ავტორი:

"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"

"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"

"უხილავი თამაში" ახალი ქართული სერიალია, რომელიც დეტექტივი გახლავთ, ფსიქოლოგიური ტრილერი. რეჟისორებმა: სოსო ბლიაძემ და გიორგი ქადაგიძემ ის მარი ბექაურის წიგნის მიხედვით გადაიღეს. სცენარისტი თავად მარი ბექაურია.

  • როლებში არიან: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა დემეტრაძე, გიორგი მახარაძე, მურმან ჯინორია, მაკა ჩიჩუა, ანუკი ბუბუტეიშვილი, გიორგი ლიფონავა და სხვები.

ამბავი კი ასეთია - თბილისში ლიტერატურული გამომცემლობა გადაწყვეტს ორი ახალგაზრდა, დებიუტანტი მწერლის წიგნი გამოსცეს. დედლაინის დღეს, მწერალი და რეპერი ნიკოლოზ მეში (გივიკო ბარათაშვილი) გამომცემლობას დაუსრულებელ წიგნს უგზავნის.

გამომცემლობის დირექტორი, ნანა (ნინო კასრაძე) წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ ბლოგერ სოფია გილგას (ნინა ლორთქიფანიძე) ამბავი მეშის წიგნის პერსონაჟის ამბის იდენტურია - გოგონას რეტროგრადული ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა. როგორ მოხდა, რომ ერთი მწერლის გამონაგონი მეორე მწერლის ცხოვრებაში რეალურად მოხდა?! - აი, ეს არის კითხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სერიალში მსახიობ კახა კინწურაშვილის დიდი დაბრუნება მოხდა, რადგან ეკრანებზე დიდი ხანია არ გამოჩენილა. ნინო კასრაძე - ძლიერი დამოუკიდებელი ქალის როლს თამაშობს, რომელსაც თავისი პრეისტორია აქვს, ძალიან დიდი კრიზისის მართვა უწევს. როგორია ასეთი როლის შესრულება, როგორია პარტნიორებთან მუშაობა, საერთოდ, როლზე მუშაობა, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად პასუხობს:

- ახალი როლი საკმაოდ საინტერესოა, რადგან ჩემი როლით ხდება ადამიანის ცხოვრებისეულ დრამაზე საუბარი და საერთოდ, რაც ადამიანზეა მოყოლილი, საბოლოო ჯამში ყველაფერი საინტერესოა. ქალბატონი ნანას როლი, სხვა როლებისგან არ ვიცი, რით იყო განსხვავებული, მაგრამ ჩემს როლს ჰქონდა ერთგვარი კათარზისი. იყო ამის საშუალება, რომ ტრანსფორმაცია მომხდარიყო, კერძოდ კი, მისი სულიერი მდგომარეობის და ეს უინტერესო არ ყოფილა.

- მუშაობის პროცესში როგორია თქვენი მოთხოვნა პარტნიორების მიმართ და ამჯერად რამდენად კმაყოფილი ხართ მათთან მუშაობით?

- როგორ მოთხოვნა უნდა მქონდეს? საჭიროა მინიმალური პროფესიონალიზმი. უნდა გითხრათ, რომ ამჯერად ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა. მით უმეტეს, თემიკო ჭიჭინაძე. ის ჩემი უშუალო პარტნიორია... თემიკოს დიდი ხანია თეატრსა თუ კინოში სამუშაოდ არ შევხვედრივარ, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თეატრშიც და კინოშიც მუდმივად პარტნიორები ვიყავით. უნდა გითხრათ, რომ თემიკოსგან ბევრი რამეც ვისწავლე, რადგან მისი პროფესიული დონე ნამდვილად ძალიან მაღალია.

- ზოგადად, რა არის და რას ნიშნავს ყოველი ახალი როლის შექმნა თეატრში, კინოსა თუ სერიალში?

- ეს არის შესაძლებლობა, მოვყვე ცხოვრებაზე, დღევანდელობაზე, საშუალებაა, გამოხატო შენი პოზიცია. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუნდაც ანტიკურ ხანაზე რომ ვდგამდეთ სპექტაკლს, ან ვიღებდეთ ფილმს, ის მაინც თანამედროვეობაზეა, მაინც დღევანდელობაა და დღევანდელ დღეზეა. ამიტომ ყოველი როლი იმისთვისაა, რომ მოყვე დღევანდელ დღეზე და შენი სატკივარი საზოგადოებას გაუზიარო.

- არსებული პოლიტიკური სიტუაცია საქმიანობაში თუ გიშლით ხელს?

- ამ კითხვას ორნაირად შეიძლება ვუპასუხო - რა თქმა უნდა, ძალიან მიშლის ხელს, ის ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, არის დამანგრეველი... ამიტომ რაღაცნაირად უნდა მოიკრიბო ძალა, გაიჩინო სტიმული შემდეგი მუშაობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს პროცესები, რომელსაც ხედავ, რომელშიც მონაწილეობ, არის იმედის მომცემი. თუ კიდევ ცოტა შორიდან შეხედავ ამ ყველაფერს, ხვდები, რომ დიდი, მნიშვნელოვანი მოძრაობის, ცვლილების ნაწილი ხარ. ეს ასევე ძალიან ამაღელვებელი და ძალისმომცემია.

კადრი ფილმიდან

- რა მოლოდინი გაქვთ, სერიალს რამდენად აიტაცებს მაყურებელი?

- ძალიან მეშინია ამაზე საუბარი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ჩვენს სათქმელს შეიგრძნობს. სინამდვილეში კი მაყურებელი ამ სერიალს აღიქვამს, მოეწონება თუ არა, ეს პროდუქტი მისი გახდება, თუ არა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე საშიში თემაა და წინასწარ ამაზე საუბარი მიჭირს.

კახა კინწურაშვილი სერიალში ფსიქოლოგის როლს ასრულებს. რა სპეციფიკასთან ასოცირდებოდა ეს როლი, რატომ არის თავისებურად საპასუხისმგებლო ფსიქოლოგის ამპლუის გათავისება, თან როდესაც მისი პერსონაჟი გაუჩინარებული გოგონას ძიებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ამაზე AMBEBI.GE-ს მსახიობი კახა კინწურაშვილი პასუხობს:

- როლი საინტერესო იყო იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერსონაჟი ფსიქოლოგია. ჩემი პროფესიაც ხომ კვლევასთან ძალიან ახლოსაა. სიტყვაზე, თუ ვიკვლევ ხოლმე ჩემს გმირს, ამ შემთხვევაში მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი გმირი, რომელიც სხვის ცხოვრებას, სხვის შეგრძნებებს იკვლევს და რაღაც წერტილებს აერთებს. ჩემთვის მუშაობის პროცესში მთავარია ყოველთვის სურვილი, მზაობა, მაქსიმალური ჩართულობა. ამ შემთხვევაში, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, ისეთ მსახიობებთან და ადამიანებთან ვმუშაობდი, ვინც თავიდან ბოლომდე იაზრებს საკუთარ პროფესიას და შესაბამისად პასუხისმგებელია თავის თავზე, პროფესიაზე, გმირზე და ა.შ.

- ზოგადად, რას ნიშნავს ყოველი ახალი სახის შექმნა კინოში, თეატრსა და სერიალში?

- ემოციურად დაშლას და აწყობას, მერე ისევ დაშლას და აწყობას და მერე ისევ აწყობას, ძალიან რთული პროცესია... ამიტომაც არის, რომ მსახიობები, ზოგ შემთხვევაში, ბევრს არ ლაპარაკობენ თავის გმირზე, რადგან ემოციურად იმხელა პროცესს გადიხარ, რთულია მერე ეს ვერბალურად გადმოსცე.

- სერიალი რამდენად მოეწონება მაყურებელს?

- არ ვიცი, ალბათ ყველა საქმე დგას ძლიერ სურვილზე და ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სერიალის გადაღების დროს არსებობდა დიდი სურვილი, შექმნილიყო საინტერესო ამბავი. ამიტომ არ მგონია, ამას თავის ინერცია არ ჰქონდეს, თუმცა ვნახოთ. მაყურებელი მაინც თავისას გადაწყვეტს.