერ ხედავენ მომავალს, ვერ ყიდულობენ სახლს და ვერ პოულობენ კარგად ანაზღაურებად სამსახურს. ახალგაზრდა ამომრჩეველს ცვლილებები სურს.

ნიდერლანდებში გერტ უილდერსის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ ახალგაზრდებისთვის დაპირება გასცა ხელმისაწვდომ საცხოვრებელთან დაკავშირებით. პორტუგალიაში ულტრამემარჯვენე "ჩეგა" ("კმარა!“) ასევე დაეყრდნო ახალგაზრდების უკმაყოფილებას, რაც გამოწვეულია საბინაო კრიზისითა და ცხოვრების ცუდი ხარისხით.

საფრანგეთში, მარინ ლე პენის ახალგაზრდა მოკავშირეს, ქარიზმატულ 28 წლის ანტიმიგრაციულ და ევროსკეპტიკოსს ულტრამემარჯვენე ეროვნული აქციის ლიდერს, ჯორდან ბარდელას, შეუძლია 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ხმების 32%-ის იმედი ჰქონდეს. ექსპერტების აზრით, ევროპელი ამომრჩეველი აღფრთოვანებულია მემარჯვენე პარტიების ვითომ გულწრფელობით, ტრადიციული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით.

  • როგორ იმოქმედებს მემარჯვენეების წარმატება ევროპულ პოლიტიკაზე?

მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგ ფერმერთა პროტესტის ბოლოდროინდელი ტალღის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, შენელდება ევროკომისიის ამბიციური გეგმები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება რუსეთ-უკრაინის ომი. ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან კონტინენტის თავდაცვაზე და დანახარჯების გაზრდის აუცილებლობაზე.

  • შემცირდება თუ არა უკრაინის მხარდაჭერა?

ამჟამინდელ ევროპარლამენტში, მიუხედავად უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებისა და პრორუსი დეპუტატების არსებობისა, კიევისთვის მნიშვნელოვანმა ყველა გადაწყვეტილებამ საჭირო უმრავლესობა მოიპოვა.

თებერვალში ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას და დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინისთვის, რომელიც დიდი ხანია დაბლოკილი იყო პუტინის ევროპელი მეგობრის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მიერ.

ჩეხეთის ინიციატივას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების შესაძენად თანხების მოზიდვის თაობაზე ევროკავშირის 18 ქვეყანა შეუერთდა. შეგროვებული თანხით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკრაინაში ივნისში ჩავა.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიძლება მცირედ შეიცვალოს, ამბობს ნატალი ტოჩი, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. მისი თქმით, კიევისადმი ევროპული მხარდაჭერის შემცირება შესაძლებელია, რადგან მემარჯვენე პარტიები ხშირად ფარულად ან აშკარად კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან.

თუმცა ECFR პროგნოზირებს, რომ ახალი ევროპარლამენტარების უმრავლესობა მხარს დაუჭერს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, მაგრამ მათ მოუწევთ უპასუხონ საკუთარ ქვეყნებში არსებულ განწყობას კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია ახლად არჩეული ევროპელი დეპუტატების ანტიუკრაინული პოზიცია კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რამდენად გამოიწვევს. ნატალი ტოჩი ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ძლიერი ანტიუკრაინული ლობის შექმნას ევროპარლამენტში, რადგან ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ ძირითად საკითხებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.

  • გახდება თუ არა ევროპარლამენტი უფრო პრორუსული?

ევროპარლამენტში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ევროპარლამენტარი იქნება, რომლებსაც რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება ექნებათ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ულტრამემარჯვენე პარტიების უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს მოსკოვთან, თუმცა პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამაზე ღიად საუბარი უხერხული გახდა.

ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის რუსეთთან კავშირები ბელგიის ხელისუფლების გამოძიების საგანია. ბელგიელი პროკურორების თქმით, მოსკოვმა შესაძლოა ზოგიერთ ევროპელ დეპუტატს ჩეხეთში რეგისტრირებული ევროპის ხმის ვებსაიტზე "რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის“ გადაუხადა. ბელგია ასევე იძიებს რუსეთის სავარაუდო ჩარევას ევროპულ არჩევნებში და გასულ კვირას, სტრასბურგში ევროპარლამენტის თანამშრომლის ოფისი გაჩხრიკეს.

"ჩვენი დაზვერვის მიხედვით, მოსკოვის მიზანი ნათელია. მათი სურვილია ხელი შეუწყონ ევროპარლამენტში რაც შეიძლება მეტი პრორუსული კანდიდატის არჩევას და ამ ინსტიტუტში გარკვეული პრორუსული ნარატივების გაძლიერებას“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

წყარო