ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ხელისუფლება "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სააგენტო, ფაქტობრივად, მთავრობის დაქვემდებარებაში ექცევა. ცვლილებები ითვალისწინებს საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას და ამასთანავე, მოიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, რისკიან პროექტებში ჩაიდოს და გაიცეს კრედიტებიც.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვილებისა, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს. არაერთი შეფასება გავრცელდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, 3 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებს "მავნებლობა“ უწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა, რაც საშიში მიმართულებაა”.

დაგეგმილი ცვლილებები კრიტიკის საგანი გახდა არაერთი მიმართულები. "ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურად, რა შეიცვლება სააგენტოში, სად დაბანდდება თქვენი საპენსიო დანაზოგები და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების“ ბედი გაიზიაროს.

  • ცვლილებები საინვესტიციო საბჭოში

დაგეგმილი ცვლილებებით, საინვესტიციო საბჭო გაუქმდება. მის ნაცვლად შეიქმნება მმართველი საბჭო. აღნიშნული მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან იქნება შემდგარი. 9 წევრის შემთხვევაში, ერთი თანამდებობრივი პირი იქნება, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - ორი. წევრებს კომისია შეარჩევს და პრემიერი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. მათი უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება.

  • როგორ უქვემდებარდება მთავრობას "საპენსიო ფონდი“?

დაგეგმილი ცვლილებებით სააგენტო, პრაქტიკულად, მთავრობას დაუქვემდებარდება. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მმართველობითი საბჭოს წევრებს კომისია დაამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ სამინისტროებისა და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება.

კომისია 7 წევრისგან იქნება შემდგარი, უფრო კონკრეტულად, კომისიის წევრთა ვინაობა ასე გამოიყურება:

ფინანსთა მინისტრი,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,

პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო)'

1 დამოუკიდებელი წევრი (წარადგენს ეროვნული ბანკი).

ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს მმართველ საბჭოს, რომლის უფლება-მოვალეობების სია მოცულობითია, მთავრობა დააკომპლექტებს. ეს კი მაშინ, როცა სააგენტოში ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტი უნდა შექმნას საბჭომ, მათ შორის საინვესტიციო, რისკის მართვის და შიდა აუდიტის კომიტეტები. "საპენსიო ფონდს“ კი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი.

"ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოსგან ხელისუფლება ქმნის ბანკს, სადაც მთავრობა საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა: უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და ამ საქმიანობის მონიტორინგიც“, - აღნიშნა ცომაიამ.

ეკონომისტი საუბრობს სააგენტოს საინვესტიციო მიმართულებაზეც და ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილება შეიცავს "კორუფციის ნიშნებს“.

  • სად შეუძლია დანაზოგების დაბანდება საინვესტიციო კომიტეტს

მმართველი საბჭოს მიერ შექმნილი საინვესტიციო კომიტეტს ექნება უფლება, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ინვესტიციების სახით განათავსოს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის უჩნდება შესაძლებლობა, დაგროვილი თანხები გასცეს კრედიტების სახითაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ "საპენსიო ფონდი“ ბანკს დაემსგავსება. ჩვენთან საუბარში საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოსგან ბანკი შეიქმნა, ის "ეროვნული ბანკის მიერ უნდა დარეგულირდეს ისე, როგორც სხვა კომერციული ბანკები“.

აკაკი ცომაიას შეფასებით, პრობლემურია მუხლი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს შეეძლება კრედიტების გაცემა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, მოქალაქეთა დაგროვილი 5 მილიარდ ლარზე მეტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, მომავალში კი წლების ნაგროვებმა დანაზოგებმა "საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“.

რომ შევაჯამოთ: დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, ჩაიდოს მაღალრისკიან პროექტებში ან გაიცეს კრედიტების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი დაკარგვის ალბათობა მაღალია.

  • საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი

თუ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარდგენილი სახით კანონის ძალას შეიძენს, საკომისიო 0.5-დან 0.75%-მდე გაიზრდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საპენსიო სააგენტოსბიუჯეტს იზრდის.

სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, საუბარია საკმაოდ დიდ საბიუჯეტო სახსრებზე, რისი ქონის აუცილებლობაც სააგენტოს არ აქვს.

"საკომისიოს ნაწილი არ მიმაჩნია სწორად, ძალიან დიდ ბიუჯეტზეა საუბარი. მე რომ ვიყავი სააგენტოში, გვქონდა 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი და გვყოფნიდა - ამხელა ბიუჯეტი რა საჭიროა, მე არ მესმის“, - განმარტა სურგულაძემ. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: