ავტორი:

როგორ ვისწავლოთ ინგლისური მარტივად?!

როგორ ვისწავლოთ ინგლისური მარტივად?!

Do you Speak English? - თუ ეს ფრაზა სწორად წაიკითხე, გაიგე და უფრო მეტიც, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც შეგიძლია, გილოცავ, შენ ინგლისურს ფლობ, რაღაც დონეზე მაინც, ხოლო თუ წაკითხვა გაგიჭირდა, ნაწერიდან მხოლოდ რამდენიმე ასო იცანი, ნუ ინერვიულებ და შეშინდები, სწავლა არასდროს არ არის გვიანი, ამის დასტურად ქართულ-ხალხურ ანდაზასაც მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნება ,, სწავლა სიბერემდეო’’ ჰოდა, ამ შემთხვევაში ვენდოთ.

მოკლედ, შესავალი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, იმის თქმა მინდა, რომ თუ ინგლისური საერთოდ არ იცი ან წერა შეგიძლია, მაგრამ საუბარი გიჭირს, ამ ბლოგში პრაქტიკულ და საჭირო ინფორმაციას გაგიზიარებ, კერძოდ კი, იმას თუ როგორ ხდება ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ, რა უპირატესობები აქვს ენის ონლაინ სწავლას და თუ ინგლისურს რაღაც დონეზე მაინც ფლობ, როგორ გაიუმჯობესო ენის დონე სახლიდან გაუსვლელად.

თუმცა, სანამ პრაქტიკულ მაგალითებს დავიხმარებ, ინგლისურის არ ცოდნასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა, რომელიც ჩემმა ნაცნობმა მიამბო და თქვენც უნდა მოგიყვეთ, მონათხრობის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სახალისოა და ვფიქრობ, გაგაღიმებთ.ისტორია ასე იწყება: ამერიკაში ახლად ჩასული ახალგაზრდა ყმაწვილი მიიპატიჟეს საკმაოდ სოლიდურ საღამოზე, რომელსაც შესაბამისი დრესკოდი ჰქონდა, ქალბატონებიც და მამაკაცებიც კლასიკურ სტილში გადაწყვეტილნი უნდა გამოცხადებულიყვნენ, მამაკაცების შემთხვევაში აუცილებელ ატრიბუტს სმოკინგი წარმოადგენდა, ეს ჩემი ნაცნობიც გაფაციცებით მოემზადა, ჯერ იყო და თმები იტკეპნა და ივარცხნა საგულდაგულოდ სარკის წინ, შემდეგ ყველაზე თეთრი, ტკიცინა პერანგი შეარჩია და მოირგო, ჯერი ყელზე ბაფთის ჩამაგრებაზე მიდგა, რასაც ასევე კარგა ხანი დაუთმო, ბოლოს კი, მეტი ელეგანტურობისთვის, შავი, დრესკოდით გათვალისწინებული სმოკინგიც მოიცვა და ასე მორთულ-მოკაზმული გაეშურა წვეულებაზე. ადგილზე მისულს კარების შესასვლელში გამაფრთხილებელი ბანერი დახვდა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ,,No Smoking’’, ვინაიდან ინგლისურს არცთუ კარგად ფლობდა, თან საკმაოდ კანონმორჩილი მოქალაქეც გახლდათ, ეს წარწერა პირდაპირ გაიგო, სმოკინგი კარებშივე გაიხადა, ხელზე გადაიდო და ასე გაატარა მომდევნო 1 საათი, სანამ ოთახში სხვა სმოკინგში ჩაცმული ადამიანი არ შეხვდა და მას არ შეეკითხა თუ რატომ ეცვა სმოკინგი, როცა გამაფრთხილებელი ნიშანი სხვა რამეზე მიუთითებდა და ამ ადამიანმაც სიცილით აუხსნა, რომ შემოსასვლელის წარწერა სახლში მოწევის აკრძალვაზე მიუთითებდა და არ იყო კავშირში ტანსაცმელთან. ალბათ, სამართლიანი ვიქნები ამ ამბავს მთლად ინგლისურის უცოდინრობას თუ არ მივაწერ, ვფიქრობ, გამაფრთხილებელ ნიშანზე დატანილმა წარწერამ შექმნა ცოტა უცნაურ-კომიკური სიტუაცია, მასზე თამბაქოს აკრძალვის გამოსახულებაც რომ დაეტანათ მეტად გასაგები იქნებოდა ყველაფერი, თუმცა, ამ შემთხვევაში, სახალისო ისტორია არ შეიქმნებოდა ჩემი ნაცნობი მე ვერ მომიყვებოდა, ხოლო მე თქვენ.

ახლა კი ,,ჩანგე ლაგუნგე ლოადსკუპე’’ (ეს თუ არ იცი რას ნიშნავს, დაგუგლე, დამიჯერე იხალისებ და მერე გააგრძელე კითხვა) და დავიწყოთ საუბარი ინგლისური ენის შესწავლაზე.

რა უპირატესობები აქვს ინგლისურის ონლაინ სწავლას და ვისთვისაა მოსახერხებელი დისტანციური სწავლების ფორმატი?

შესაძლოა ინგლისურის შესწავლა-გაუმჯობესება ადრეც გიცდია და თუ ასეა, ალბათ, ინგლისურის სწავლაზე, ასოციაციურად პირველად შენც ,,გოლიცინსკის’’ მწვანე და ყვითელ ყდიანი გრამატიკის წიგნები გაგახსენდება, მე პირადად აბიტურიენტობის წლებში საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი მათ, რადგან იმ დროს (დაახლოებით 12 წლის წინ) სხვა, უფრო უკეთესი ალტერნატივა არ გვქონდა.ახლა კი, თანამედროვე, ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, უფრო მეტი სასწავლო რესურსი და მეთოდოლოგია გაჩნდა, ონლაინ სწავლებამაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ტრადიციული მეთოდებით ინგლისური ენის დაუფლების მოსაწყენი პროცესი, უფრო მოქნილი გზით ჩანაცვლდა.ზოგადად, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დისტანციური სწავლების პროცესები ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ხოლო ჩვენ აქტიურად 2020 წლიდან ჩავერთეთ, კოვიდ-პანდემიის გამო ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა პირისპირ კონტაქტები და საჭირო გახდა მოვრგებოდით არსებულ რეალობას.ამ პერიოდის გადალახვის შემდგომ კი, როცა ასე თუ ისე დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქცევაში რაღაცები შეიცვალა.

უფრო მეტად მოგვეწონა სახლიდან საქმეების კეთება, მივხვდით, რომ ის დრო, რაც ქალაქის მაცხოვრებლის შემთხვევაში ,, A პუნქტიდან - B პუნქტამდე’’ გადაადგილებისას უსასრულო საცობებში დგომაში გვეხარჯებოდა, შეგვეძლო უფრო კარგი რამეებისთვის გამოგვეყენებინა.ინგლისურის შესწავლის შემთხვევაშიც ასე მოხდა, სხვადასხვა კომპანიებმა, კერძო საგანმანათლებლო ცენტრებმა, მასწავლებლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ონლაინ პლატფორმებზე გამოჩენა და დისტანციური კურსების შეთავაზება.ისინი დღესაც გვთავაზობენ ინდივიდუალურ მიდგომას და საშუალებას გვაძლევენ ავირჩიოთ სწავლების ის ფორმატი და შინაარსი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს სპეციფიკურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.გარდა ონლაინ ფორმატისა, არსებობს ე.წ ჰიბრიდული რეჟიმი, რაც ონლაინთან ერთად გულისხმობს პერიოდულ, პირისპირ ფიზიკუ შეხვედრებს.როგორც ყოველთვის, ენის ონლაინ სწავლების შემთხვევაშიც წარმოიშვა საპირისპირო აზრი და ალბათ, ბევრი არგუმენტიც მოგისმენია იმის შესახებ, რომ უცხო ენის შესწავლისას მასწავლებელთან ცოცხალი კომუნიკაცია უფრო ეფექტურია ვიდრე ონლაინ ფორმატი, ასევე შეხვდებოდი და მოისმენდი მოსაზრებებს ადამიანთა იმ კატეგორიისგან, ვისაც ჰგონია, რომ სწავლების ხარისხი დაბალია მაშინ, როცა მეტწილად საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოსაზრებით ,,თუ ვინმე თავზე არ გადგას’’ კარგ ცოდნას ვერ იღებ. ამ ყოველივეს საპირწონედ კი განვიხილოთ ინგლისური ენის ონლაინ სწავლების 4 უპირატესობა:

  • მოქნილობა - დისტანციურ ფორმატში ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა მოქნილობაა, ცოდნის მისაღებად აღარ არის საჭირო კილომეტრების გავლა, საცობებში დგომა, უამინდობის ან სხვა მიზეზებით სასწავლო პროცესის გაცდენა, სასწავლებლად დაგჭირდება მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და რაიმე ტიპის გაჯეტი (მობილური, პლანშეტი, კომპიუტერი), თუ იუთუბსა, გუგლსა და Chatgpt-ს დაუმეგობრდები თავადვე შეძლებ უამრავი საინტერესო და სასარგებლო მასალის მოძიებას, ხოლო თუ დამოუკიდებლად სწავლას მასწავლებლის ჩართულობა გირჩევნია, ეგეც არ არის პრობლემა. სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, მაგალითად ჩვენთან, Servsiebi.ge-ზე იპოვნი ინგლისური ენის მასწავლებლებს და ისწავლი შენზე მორგებული მეთოდოლოგიით.
  • ხელმისაწვდომი ფასი - ონლაინ სწავლების მნიშნვლოვანი უპირატესობაა ხელმისაწვდომი ფასი, ფიზიკურ კურსთან შედარებით ენის შემსწავლელი ონლაინ კურსები უფრო იაფი ღირს, ამასთან დისტანციური ფორმატი თავიდან გვაცილებს დამატებით ხარჯებს.მაგალითად: ამ შემთხვევაში რადგან არ გვჭირდება ადგილზე მისვლა არ გვეხარჯება თანხა ტრანსპორტირებაზე, რაც ჯამურად საკმაოდ ღირებული დანაზოგია.
  • ასევე, ონლაინ სივრცეში არ არსებობს ფიზიკური შენობის, აუდიტორიისა და ინვენტარის შენახვის ხარჯები. ამას ემატება შემცირებული ადმინისტრაციული დანახარჯებიც - დამხმარე პერსონალის, კომუნალური გადასახადების და ა.შ, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს შედარებით გონივრულ ფასს.
  • კომფორტი - როგორც მოქნილობა, კომფორტიც მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შენ შეძლებ გაკვეთილს ონლაინ დაესწრო სახლიდან, კომფორტული, საშინაო ტანსაცმლით, ხალათითა და პიჟამოთიც კი.ან ნებისმიერი გარემოდან, სადაც ინტერნეტზე გაქვს წვდომა და კომფორტულია შენთვის.მაგალითად: თუ რიგი მიზეზების გამო საზღვარგარეთ გამგზავრება, ან ქალაქიდან-ქალაქში, სოფლიდან-სოფელში წასვლა მოგიწევს, გეოგრაფიული არეალი აღარ იქნება პრობლემა, მთავარია გქონდეს ინტერნეტი და სურვილი ონლაინ გაკვეთილზე დასწრების.
  • თვითდისციპლინა და მეტი თავდაჯერებულობა - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გყავდეს ტუტორი-მასწავლებელი ის ვერ გააკონტროლებს შენს სწავლის სტილსა და განრიგს, სრულად დამოკიდებულნი ხარ საკუთარ თავზე და თუ გსურს შედეგის მიღება, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო სწავლას.ამ ყოველივეს ფონზე, ეტაპობრივად ხდება თვითდისციპლინისა და დროის მართვის უნარების გამომუშავება.თვითდისციპლინის ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია ჩვევის გამომუშავება, გარდა გაკვეთილებისა უნდა განსაზღვრო რა დროის დათმობა შეგიძლია ენის სწავლისთვის, მე პირადად გირჩევ, რომ ყოველდღიურად 10-15 წუთი გამოყო და მობილურ აპილაკიცებშიც, როგორიცაა Duolingo, Babbel, Busu და ა.შ წაიმეცადინო ხოლმე.დღეში მინიმუმ 1 საათს სოციალური ქსელების სქროლვაში ისე ვატარებთ, ვერც ვხვდებით ხოლმე და ხომ სჯობს ეს რუტინული პროცესი, უფრო ნაყოფიერი საქმით ჩავანაცვლოთ?!რაც შეეხება თავდაჯერებულობას, ონლაინ სწავლების საერთაშორისო გამოცდილება და რიგი კვლევები გვაჩვენებს, რომ ის ადამიანები ვისაც ფიზიკურ ფორმატში უჭირს ან ეუხერულება უცხო ენაზე კომუნიკაცია, აზრის დაფიქსირება, დისკუსიაში ჩართვა და სხვა აქტივობები, დისტანციურ ფორმატში მეტად თავდაჯერებულნი არიან, აქტიურები და არ ერიდებიან აზრის გამოთქმას.

ეს რაც შეეხებოდა ინგლისურის ონლაინ სწავლების უპირატესობებს, ახლა შევეხოთ იმ ჯგუფებს ვისთვისაც უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება ამ ტიპის სწავლება.

▶დასაქმებულები - თანამედროვე დინამიურ სამუშაო გრაფიკთან, ხშირ ქალაქგარე მივლინებებთან და საოფისე დატვირთვასთან ერთად, რთულია დროის გამონახვა ტრადიციული გაკვეთილებისთვის. ონლაინ სწავლება კი საშუალებას აძლევს დასაქმებულებს მაქსიმალურად მოქნილად მოარგონ ინგლისურის შესწავლა მათი ცხოვრების სტილს.

▶ სტუდენტები - როგორც სტუდენტებს, ისე უფროსკლასელებს ხშირად აქვთ დატვირთული გრაფიკი.ონლაინ კურსები მათ საშუალებას აძლევს თავად გამონახონ დრო ენის შესასწავლად და შეუთავსონ ის დანარჩენ ვალდებულებებს.

▶ დედები/მამები - ოჯახის შექმნისა და ბავშვების გაჩენის შემდეგ, ხშირად რთულდება გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება. ონლაინ სწავლება კი მშობლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად 0-დან შეისწავლონ ინგლისური ან გაიღრმავონ ცოდნის დონე.

▶ მოგზაურები და ემიგრანტები - მათ სამუშაოს ან სხვა რიგი მიზეზების გამო ხშირად უწევთ ადგილის შეცვლა და ასეთ დროს, ძალიან რთულია მოერგო ტრადიციულ გაკვეთილებს.ონლაინ კი შეძლებენ ისწავლონ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ნაკლებად ან საერთოდ არ გააცდინონ გაკვეთილები/ლექციები.

▶ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - ქართული რეალობიდან გამომდინარე, როცა საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებები მეტწილად არ არის ადაპტირებული, არ გვაქვს პანდუსები და ა.შ, ძალიან რთული, სახიფათო და ხშირად შეუძლებელიც კია ტრანსპორტირება, ინგლისური ენის ონლაინ სწავლება ამ შემთხვევაშიც ოპტიმალური გადაწყვეტა იქნება.

ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები პირობითია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია სცადოს ონლაინ ინგლისურის ან სხვა, მისთვის სასურველი კურსის შესწავლა.რაც შეეხება ენის დონის გაუმჯობესებას, გირჩევ უყურო ფილმებსა და სერიალებს ინგლისურ ენაზე, უსმინო პოდკასტებსა და TED საუბრებს ინგლისურად, დააფოლოვო ინგლისურენოვანი ფეისბუქ და ტვიტერ გვედები, ათვალიერო სასაცილო მიმები მაგალითად: 9gag.com-ზე, არ დაგავიწყდეს ენის შემსწავლელი სასარგებლო აპლიკაციები და რაც მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში სადაც კი საშუალება მოგეცემა აუცილებლად ისაუბრე ინგლისურად, ამ გზით დაძლევ აქცენტთან დაკავშირებული კომპლექსებსა და შეცდომის დაშვების შიშს.საერთოდ არ ხარ ვალდებული უაქცენტოდ საუბრობდე ან სინტაქსურად გამართულ წინადადებებს ახუჭუჭებდე, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ხშირად ქართული ენის გრამატიკა არ ვიცით ძირფესვიანად და მშობლიურ ენაშიც ვუშვებთ შეცდომებს.დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური ენის სწავლა და მისი დონის მუდმივად გაუმჯობესება უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობს როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარებისთვის. ამიტომაც, თუ აქამდე ორჭოფობდი გირჩევ არ გადადო სწავლის დაწყება, თუ ფიქრობ მასწავლებლის აყვანას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ხარისხიანი ინგლისური ენის ონლაინ კურსების შერჩევას, რაც საბოლოოოდ უზრუნველყოფს სწავლის მოქნილობას და შედეგიანობას.ხოლო, ამ ეტაპზე თუ ფინანსური ნაწილი გაბრკოლებს, ესეც ნუ შეგაშინებს, ინტერნეტში უამრავი უფასო რესურის მოძიება შეგიძლია შენი ენის ცოდნის დონის შესაბამისად.

NS