ავტორი:

"საქმე, რომელსაც "პალიტრანიუსი" აკეთებს არის იდეებისა და ღირებულებების მსახურება და ამით  ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეაქვს თავისი წვლილი" - ინტერვიუ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ლიკა ტურიაშვილთან

"საქმე, რომელსაც "პალიტრანიუსი" აკეთებს არის იდეებისა და ღირებულებების მსახურება და ამით  ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეაქვს თავისი წვლილი" - ინტერვიუ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ლიკა ტურიაშვილთან

2 წელია, რაც „პალიტრანიუსის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ლიკა ტურიაშვილი მაყურებელს დღის მთავარ ამბებს აწვდის. ამ დროის განმავლობაში მას ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური საკითხის გაშუქება მოუწია, როგორც თავად აღნიშნავს, „პალიტრანიუსში“ მიღებულმა გამოცდილებამ თავისი პროფესია კიდევ უფრო შეაყვარა.

ლიკა გვიამბობს, რომ ჟურნალისტის არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, რის გამოც ეს პროფესია მრავალფეროვანი, საინტერესო და რუტინისგან დაცლილია.

როგორ მოხვდა მედიის სფეროში, რა სპეციფიკით ხასიათდება წამყვანობა და როგორ ახერხებს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას, ამის შესახებ ლიკა ტურიაშვილი საუბრობს:

როგორ დაიწყო თქვენი და „პალიტრანიუსის“ თანამშრომლობა და რას ნიშნავს, იყო ამ ტელევიზიის ნაწილი?

„პალიტრანიუსში“ რეგიონული მედიიდან გადმოვედი. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების მიღება ჩემთვის ახალი გამოწვევა და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს სხვა მედიასაშუალებებიდანაც მქონია შემოთავაზება, „პალიტრანიუსს“ დავთანხმდი იმის გამო, რომ ღირებულებათა საერთო სისტემა გვაქვს და არხის სარედაქციო პოლიტიკა ჩემთვის მისაღები იყო.

2 წელია, რაც „პალიტრანიუსის“ ნაწილი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არსებული ოჯახური გარემო როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად ბევრ რამეში მეხმარება. ყოველ დილით გათენება მიხარია, რადგან ვიცი, რომ იმ სამსახურში უნდა წავიდე, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მგონია, რომ საქმე, რომელსაც „პალიტრანიუსი“ აკეთებს არის იდეებისა და ღირებულებების მსახურება და ამით ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეაქვს თავისი წვლილი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ამ როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ხარ.

უფრო დეტალურად, რა საერთო ღირებულებებზე დგას თქვენი და „პალიტრანიუსის“ თანამშრომლობა?

ვფიქრობ, ჟურნალისტიკის როლს - ინფორმაცია მიიღოს, დაამუშაოს, ობიექტურად გაავრცელოს, იყოს ხელისუფლების გამომაფხიზლებელი ძალა, საზოგადოება ჰყავდეს მყისიერად ინფორმირებული და რაც მთავარია, არ ექცეოდეს გავლენების ქვეშ, „პალიტრანიუსი“ შესანიშნავად ასრულებს.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საინფორმაციო გამოშვების ტექსტს ვწერ, პასუხისმგებლობა სრულად ჩემზეა, არ მიწევს ვინმეს მიერ ნაკარნახევი პოზიცია დავიჭირო.

რას ვერ ხედავს მაყურებელი კადრს მიღმა? რეალურად რას ნიშნავს, იყო საინფორმაციო გამოშვების წამყვანი?

მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორის გამოცდილებაც მაქვს, წამყვანობაზე გავაკეთე არჩევანი. თავდაპირველად ეს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებით იყო ნაკარნახევი: ოჯახი ადრე შევქმენი, 21 წლის ასაკში შვილიც მყავდა და დროის მენეჯმენტიდან გამომდინარე, წამყვანობა უკეთესი არჩევანი იყო.

შემდეგ უკვე მივხვდი, რომ სტუდიაში მუშაობა ძალიან მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სტრესული საქმიანობაა, განსაკუთრებით, როცა ისეთი მედიასაშუალების ნაწილი ხარ, რომლის მთავარი ნიშა ობიექტურობა და ბალანსია. შეიძლება, კადრს მიღმა გარკვეული ამბების მიმართ დამოკიდებულება ემოციურად გამოვხატო, თუმცა თითოეულ სიტყვას, მიმიკასა და ინტონაციასაც კი ვაკონტროლებ ეთერში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულია, ამიტომაც იდეალურთან მიახლოებული მაინც უნდა იყო, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა არ დაკარგო წონასწორობა და მტკიცე ხასიათი გამოავლინო. შესაბამისად, გიწევს მთელი გონებით ჩაერთო საქმეში, რომელსაც აკეთებ.

როგორი იყო თქვენი პირველი პირდაპირი ეთერი, როდესაც ათასობით უხილავი მაყურებლის პირისპირ მარტო აღმოჩნდით?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი ეთერი არ იყო „პალიტრანიუსზე“, მახსოვს, რომ აქ პირველი საინფორმაციო გამოშვების წაყვანამდეც და პროცესშიც ძალიან ვნერვიულობდი. ეს დღე რამდენადაც ემოციური, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმ თვალსაზრისით, რომ ვიგრძენი კოლეგების მხარდაჭერა. ზოგადად, „პალიტრამ“ პირველივე დღიდანვე ძალიან თბილად მიმიღო და მაგრძნობინა, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვარ, რაც დიდი მოტივაციაა და ყველაფერი უფრო გიმარტივდება.

ემოციური თვალსაზრისით ჩემი 2-წლიანი გამოცდილებიდან მინდა გამოვყო უკრაინაში ომის დაწყება, როცა რუსეთი სისასტიკეებს სჩადიოდა და მთელი საქართველო მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად გაერთიანდა.

ასევე, ძალიან რთული იყო ახლა მიმდინარე მოვლენების, უცხოური გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქება. ემოციების მართვა გიჭირს, როდესაც ხედავ, შენს კოლეგებს რა პირობებში უწევთ ჩართვების დროს მუშაობა. ამ დროს უნდა იყო გაწონასწორებული და ნეიტრალური, რაც ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით მოწამლული რეპორტიორების დანახვისას მარტივი არ არის.

როგორ ახერხებთ ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციული ნაკადისგან განტვირთვას, დასვენებას?

სტრესის განქარვებას ოჯახთან ურთიერთობით ვახერხებ. მყავს მეუღლე და 2 შვილი და მათთან ერთად მაქსიმალურად დიდი დროის გატარებას ვცდილობ. დასვენების დღეებში ბავშვებთან ერთად დავდივართ სკვერებში, პარკებში, გასართობ სივრცეებში, ასევე კინოსა და თეატრში. შვილებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით გვავსებს.

ჩემი პროფესიისა და სამსახურის მიღმა ვარ აქტიური დედა, დროის დიდ ნაწილს ოჯახს ვუთმობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც.

ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სულ ვცდილობ, რომ ახალი კულტურის აღმოსაჩენად, ახალი გამოცდილების მისაღებად შესაძლებლობა გამოვნახო.

საინტერესოა, როგორ პოულობთ ამ ბალანსს?

დასაქმებული დედები სულ ბალანსის პოვნას ვცდილობთ, სულ ამ ბრძოლაში ვართ. ალბათ ჩემი პიროვნული თვისებები მეხმარება, რადგან ყოველთვის აქტიური ვიყავი, მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, კომუნიკაცია და როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, სახლში რომ მივდივარ, ვხდები დედა, ვუბრუნდები და ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ ყველანაირი სტრესი და ნეგატიური ფონი გვერდით გადავდო.

დავბრუნდეთ ცოტა უკან, როგორ მოხვდით ჟურნალისტიკაში და როგორ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ამ პროფესიას დაუკავშირებდი თავს?

ჟურნალისტიკით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ამ პროფესიასთან მქონდა კვეთა. უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ვსწავლობდი, როცა შემოთავაზება მომივიდა ტელევიზიიდან, ვყოფილიყავი გასართობი გადაცემის წამყვანი.

მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ჟურნალისტიკა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და გადავწყვიტე, სამეცნიერო დისციპლინა შემეცვალა. შემდეგ უკვე ახალი ამბების მიმართულებით დავიწყე განვითარება.

როგორ უკუკავშირს გრძნობთ მაყურებლისგან? რეალურად, საჭიროა თუ არა, მუდმივად მხედველობაში იღებდეს ჟურნალისტი მაყურებლის განწყობებს?

ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ უკუკავშირს. თუ კრიტიკა ჯანსაღია, ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო. სხვათა შორის, მაყურებლის კომენტარებს უპასუხოდ არ ვტოვებ ხოლმე. ეს უკუკავშირი პროფესიულად გზრდის. ამის მიმღებლობა თუ არ გაქვს, ალბათ ვერასდროს ვერ განვითარდები და სულ ერთ ეტაპზე იქნები.

მაყურებლის განწყობებისთვის თვალის დევნება და მათი კრიტიკის შენს სასარგებლოდ გამოყენება გეხმარება იმაში, რომ აუდიტორიასთან ბმა არ დაკარგო.

დაბოლოს, მინდა გთხოვოთ, რჩევები მისცეთ მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას მხოლოდ ახლა ირჩევს. ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება და ამ ნაბიჯს სულ მალე გადადგამს ათასობით აბიტურიენტი.

მინდა ვურჩიო, რომ არასდროს შეწყვიტონ საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისთვის ბრძოლა, უყვარდეთ, რასაც აკეთებენ, რადგან ამის გარეშე მედიის სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

სცადონ სხვადასხვა პლატფორმა, ჟურნალისტიკის განსხვავებული ჟანრები, იყვნენ ცნობისმოყვარეები და იმუშაონ საკუთარ თავზე. რაც მთავარია, ბევრი იკითხონ, რადგან ზოგადი განათლება ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ბევრი წერონ, რადგანაც პრაქტიკა პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში გეხმარება. რომ შევაჯამო, ვურჩევდი, იზრუნონ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარების განვითარებაზე, რაც ყველა პროფესიაში გამოადგებათ.