ავტორი:

"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

31 მაისს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, ამერიკის მიწოდებული იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. ცნობილია, რომ ამ დრომდე პრეზიდენტი ბაიდენი უარს ამბობდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად უკრაინისთვის ნების დართვაზე. არსებული პოლიტიკით, ამერიკის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ კიევმა არ უნდა გამოიყენოს და ეს პოლიტიკა უცვლელი რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, უწოდა "წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა და გადაწყვეტილება ბოლო დროს ხარკოვის ოლქზე რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით ახსნა.

ამ ვითარებაში გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დაიცვას თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

გერმანია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით, მათ შორის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით. თუმცა დღემდე იგი უარს ამბობდა, კიევისთვის მიეცა ამ იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევის უფლება.

მანამდე, მაისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე. 23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქის) ოდენობით. სამხედრო დახმარების პაკეტში, პრესისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ახალი პარტია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი:

"მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დასავლეთი უკრაინის არმიას სერიოზულად ეხმარება შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით. თუმცა დასავლეთის რიგ ქვეყნებს, პირველ რიგში აშშ-ს და ასევე გერმანიას ოფიციალური კიევისგან მიღებული ჰქონდათ პირობა, რომ გადაცემული იარაღი (ამერიკული, გერმანული და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების) არ უნდა გამოყენებულიყო უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ მათი გამოყენება ნებადართული იყო მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ანექსირებულ ყირიმში, დონბასსა და ა.შ. მას შემდეგ, რაც გაიხსნა ჩრდილოეთ ფრონტი, ანუ როდესაც რუსეთმა პირდაპირ ბელგოროდის ოლქიდან ხელმეორედ შეუტია ხარკოვს, აღმოჩნდა, რომ რუსეთი საზღვრის მეორე მხრიდან უშენდა არტილერიას, რაკეტებს ხარკოვს (ხარკოვიდან 30 კმ-ში), ვოლჩანსკს და საჭირო იყო საპასუხოდ კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოება. საპასუხო ცეცხლი უკვე გამოდიოდა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინა კი იძულებული იყო თავი შეეკავებინა ამაზე და ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეძლეს შეჭრა ხარკოვის მიმართულებით 10კმ. სიღრმეში. ახლა უკვე ამერიკამ, გერმანიამ და ჯამში 14-მა ქვეყანამ ნება დართო უკრაინას, რომ შეიარაღება რუსეთის საზღვრის ახლოს სიღრმეში გამოიყენოს, თუმცა დარჩა შეზღუდვა 300კმ.-იანი აერო ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. გერმანიაც აცხადებს, რომ უკრაინელებს მხოლოდ 40კმ. სიღრმეში შეუძლიათ გამოიყენონ გერმანიის მიერ გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და საარტილერიო ჭურვები. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო ახლო მოქმედების იარაღი, რომელსაც უკრაინა ისედაც იყენებდა, პრობლემა იყო 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვების, ასევე, რაკეტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული ("ჰაიმარსების“) გამოყენებაზე. ამერიკამ 84კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" რაკეტების გამოყენებაზე უკრაინას ნება დართო, თუმცა ისევ დარჩა შეზღუდვა 300კმ-ზე მოქმედი აერობალისტიკური რაკეტების გამოყენების. აქ რუსეთის ზარალზე არაა საუბარი, მთავარია, რომ უკრაინამ შეძლოს იმ სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღების "ჩაჩუმება“, რომლებითაც იბომბება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან, ვთქვათ, ხარკოვი, ანუ კონტრსაბატარეო ცეცხლით უნდა მოხდეს მათი საცეცხლე პოზიციების დაზიანება, რომ მათ შემდეგ ისევ ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა.

ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს, ამიტომ ნატო, რა თქმა უნდა, ეცდება არანაირად არ ჩაერიოს, არც რუსეთს მისცეს რაღაცის საბაბი, რომელიც მუდმივად იმუქრება.

ნატო რუსეთ-უკრაინის ომში იმითაა ჩარეული, რომ აიარაღებს უკრაინას, რომ არა მისი შეიარაღება, ლოგიკურია, უკრაინა ვერ გაუძლებდა.

ნატო, რა თქმა უნდა, ეცდება, მისი წევრი ქვეყნების ოფიციალური შეიარაღებული ძალები პირდაპირ საბრძოლო საცეცხლე შეტაკებაში არ მოხვდნენ“.

იხილეთ ასევე: