ავტორი:

"მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ" - "ნიუიორკული ტრილოგიის" მთარგმნელი ქეთი ქანთარია

"მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ" - "ნიუიორკული ტრილოგიის" მთარგმნელი ქეთი ქანთარია

ამერიკელი მწერლის პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში მკითხველი ხელახლა ეცნობა.

ის „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ და მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, წიგნის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდიდან.

პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი" აერთიანებს და ის მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. თითოეული, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანია, თუმცა ამბიდან ამბავში ნაცნობი სიუჟეტები, ადგილები, ლიტერატურული სახეები და მისტიკა დაგვყვება, რაც ნაწარმოებს ერთგვარი იდუმალებით მოსავს და მკითხველს უფრო და უფრო მეტ კითხვას უჩენს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის. ნიუიორკიც ერთიანი პირობითი სამყაროს ცენტრი შეშლილობამდე მისული, არარეალური, მეტაფიზიკური ქალაქია... აქ არსებული სივრცითი და დროითი საზღვარი კი დარღვეული. ამ ამბავში ასეც ხდება: პერსონაჟი იტყვის, მეგონა, თვითონ მითვალ– თვალებდა, მაგრამ, სინამდვილეში, კვალში მე ჩავუდექიო.

წიგნი ინგლისური ენიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ, რომელიც გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ასევე, მოსაზრებებს „ნიუიორკული ტრილოგიისა“ და პოლ ოსტერის შესახებ:

მსმენია, რომ თარგმნილ წიგნს ეტყობა ხოლმე მთარგმნელის განწყობა და გავლენა. თვენი შეფასებით, რამდენად არის ასე და რამდენად იგრძნობს ამას მკითხველი პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგიის“ შემთხვევაში?

მთარგმნელის დამოკიდებულება ეტყობა. განწყობა - როგორ გითხრათ, განწყობა მთარგმნელმა უნდა მოიმზადოს და ისეთ დროს დაიწყოს თარგმნა, როდესაც ყველა პარამეტრით მზადაა კონკრეტული წიგნის სათარგმნად. ჩემი აზრით, კარგია, როდესაც მთარგმნელი არჩევს წიგნს, რომლის თარგმნაზეც ოცნებობს. ოსტერის ყველაფერი, რაც ვთარგმნე, ასე ითარგმნა.

,,ტრილოგიას” ვთარგმნიდი 2006-07 წლებში, მაშინ ჯერ ვიწყებდი და ეს შეგრძნება, რომ ვიღაცის, საყვარელი მწერლის ნამუშევარს ეხები, ,,შენს ხელში გადის” ძალიან ცოცხალი იყო. ბედნიერი ვიყავი. ,,ნიუიორკული ტრილოგიის” თარგმნის პროცესზე მართლაც შემიძლია ეს ვთქვა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლ ოსტერის ნიუიორკული ტრილოგიის თარგმნა და რა ელოდება მკითხველს წიგნისგან?

ეს წიგნი პირველად 17-18 წლის წინ ითარგმნა, წესით, უფრო ადრეც უნდა თარგმნილიყო, მაგრამ ქართული საგამომცემლო სივრცე ამ წლებში მყარდებოდა.

ალბათ, მკითხველი ცხოვრების ცოტა მეტაფიზიკური განცდას უნდა ელოდოს. ის, ვინც უკვე წაიკითხა და ხელახლა მიუბრუნდება ამ წიგნს, ჩემი წარმოდგენით, ამ განცდას დაეძებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პოლ ოსტერის შემოქმედებას, მის „ნიუიროკულ ტრილოგიას“?

კარგ მწერლებს რა დალევს, თქვენც კარგად იცით - მეც ბევრი კარგი მწერალი მითარგმნია, მაგრამ ოსტერს ჰქონდა თხრობის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება, დაახლოებით ისეთი, როგორც პირველყოფილი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ცეცხლს შემოუსხდებოდნენ და ერთმანეთს ამბებით მოყოლით იყოლიებდნენ, აშინებდნენ ან აკვირვებდნენ. რიტმით, მდინარებით, სისადავით - სულ მგონია, რომ ოსტერმა თხრობაზე ცოტა მეტი იცოდა, ვიდრე მწერლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იმის მიუხედავად, რომ ამ ხაზითაც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის სრულუფლებიანი მემკვიდრე იყო.

R