ავტორი:

"ამერიკის ვიზა არ მაქვს... იქ წასვლის სურვილიც არ მაქვს" - როგორ ეხმაურებიან მმართველ გუნდში აშშ-ის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვებზე

"ამერიკის ვიზა არ მაქვს... იქ წასვლის სურვილიც არ მაქვს" - როგორ ეხმაურებიან მმართველ გუნდში აშშ-ის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვებზე

მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვას.

  • მისი თქმით, ოპოზიციას უფლება აქვს იცოდეს, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, რომ "კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით".

"მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!

ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

თბილისის მერის, კახა თქმით, სანქციების არავის არ ეშინია.

"კიდევ ერთხელ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიული, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია. ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მეგობრებისთვის. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციის [ძირის გამოთხრა?] სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. არ ვიცი, შეიძლება 100 იყოს ან 200 დასანქცირებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.

ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი.

ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

წაიკითხეთ ასევე: