ავტორი:

თავდასხმა დანიის პრემიერზე: რა მოხდა კოპენჰაგენის ცენტრში - "ინციდენტმა პოლიტიკოსი შოკირებული დატოვა"

თავდასხმა დანიის პრემიერზე: რა მოხდა კოპენჰაგენის ცენტრში - "ინციდენტმა პოლიტიკოსი შოკირებული დატოვა"

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს თავს დაესხნენ - შემთხვევა კოპენჰაგენის ცენტრში მოხდა. პრემიერ-მინისტრს უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ხელი დაარტყა. თავდამსხმელი მალევე დააკავეს, თუმცა მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ფრედერიკსენის ოფისში განაცხადეს, რომ ინციდენტმა პოლიტიკოსი "შოკირებული" დატოვა.

  • ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქციელს "საზიზღარი ქმედება" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტი "ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვჯერა".

"ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მომხდარს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა:

"აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მე მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, რომ მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.

მეტე ფრედერიკსენი, დანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერია, რომელიც ყველაზე დიდი პარტიაა დანიის კოალიციურ მთავრობაში. ისინი კვლავ ლიდერობენ გამოკითხვებში, მაგრამ ბოლო თვეებში მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა.