ავტორი:

"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?

"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული  გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?

2019 წლის სექტემბერში BBC-მ გამოაქვეყნა ისტორია რუჯა იგნატოვას შესახებ. მისი სახელი FBI-ს ძებნილთა სიაშია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალ კრიპტოვალუტაში თანხის ჩადებითა და უპრეცედენტო მოგების დაპირებით, 4,5 მილიარდი დოლარი მოტყუებით მოიპოვა კერძო ინვესტორებისგან. ფულის მიღების შემდეგ, კი გაუჩინარდა.

BBC-ის დოკუმენტური ჯგუფმა და ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რათა გაერკვიათ, რა დაემართა რუჯა იგნატოვას. გამოძიებამ შეისწავლა ქალის მჭიდრო კავშირები მამაკაცთან, რომელსაც ბულგარეთში ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ ავტორიტეტად იცნობენ. გამოძიების მიზანი გახლდათ, რომ დაედასტურებინათ ვერსია, რომ რუჯა იგნატოვა სასტიკად მოკლეს.

  • მოახერხა თუ არა ქალმა მოპარული მილიარდებით ტკბობა, თუ იმ ადამიანების მსხვერპლი გახდა, რომელიც დასაცავად თავად დაიქირავა?

რუჯა იგნატოვა დაიბადა ბულგარეთში, მაგრამ გერმანიაში გაიზარდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო ფინანსურ სექტორში, ვიდრე 2014 წელს ახალ კრიპტოვალუტას OneCoin-ს გამოუშვებდა.

რუჯამ შეძლო დაერწმუნებინა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, რომ ინვესტიციები ჩაედოთ ახალ კრიპტოვალუტაში. სამაგიეროდ უზარმაზარ მოგებას დაჰპირდა. სინამდვილეში, იგნატოვამ, რომელიც ცნობილია როგორც ექიმი რუჟა, თაღლითობით ააგო სერიოზული ფინანსური პირამიდა.

2017 წლის სექტემბერში, როდესაც გამომძიებლები გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან რუჯათი დაინტერესდნენ, იგი დილით ადრე გაფრინდა Ryanair-ის რეისით სოფიადან ათენში. რის შემდეგაც ქალი აღარავის უნახავს.

  • გასული წლის განმავლობაში, BBC-ის ჟურნალისტები ცდილობდნენ გაეგოთ, რა დაემართა რუჯას და რაც მთავარია, იყო თუ არა ცოცხალი?

რიჩარდ რაინჰარდი, რომელმაც დაიწყო გამოძიება OneCoin-ის თაღლითობის შესახებ, იგნატოვას წრიდან ერთ-ერთ მთავარ პირზე გავიდა, რომლის სახელიც ადრე არ იყო ცნობილი. BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირი არის ქრისტოფოროს ნიკოს ამანტიდესი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც ტაკი, რომელსაც ევალებოდა რუჯა იგნატოვას უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აშშ-ს მთავრობის იურისტებმა 2019 წელს განაცხადეს, რომ იგნატოვას დაცვის უფროსი იყო ბულგარეთის ორგანიზებული დანაშაულის მთავარი ფიგურა, მაგრამ არ დაასახელეს მისი ვინაობა.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ბულგარეთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ყველაზე წარმატებული ნარკორეალიზატორი, მჭიდროდ იყო დაკავშირებული OneCoin-თან და მსახურობდა რუჯა იგნატოვას პირადი დაცვის სამსახურში“, - თქვა იმჟამად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლის თქმით, კაცი "ჩართული იყო“ იგნატოვას გაუჩინარებაში. რაინჰარდმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა დახვეწილი კრიმინალი იყო რუჯა იგნატოვა.

რიჩარდ რაინჰარდი იყო ერთ-ერთი პირველი გამომძიებელი, რომელიც იძიებდა OneCoin-ის საქმეს

როგორც ჩანს, ამ ვერსიას ადასტურებს BBC-ის ჟურნალისტების მიერ ნანახი ევროპოლის გაჟონილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ბულგარეთის პოლიციამ იგნატოვასა და ტაკს შორის კავშირი ჯერ კიდევ 2017 წელს, ანუ მის გაუჩინარებამდე დაადგინა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პოლიცია ეჭვობდა ტაკმა OneCoin-ის ფინანსური ქსელი გამოიყენა ნარკოტრეფიკიდან მიღებული შემოსავლების გასათეთრებლად.

მშობლიურ ბულგარეთში ტაკს თითქმის მითიური რეპუტაცია აქვს, ელ ჩაპოს ან პაბლო ესკობარის მსგავსი.

ბევრი ეჭვობს, რომ ის იყო ბულგარული ორგანიზებული დანაშაულის მეთაური და აქტიური ნარკორეალიზატორი. ბულგარეთში ის და მისი თანამზრახველები ეჭვმიტანილები იყვნენ შეიარაღებულ ყაჩაღობაში, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და მკვლელობაში, მაგრამ თავად ტაკისთვის სასამართლოს განაჩენი არასოდეს გამოუტანია.

"ტაკი არის ბულგარული მაფიის ხელმძღვანელი და ძალიან ძლიერი ადამიანი", - ამბობს ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ივან კრისტანოვი, რომელმაც 2022 წელს გამოიძია საქმე, რომლის მიხედვითაც ტაკი კორუმპირებული ჩინოვნიკების დახმარებით მართავდა კრიმინალურ ქსელს.

"ტაკი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დაეცვა იგნატოვა ყველა შესაძლო გამოძიებისგან, მათ შორის უცხოური სააგენტოებისგან“, - აღნიშნა კრისტანოვმა.

ერთი პერიოდი ტაკი ინტერპოლის წითელ ბაზაში გამოჩნდა

BBC-მ გაუგზავნა თხოვნა ბულგარეთის მთავრობას კორუმპირებული ჩინოვნიკების ბრალდებების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სოფიის პროკურატურამ განაცხადა, რომ "ისინი არ ფარავენ დანაშაულებს, ისევე, როგორც იმ პირებს, რომლებსაც შეეძლოთ მათი ჩადენა“.

ბოლო ინფორმაციით, ტაკი ახლა დუბაიში ცხოვრობს, სადაც იგნატოვამ თავის დროზე ძვირადღირებული პენტჰაუზი იყიდა და სადაც მის საბანკო ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი ჩაირიცხა OneCoin-ის თაღლითობის შედეგად.

ამჟამად უცნობია, ზუსტად როგორ შეხვდნენ ტაკი და რუჯა ერთმანეთს. იყო თუ არა ნარკორეალიზატორი თავიდანვე ჩართული OneCoin-ის პირამიდაში, თუმცა, ბევრი წყარო ირწმუნება, რომ მათ ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდათ და ტაკმა რუჯას შვილი მონათლა.

იგნატოვასთან დაახლოებულმა ადამიანმა BBC-ს განუცხადა, რომ რუჯა ტაკის თვეში 100 000 ევრომდე უხდიდა დაცვისთვის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, იგნატოვას და ტაკს სხვა ფინანსური ურთიერთობაც ჰქონდათ.

ევროპოლის დოკუმენტებში აღნიშნულია ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე მიწის ნაკვეთის გაყიდვის რთული გარიგება, სადაც იგნატოვას ერთ-ერთ კომპანია პირდაპირ კავშირშია ტაკის მეუღლესთან.

BBC-მ ფრენკ შნაიდერისგან, იგნატოვას ყოფილი ინფორმატორისა და მრჩევლისგან პოლიციის საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა. კაცმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი უფროსი მუშაობდა "თაღლითებთან“ და "განგსტერებთან“.

BBC ესაუბრა შნაიდერს საფრანგეთში, მის სახლში, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა აშშ-ში ექსტრადიციის მოლოდინში კრიპტოვალუტის OneCoin-თან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით. თუმცა, მან დამნაშავეების გვარების დასახელებაზე უარი თქვა.

”მე არ გეტყვით ვისზე ვსაუბრობთ, რადგან მე მყავს ოჯახი... ეს არის სერიოზული ორგანიზებული დანაშაული”, - თქვა მან.

  • იგნატოვა საკუთარმა დაცვამ იმსხვერპლა?

2022 წელს ბულგარელმა ჟურნალისტმა დიმიტარ სტოიანოვმა და მისმა კოლეგებმა საგამოძიებო საინფორმაციო გამოშვებისთვის პოლიციისგან მიიღეს ანგარიში, რომელიც მოკლული ბულგარელი პოლიციელის სახლში იპოვეს.

დოკუმენტში პოლიციის ინფორმატორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოისმინა ტაკის სიძის ნასვამ მდგომარეობაში ნათქვამი სიტყვები, რომ იგნატოვა ტაკის ბრძანებით მოკლეს 2018 წლის ბოლოს და მისი ცხედარი დაანაწევრეს და იახტიდან იონიის ზღვაში გადააგდეს. სტოიანოვის თქმით, ასეთი რამ შესაძლოა მართლაც მოხდა.

სტოიანოვი ასევე ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურეს ბულგარელმა ჩინოვნიკებმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ტაკის მრავალრიცხოვან კრიმინალურ თანამოაზრეებსაც სჯერათ, რომ მან ქალი ნამდვილად მოკლა.

ტაკის თანამოაზრეებმა თქვეს, რომ იგნატოვა იქცა ტაკისთვის პასუხისმგებლობად და სურდა გაენადგურებინა მტკიცებულებები მისი კავშირების შესახებ OneCoin კრიპტოვალუტის თაღლითობასთან.

მათ შორისაა, მაგალითად, კრასიმირ კამენოვი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერპოლის სიაში იყო მკვლელობის ბრალდებით.

სტოიანოვის თქმით, კამენოვმა უთხრა, რომ ის თავად შეესწრო იგნატოვას თანდასწრებით როგორ განიხილავდა ტაკი თავის კრიმინალურ საქმეებს. მისი თქმით, როდესაც ჰკითხა ტაკს, გონივრული იყო თუ არა ქალისთვის ასეთი საიდუმლოებების განდობა, კაცმა უპასუხა: "ნუ ნერვიულობ, ის უკვე თითქმის მკვდარია“.

კრასიმირ კამენოვი ასევე ამტკიცებდა, რომ მან ისაუბრა CIA-სთან ტაკის შესახებ, მათ შორის ეჭვებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან ბრძანა რუჯა იგნატოვას მკვლელობა. BBC-ს დაუდასტურეს, რომ CIA-სთან მისი შეხვედრა 2022 წლის ბოლოს შედგა.

2023 წლის მაისში კამენოვი და მისი ცოლი საკუთარ სახლში კეიპტაუნში მოკლეს. მათ გარდა კუროსთან მომუშავე კიდევ ორი ​​ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ აფრიკის პოლიცია მკვლელებს ჯერ კიდევ ეძებს, მაგრამ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე კრისტანოვი მიიჩნევს, რომ მკვლელობები ტაკთან არის კავშირში.

არსებობს მტკიცებულება, რომ იგნატოვას სასახლეებს ახლა ტაკთან დაკავშირებული ადამიანები იყენებენ

ჟურნალისტმა სტოიანოვმა თქვა, რომ მას და მის კოლეგებს სიკვდილით დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გამოძიება, სადაც აღწერილი იყო ტაკის მიერ იგნატოვას მკვლელობის ვერსია. ამის შემდეგ, იძულებული გახდა ბულგარეთი დაეტოვებინა.

ტაკი არასოდეს დაუკავებიათ იგნატოვას მკვლელობის ბრალდებით. ასევე დღემდე არ არის ნაპოვნი ქალის ცხედარი. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა ის სასამართლომდე მიიტანონ.

თუმცა, IRS-ის ყოფილი გამომძიებელი რიჩარდ რაინჰარდტი ამბობს, რომ იგნატოვა, სავარაუდოდ, მკვდარია. მას ასევე არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დააკავშირებს მის სიკვდილს ტაკთან, მაგრამ მიიჩნევს, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება შეესაბამება ნარკოკარტელების მოქმედებას.

BBC-მ მისწერა ტაკის ადვოკატებს, რომ ეპასუხათ ამ ბრალდებებზე, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

2022 წელს იგნატოვა მოხვდა FBI-ს ძებნილთა სიის ათეულში, სადაც მისი სახელი დღემდე რჩება.

BBC-ის გუნდმა გამოძიების მიღმა მიიღო სხვადასხვა ინფორმაცია იგნატოვას ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის 2022 წელს საბერძნეთში ჩავარდნილი პოლიციის ოპერაციის დეტალები, რომლის მიზანი იყო ქალის დაპატიმრება.

შესაძლოა, მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ბრწყინვალე მანევრი, რომელსაც ხშირად იყენებენ კრიმინალები გაქრობისას. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ FBI ხალხს თავისი სიის ათეულში გასართობად არ ინახავს.

ძებნილი კრიმინალების სახელების ამოღება სიიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს მათი გარდაცვალების "სარწმუნო მტკიცებულება“. რუჯა იგნატოვას გაუჩინარების გარემოებების გათვალისწინებით კი, ასეთი მტკიცებულებები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამქრალი "კრიპტოდედოფალი“ კვლავ რჩება ქალად, რომელზეც ჯერ კიდევ ნადირობენ.

იხილეთ ასევე: