Webiz International - „BTU-ს ჰაკათონი AI კიბერუსაფრთხოებაში“ დიდ სარგებელს მოუტანს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს“

Webiz International - „BTU-ს ჰაკათონი AI კიბერუსაფრთხოებაში“ დიდ სარგებელს მოუტანს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს“

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი “ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში” სტარტს იღებს, რომელზეც რეგისტრაცია მიმდინარეობს და 10 ივნისამდე გაგრძელდება. საერთაშორისო IT კომპანია Webiz International სპეციალურად ჰაკათონის მონაწილეებისთვის გამართავს თავისი ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები, და მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება კვალიფიციური გუნდისგან.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგულარულად მასპინძლობს ჰაკათონებს, ტექ კონფერენციებსა თუ კონკურსებს, რომლებიც სტუდენტებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს აერთიანებს. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ინოვაციური იდეების გენერირებას, ახალგაზრდების ტექნიკური უნარების განვითარებასა და მათ პრაქტიკაში გამოყენებას. Webiz International განათლების სფეროსა და ინოვაციური იდეების აქტიური მხარდამჭერია და ადგილობრივ ტალანტებს გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ BTU-ს ჰაკათონის ერთ-ერთი პარტნიორი და სპონსორი გავმხდარიყავით. ჰაკათონს „AI კიბერუსაფრთხოებაში“ შეუძლია დიდი სარგებელი და შესაძლებლობა მოუტანოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სტუდენტებს, აკადემიურ ინსტიტუტებს, კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ფართო საზოგადოებას. ვფიქრობ, ახალგაზრდების მხარდაჭერა ტექნოლოგიური სფეროსთვის ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, უზრუნველყოფს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას სამომავლო პროფესიული წინსვლისთვის“, - აცხადებს Webiz International-ის CEO ეიალ ბარ ოზი.

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა. მეორე ტურში გადასული გუნდები დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიებაზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

I ადგილი - 7000 ლარი;

II ადგილი - 5000 ლარი;

III ადგილი - 3000 ლარი.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

R