ავტორი:

"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?

"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სახალხო პარტიამ (BJP) გაიმარჯვა. არჩევნები თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა და მონაწილეობას მილიარდზე მეტი მოქალაქე იღებდა.

  • უკანასკნელ 10 წელიწადში პირველად ინდოეთის სახალხო პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 272 მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა, პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა ჯამში 293 მანდატი მიიღო. 73 წლის მოდი ინდოეთის მეორე პრემიერ მინისტრია, რომელიც ქვეყანას ზედიზედ მესამედ უხელმძღვანელებს.

მხარდამჭერებისთვის, მოდი არის ადამიანი, რომელმაც გააუმჯობესა ინდოეთის ეკონომიკა და გაამარტივა ქვეყნის კეთილდღეობის უზარმაზარი პროგრამა, რომელიც ემსახურება მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს. მაგრამ კრიტიკოსებისთვის ის ლიდერია, რომელმაც ინდოეთის დემოკრატია დაარღვია. მათი თქმით, მოდი სულ უფრო მეტად იყენებს მტკიცე ტაქტიკას პოლიტიკური ოპონენტების დასამორჩილებლად, დამოუკიდებელი მედიის შესასუსტებლად და განსხვავებული აზრის დასაძლევად.

მოდიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ორი თვის წინ დაიწყო და პირობა დადო, რომ 2047 წლამდე ინდოეთს განვითარებულ ქვეყნად გადააქცევდა. ასევე ყურადღება გაამახვილა მისი ადმინისტრაციის კეთილდღეობის პოლიტიკაზე და მძლავრ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც მილიონობით ინდოელი ისარგებლებს. კამპანიის პერიოდში იგი სულ უფრო მეტად იყენებდა ანტიმუსლიმურ რიტორიკას და მათ "ინფილტრატორებს" უწოდებდა. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოდი ხშირად იმეორებდა, რომ "ღმერთის რჩეულია".

"სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, მჯეროდა, რომ ბიოლოგიურად დავიბადე. მისი გარდაცვალების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - აღნიშნავდა მოდი.

ნარენდრა მოდი 1950 წელს, დასავლეთ გუჯარატის შტატში დაბალი ფენის ოჯახში დაიბადა. მამამისი ჩაის გამყიდველი იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში Rashtriya Swayamsevak Sangh-ს მემარჯვენე ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.

პოლიტიკაში პირველი დიდი ნაბიჯი 2001 წელს გადადგა და მშობლიური შტატის გუჯარატის მთავარი მინისტრი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ რეგიონში ანტიმუსლიმური არეულობების შედეგად მინიმუმ 1000 ადამიანი დაიღუპა. ამბობდნენ, რომ მოდი ჩუმად უჭერდა მხარს არეულობას. 2019 წელს, მეორე ვადის მინიჭებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისმა მთავრობამ გააუქმა სადავო ქაშმირის სპეციალური სტატუსი, (ქვეყნის ერთადერთი მუსლიმანური შტატი,) და ორ ფედერაციულ ტერიტორიად დაყო.

კრიტიკოსები და ოპონენტები ამბობენ, რომ მოდის პოლიტიკამ გამოიწვია შეუწყნარებლობა, სიძულვილი და თავხედური თავდასხმები ქვეყნის უმცირესობებზე, განსაკუთრებით მუსლიმებზე.

ინდოეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, არჩევნები 6 კვირის განმავლობაში 7 ეტაპად, ასობით მილიონი ადამიანის მონაწილეობით ტარდებოდა. ინდოეთის არჩევნები პლანეტის უდიდესი საპარლამენტო არჩევნებად ითვლება.

წყარო