ავტორი:

"სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი...მას "მოღალატე" ვუწოდე" - რას წერს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს

"სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი...მას "მოღალატე" ვუწოდე" - რას წერს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ მოქალაქემ მას შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მისივე ინფორმაციით, მანამდე რამდენჯერმე შენიშნა, რომ აღნიშნული მოქალაქე მანქანიდან უთვალთვალებდა.

"რამდენჯერმე შევნიშნე სხვადასხვა მანქანა როგორ მითვალთვალებდა, თუმცა აი კონკრეტულად ეს ავტომანქანა რამდენიმეჯერ მომხვდა თვალში და დღეს უკვე მოვახერხე, რომ დამეფიქსირებინა და მასში მჯდომი ადამიანები მემხილა სისხლისსამართლებრივ დანაშაულში - კერძოდ ადევნებაში.

ამ ვიდეოში, და დამატებით სახლის წინ არსებულ სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს, როგორ მელოდებოდა, ვიდრე ინტერვიუს დავასრულებდი და ჩართული კამერების გარეშე დავრჩებოდი მარტო, რომ დაშინება და მუქარა განეხორციელებინა. ამის შემდეგ დემონსტრაციულად ისევ დაარტყა ერთი წრე და სწორედ ამ დროს მოხერხდა გადაღება. დანარჩენს სხვა ვიდეოკამერები აღბეჭდავდნენ" - დაწერა წილოსანმა და მიმართა შსს-ს, რომ მომხდარზე რეაგირება მოახდინონ.

ამის შემდეგ დეპუტატმა კიდევ ერთ პოსტი გამოაქვეყნა:

"ადამიანმა, რომელმაც ჩემს მიმართ დანაშაული - ადევნება ჩაიდინა, საქმე ჩემს მიერ დაწერილი პოსტის შემდეგ ძალიან გააიოლა და პრაქტიკულად თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ უბრალოდ ვაკეში ცოლს გაუარა, დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა, თუმცა:

1. საჯაროდ, აქვე წარმოვადგენ ჩემთან ჩაწერილი კომენტარის ბოლო წამებს, სადაც ჩემს ზურგს უკან ჩანს ეს ავტომანქანა. სწორედ ამის შემდეგ, დაელოდა კამერების გამორთვას და შემდეგ განახორციელა მუქარა.

2. ⁠ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი არის იგივე ადამიანი და ავტომანქანა, რომელიც უკვე მეორე წრეზე იყო. ჩანაწერშივე ისმის ადამიანის ხმა “კიდე მოდის”.

3. ⁠თუ მის პოსტებსაც გადავხედავთ, კარგად ჩანს მისი აქტივიზმიც, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივაციაც და ისიც, რომ სულ ტყუილად და თავის დასაძვრენად აგინებს ნაცებს. ის უერთდება და აზიარებს ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქტივობებს, რომელიც მათ მიერვე მოგონილ "რუსულ" თემებს შეეხება.

შესაბამისად, არსებობს ქმედებაც, მისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მოტივიც და ისიც ფაქტია, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, აშკარად იტყუება და ამისი მტკიცებულებებიც არსებობს!ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!" - დაწერა წილოსანმა.

  • მოქალაქე, რომელსაც დეპუტატი ადევნებას აბრალებს დათა კუპრავაა. მისი ინფორმაციით, ადევნებას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ მეუღლეს სამსახურში გაუარა, როდესაც დაინახა ნინო წილოსანი და მას მანქანიდან "მოღალატე" დაუძახა.

"მოკლედ კიდევ ერთხელ მოვყვები რა მოხდა. გუშინ საღამოს საათებში მივაკითხე ჩემს მეუღლეს სამსახურში სადაც ყოველდღიურად ვაკითხავ. გავჩერდი 1-2 საათი რასაც ასახავს ვიდეო ჩანაწერები. მას შემდეგ რაც ობიექტი დავტოვეთ და ჩავსხედით მანქანაში, დავძარი მანქანა დავინახე ნინო წილოსანი რომელიც აძლევდა ინტერვიუს პროპაგანდისტულ არხებს. გავუარე დავასიგნალე და მოღალატე ვუწოდე.

შემდეგ მოვატრიალე მანქანა და ასევე სიგნალით წავედი ე.წ “ახალი გზის” მიმართულებით. სახლში მისულს დამხვდა პოსტი თითქოს მე მას ველოდებოდი, ვუთვალთვალებდი და ვემუქრებოდი რაც თავისთავად ტყუილია. იქ იდგა პოლიციის მანქანაც.ახლა ნინო წილოსანი იმუქრება ჩემი დაკავებით ადევნების და მუქარის ბრალდებით.

მე პრობლემა არ მაქვს მივცემ ჩვენებას როცა დამირეკავენ, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ყველა აქტიური მოქალაქის მიმართ დაშინება რომ ჩვენ აღარ გავბედოთ პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა! სიტყვა მოღალატეს წოდება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო ადევნების და მუქარის განმარტება აშკარად არ იცის წილოსანმა ამიტომ შემიძლია დავულინკო სისხლის სამართლის კომენტარები. თუმცა ამ რეჟიმისგან გასაკვირია არაფერია, მე არაფრის მეშინია, სიმართლის და ქვეყნისთვის ბრძოლისთვის თუ დამიჭერთ დამიჭირეთ არსად გაქცევას არ ვაპირებ" - წერს კუპრავა.

იხილეთ ასევე: