კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სამხრეთ კორეული კომპანია “Samsung Electronics”-ის პროფკავშირი პირველად გაიფიცა კომპანიის შექმნის 55-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ამ გზით, კომპანიის პერსონალი ხელფასების გაზრდასა ითხოვს. ორგანიზაციამ წინასწარ განაცხადა, რომ მისი 28 000 წევრი, რაც კომპანია “Samsung Electronics National Union” - ის (NSEU) მუშახელის მეხუთედს შეადგენს, 7 ივნისს, ერთი დღით გაიფიცებოდა.

ეს ხდება მაშინ, როდესაც “Samsung Electronics”- ი იბრძვის მეხსიერების ჩიპების წარმოების ბაზარზე დომინირებისთვის, შექმნილი ვითარება კი კომპანიას მეტად რთულ ვითარებაში აყენებს.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტექნიკური გიგანტის მენეჯმენტთან ხელფასების გაზრდისა და პრემიების შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა.

“Samsung Electronics”-მა განაცხადა, რომ გაფიცვა არ იმოქმედებს კომპანიის წარმოებასა და ბიზნეს საქმიანობაზე.

"ჩვენ გულწრფელად ვთანამშრომლობდით ერთიანობისთვის და კვლავაც გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა” Reuters”-თან.

ანალიტიკოსები, რომლებსაც “Reuters” ესაუბრა, ფიქრობენ რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაფიცვა დაუყოვნებელ გავლენას მოახდენს წარმოებაზე ან მიწოდებაზე, მაგრამ გაზრდის უარყოფით ზეწოლას თვითონ კომპანიაზე.

პანდემიის დროს კომპიუტერული ჩიპების ისტორიულ დეფიციტს მოთხოვნის კოლაფსი მოჰყვა, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნა ელექტრონიკის მიმართ შემცირდა გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის გამო. ამან ჩიპების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ბიზნესი ნელ-ნელა უმჯობესდება.

აპრილში Samsung-მა წარმოადგინა მეხსიერების ჩიპის ახალი მოდელი ხელოვნური ინტელექტისთვის -“LPDDR5X DRAM”, რომელიც შექმნილია 12-ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 10,7 გიგაბიტი წამში სიჩქარით.

მაისში სამსუნგმა განაცხადა, საოპერაციო მოგება ათჯერ გაიზარდა, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი კლასის ჩიპებზე მასიური მოთხოვნის ფონზე.

მსოფლიოში მიკროჩიპების აბსოლუტური უმრავლესობა იწარმოება ძირითადად ორ ადგილას: ტაივანსა და სამხრეთ კორეაში. ტაივანის ინდუსტრია უფრო დიდი და დომინანტია, თუმცა სამხრეთ კორეა ცდილობს მასთან გატოლებას.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა