4 წიგნი, რომელიც სერიაში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ სპეციალურად გამოიცა

4 წიგნი, რომელიც სერიაში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ სპეციალურად გამოიცა

ლიტერატურის მოყვარულები გამუდმებით ძიებაში არიან: თვალს ადევნებენ ახალი ავტორების შემოქმედებას და ამავდროულად, არ ივიწყებენ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომელმაც ჩვენს შეხედულებებზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თითქმის 19 წლის განმავლობაში შეძლო, ერთი მხრივ, მკითხველთა ფართო წრეებისთვის გაეხადა ლიტერატურული შედევრები ხელმისაწვდომი და მეორე მხრივ, უცხოური და ქართული თანამედროვე მწერლების შემოქმედება აქტიურად გამოეცა.

ეს პროცესი ახლაც გრძელდება მათ შორის ისეთი პროექტის სახით, როგორიც არის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. სერიის ფარგლებში გამოიცა ისეთი წიგნები, როგორიცაა „ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“; მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“; ალექსანდრე დიუმა - „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ და კაზუო იშიგუროს - „არასოდეს გამიშვა“.

აქედან ყველა რომანი იშიგუროს გარდა, სპეციალურად ამ პროექტისთვის თარგმნა და გამოსცა „პალიტრა L-მა“. შესაბამისად, მკითხველს საშუალება აქვს მათი განახლებული და ორიგინალთან კიდევ უფრო მიახლოებული ვერსიები წაიკითხოს.

ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით

ანე ფრანკის ჩანაწერების აღნიშნული გამოცემა პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის თარგმნილი და ავტორის დღიურების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად არის მიახლოებული პირველწყაროსთან.

ანე ფრანკი სულ რაღაც 16 წლის ასაკში დაიღუპა, თუმცა გოგონას ჩანაწერებმა მისი სახელი სამუდამოდ დაგვამახსოვრა. მისი დღიური წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რა საზარელი დანაშაული მიუძღვით ფაშისტებს კაცობრიობის მიმართ.ჩანაწერები აღწერს, როგორ იმალებოდნენ ოჯახები ორი წლის განმავლობაში, როცა ნაცისტებს ნიდერლანდები ჰქონდათ ოკუპირებული. ფრანკებისა და ვან პელსების ოჯახები და მოგვიანებით, ებრაელი სტომატოლოგი ცხოვრობდნენ ანეს მამის კუთვნილი კომპანიის შენობაში, რათა ნაცისტებს არ დაეპატიმრებინათ ისინი.

პოლ ოსტერი - ნიუიორკული ტრილოგია

პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი" აერთიანებს და ის მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. თითოეული, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანია, თუმცა ამბიდან ამბავში ნაცნობი სიუჟეტები, ადგილები, ლიტერატურული სახეები და მისტიკა დაგვყვება, რაც ნაწარმოებს ერთგვარი იდუმალებით მოსავს და მკითხველს უფრო და უფრო მეტ კითხვას უჩენს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის. ნიუიორკიც ერთიანი პირობითი სამყაროს ცენტრი შეშლილობამდე მისული, არარეალური, მეტაფიზიკური ქალაქია... აქ არსებული სივრცითი და დროითი საზღვარი კი დარღვეული. ამ ამბავში ასეც ხდება: პერსონაჟი იტყვის, მეგონა, თვითონ მითვალ– თვალებდა, მაგრამ, სინამდვილეში, კვალში მე ჩავუდექიო.

„ნიუიორკული ტრილოგია“ ქართულ ენაზე პირველად გამოიცა წელს, პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

ალექსანდრე დიუმა - ქალი ხავერდის ყელსაბამი

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცველები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეაბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის. ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველაფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს? ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან არა; ნაწარმოები როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.

მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნი

ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავებული იქნება“, უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხე- ლისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... მხოლოდ რეპროდუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.

„პალიტრა L-ის“ ახალი სერიის ფარგლებში გამოიცემა კიდევ 10 წიგნი, რომელიც თქვენ ბიბლიოთეკას კიდევ უფრო გაამდიდრებს. სერიის შემდეგი ტომებისთვის გამოკითხვა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სახვადასხვა არხზე.

შეგიძლიაც მოგვწეროთ მეილზე: book@palitra.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 238 84 44 ან გადადით ბმულზე: https://docs.google.com/

R