ავტორი:

"სხვა არჩევანი არ მქონდა და ავირჩიე ის, რაც ხელმისაწვდომი იყო. ბევრი რამ ვნახე და ბევრი დასკვნა გავაკეთე..." - ნინო ქათამაძე ომზე და წარსულში რუსეთში გამართულ კონცერტებზე

"სხვა არჩევანი არ მქონდა და ავირჩიე ის, რაც ხელმისაწვდომი იყო. ბევრი რამ ვნახე და ბევრი დასკვნა გავაკეთე..." - ნინო ქათამაძე ომზე და წარსულში რუსეთში გამართულ კონცერტებზე

უკრაინული მედია მომღერალ ნინო ქათამაძის ვრცელი ინტერვიუდან ერთ-ერთ მონაკვეთს აქვეყნებს, რომელიც ქათამაძის კარიერის იმ ეტაპს ეხება, როცა ის რუსეთში მოღვაწეობდა. მას მუსიკალური კარიერის განმავლობაში არაერთი კონცერტი გაუმართავს რუსეთში.

როგორც მომღერალმა თქვა, 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველო არ იყო ისეთი განვითარებული სახელმწიფო, როგორიც ახლაა, ამიტომ რუსეთშიც უხდებოდა კონცერტების გამართვა. ნინო ქათამაძე ამბობს, რომ რუსეთში მისი აქტიურობა სასურველზე მეტად იძულებითი იყო.

ქათამაძემ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლაზეც ფიქრობდა. მან სცადა ამერიკისა და ბრიტანეთის ვიზის აღება, მაგრამ უარი მიიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იწყებდა დამოუკიდებელ ქვეყნად ცხოვრებას, მაგრამ ევროპული და ამერიკული კარი არ იყო ღია. ამიტომ ვცადე შევსულიყავი ამერიკისა და ბრიტანეთში საელჩოებში, რა თქმა უნდა, არავინ შემიშვა. ეს მტკივნეული თემაა და ჩვენი რეალობა“, - ამბობს ქათამაძე.

  • ცნობილი მომღერლის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან ბევრი რამ გააცნობიერა. მისი თქმით, მომავალში არ აპირებს რუსეთში გასტროლებზე წასვლას.

"რუსეთში ჩემი საქმიანობა იმაზე მეტყველებს, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა და ავირჩიე ის, რაც ხელმისაწვდომი იყო. ბევრი რამ ვნახე და ბევრი დასკვნა გავაკეთე, ვფიქრობ, რუსეთში აღარ წავალ", - ამბობს ნინო ქათამაძე.

ცნობისთვის, ნინო ქათამაძეს ომის დაწყების დღიდან მკაფიო პოზიცია აქვს, მუდმივად აკრიტიკებს რუსეთს. გარდა ამისა, მომღერალი საქართველოში მოხალისედ მუშაობდა დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად. 2022 წლის ზაფხულში ნინომ კიევში სამხედროების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე იმღერა.

წყარო