ავტორი:

"რუს ჟურნალისტს დავუსვით კითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი - არ გეთანხმებითო გვიპასუხა, პოლიციამ დაიცვა ეს ადამიანი" - დაპირისპირება პარლამენტთან

"რუს ჟურნალისტს დავუსვით კითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი - არ გეთანხმებითო გვიპასუხა, პოლიციამ დაიცვა ეს ადამიანი" - დაპირისპირება პარლამენტთან

პარლამენტის შენობასთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

  • კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილემ აღნიშნა ჟურნალისტი პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტით საუბრობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

"როდესაც რუს ჟურნალისტს დავუსვით კითხვა - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, არ გეთანხმებითო გვიპასუხა. პოლიციამ დაიცვა ეს ადამიანი. მოვიდა აქციაზე, სადაც ბავშვები იდგნენ და რუსეთისთვის მაამებელი ტექსტით დაიწყო ჩართვა და ვინ აპატიებდა ამას? ერთ-ერთმა აქციის მონაწილეს ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო, რაზეც გვიპასუხა - არ გეთანხმებითო. ასეთ ადამიანებს უშვებენ საქართველოში”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პოლიციამ ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა, მანამდე კი აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავი შეეკავებინათ, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლებენ.