ავტორი:

"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - რას აცხადებენ ოპოზიციაში აშშ-ის მიერ ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

"რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია, - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას ეხმაურება.

ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

"ქართული ოცნების" წევრებს, "რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება ?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია!

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!” , - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას გამოეხმაურა."ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, უფრო დააზიანებს ქვეყანას.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა.

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!

თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ოცნების" ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია! ეს მომავლის ღალატია!

ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

იხილეთ ასევე: