ავტორი:

"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე

"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე

ფოტოზე: ნიკო მანაგაძე თავდასხმის შემდეგ

ნიკო მანაგაძე აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, - ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკოლოზ კალანდაძემ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის“ ლიდერზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტუდენტები ხვალ, 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აპირებენ დახვდნენ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველ შაბათს ლექციას კითხულობს.

ნიკოლოზ კალანდაძე

"ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაგაძეს. ნიკო აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს - დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, დადექით იმ სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილით 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს - დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან. ერთად დავხვდეთ კობახიძეს”, - განაცხადა ნიკოლოზ კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათის წინ, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.