ავტორი:

რუსულმა Pravfond-მა მილიონები დახარჯა ევროპაში პროპაგანდისთვის: ფონდი, რომელსაც ფილიალი საქართველოშიც აქვს, საკუთარ საიტზე კი აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აქვს მითითებული

რუსულმა Pravfond-მა მილიონები დახარჯა ევროპაში პროპაგანდისთვის: ფონდი, რომელსაც ფილიალი საქართველოშიც აქვს, საკუთარ საიტზე კი აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აქვს მითითებული

ვიდრე საქართველოში ე.წ. აგენტების კანონს იღებდნენ, რომელიც ძირითადად მიმართულია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, საერთაშორისო მედიამ ამხილა ახალი დეტალები კრემლის პროპაგანდის გავრცელების ბერკეტების თაობაზე. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი იყენებს ფონდს, რომელიც შექმნილია, ვითომდა, ევროპაში თანამემამულეების უფლებების "დასაცავად“.

როგორც ირკვევა, საქართველოშიც არის ფონდის ფილიალები.

  • "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი" (pravfond) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 - ლი იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვო“. ფონდის გაცხადებული მიზანია რუსი თანამემამულეების სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა მათი უფლებების, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. ის თავის საქმიანობას დემოკრატიის სახელით ახორციელებს... ფონდს ხელმძღვანელობს ალექსანდრე უდალცოვი, რომელიც 2023 წლიდან ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო.

ფონდის საიტზე მოცემულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მისი ფილიალები მოქმედებს, მათ შორის ცალკე სახელმწიფოდ არის დასახელებული საქართველო და ცალკე - ოკუპირებული აფხაზეთი.

Pravfond -ის 40-ზე მეტი შიდადოკუმენტი დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა DR-მა გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, ფონდის საშუალებით კრემლი აფინანსებს ევროპელებზე გამიზნულ პროპაგანდისტულ ვებგვერდებს მსოფლიოს 48 ქვეყანაში.

როგორც The Guardian წერს, ფაქტობრივად, ფონდის ხელმძღვანელობაში შედიან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი აგენტები. მათ შორის არის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ პოზდოროვკინი.

შიდა დოკუმენტები ცხადყოფს, თუ როგორ ეხმარება Pravfond კრემლის პროპაგანდის გავრცელებას. მაგალითად, პროპაგანდისტული ვებსაიტების დაფინანსებით, როგორიცაა Euromore, რომელიც ფოკუსირებულია ევროპაში რუსების მიმართ არსებულ საფრთხეებზე.

ფონდმა მილიონობით ევრო დახარჯა პროპაგანდისა და ლეგალური კამპანიების დასაფინანსებლად. საჯარო მონაცემები აჩვენებს, რომ Pravfond-ის ადგილობრივმა პარტნიორებმა მიიღეს მილიონობით სახელმწიფო სუბსიდიები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსგანაც.

გარდა ამისა, ფონდის ხელმძღვანელობაში რამდენიმე ყოფილი დაზვერვის აგენტიც ფიგურირებს. მათ შორის:

ვლადიმერ პოზდოროვკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის SVR-ის აგენტი და და Pravfond-ის კურატორი ჩრდილოეთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში;

ანატოლი სოროკინი - SVR-ის წევრი და Pravfond-ის ახლო აღმოსავლეთის, მოლდოვასა და დნესტრისპირეთის განყოფილების ხელმძღვანელი.

სერგეი პანტელეევი - რუსული სამხედრო დაზვერვის განყოფილების წევრი. სანქცირებულია ევროპის ქვეყნების მიერ. ოფიციალურ დოკუმენტებში პრავფონდის "პროექტის განმახორციელებლად“ არის მოხსენებული.

დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ პრავფონდი აფინანსებდა FSB-ის აგენტის, ვადიმ კრასიკოვის იურიდიულ დაცვას, რომელსაც ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დოკუმენტების თანახმად, მისმა ადვოკატმა რობერტ უნგერმა ფონდიდან 60 000 ევრო მიიღო. 2014 წელს Pravfond-მა გამოყო მნიშვნელოვანი თანხები იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტისა და ნარკოტრეფიკერი კონსტანტინე იაროშენკოს სამართლებრივი დაცვის დასაფინანსებლად. ასევე მითითებულია, რომ ფონდმა ასობით ათასი ევრო დახარჯა რამდენიმე ვებსაიტის შესანარჩუნებლად, რომელთა მიზანიც "რუსოფობიის“ წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპაში "რუსული ენის დაცვის“ პოპულარიზაციაა.

"პრავფონდი" აფინანსებდა golos.eu-ს საქმიანობას - ეს არის ბრიუსელში დაფუძნებული ონლაინ პორტალი, რომელიც ძირითადად უკრაინის მთავრობის, განსაკუთრებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკაზე მუშაობს. Golos-ის რედაქტორის მოადგილემ, იური ანდრიჩენკომ ეს ბრალდება უარყო.

2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა "პრავფონდს" "ფსევდო სამართლებრივი დაცვის სისტემა“ უწოდა, რომელსაც დაზვერვა საზღვარგარეთ თანამშრომლების დასაკომპლექტებლად იყენებს.

წყარო